წინა თაობებთან შედარებით, მილენიალების ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია — ექსპერტების შეფასება
შესაძლოა, მილენიალებმა (1980-96 წლებში დაბადებული ადამიანები) მრავალი ინდუსტრიის დაღუპვა გამოიწვიონ, მაგრამ მათი მდგომარეობაც არაა სახარბიელო.
ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგების გუნდმა შემაშფოთებელი ტენდენცია გამოავლინა: Gen X (1965-80 წლებში დაბადებულები) და მილენიელაბი ძალიან ცუდად ბერდებიან. გუნდის კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ American Journal of Epidemiology-ში გამოქვეყნდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ბიჰევიორული ნიმუშების გამოვლენა ჯერ კიდევ ბუმერებში (1946-64 წლებში დაბადებულები) დაიწყო და დღემდე გრძელდება Gen X-ში, უფრო მკვეთრად კი მილენიალებში.
"ჯანმრთელობის პროფილის გაუარესება, რომელიც Gen X-სა და მილენიალებში გვხვდება, შემაშფოთებელია", — ამბობს თავის პრეს რელიზში მთავარი მკვლევარი და ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი, უეი ჯანგი.
"თუ ამ ტენდენციის შენელების გზას ვერ ვიპოვით, მაშინ მომავალში, ამ თაობების დაბერებასთან ერთად, მოსახლეობაში სიკვდილიანობისა და დაავადებების მაჩვენებელი პოტენციურად გაიზრდება".
ჯანგმა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა, პაოლა ეშავემ მონაცემები ორი გიგანტური კვლევის შედეგებიდან მოიპოვეს, რომლებშიც დაახლოებით 700 000 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვა აშშ-ის ჯანმრთელობის სტატისტიკის ეროვნულმა ცენტრმა იმის გასარკვევად ჩაატარა, თუ როგორ იცვლება ადამიანების ჯანმრთელობა თაობიდან თაობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმრთელობის გაუარესებაზე მხოლოდ სიმსუქნის გაზრდილი მაჩვენებელი არ ახდენს გავლენას. თუმცა, კვლევა აღნიშნავს, რომ სიმსუქნე დიდ როლს თამაშობს გარკვეულ ფაქტორებში, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრისთვის გამოიყენება. სხვა ფაქტორებს წარმოადგენს დეპრესია, სედენტალური ცხოვრების სტილი და ნარკოტიკებისა და ალოჰოლის მოხმარების ზრდა, რომლებიც ასევე დიდ როლს თამაშობენ.
"ამ ტენდენციის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა ისაა, რომ უფროს თაობებში ადამიანების დიდი ნაწილი თავს ანებებს სიგარეტის მოწევას, ახალგაზრდებში კი მოწევის დაწყება უფრო ალბათურია", — ამბობს ჯენგი რელიზში. "თუმცა, ამჟამად დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით. ამ მოსაზრების მართებულობასა თუ სიმცდარეში დასარწმუნებლად, დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო".
კომენტარები