მეიჯორი ხომ გახსოვთ? აი, ის, თავშესაფრიდან აყვანილი პირველი ძაღლი რომ გახდა, რომელიც თეთრ სახლში ცხოვრობდა, მერე კი იცელქა და უაპელაციოდ მიაბრძანეს აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციიიდან.

ცოტა ხნის წინ იგი თეთრი სახლის მახლობლად მოსეირნე შენიშნეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მეიჯორი პრეზიდენტის რეზიდენციას მართლაც დაბრუნებია.

"დიახ, ორივე ძაღლი თეთრ სახლშია", — დაუდასტურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ინფორმაცია მედიას.

ბოდიში შეიძლება საქმეს ვერ შველოდეს, მაგრამ წვრთნა ნამდვილად შველის. ამიტომ, როგორც ცნობილი გახდა, 3 წლის მეიჯორს დელავერის მშობლიურ შტატში სპეციალური მოსამზადებელი კურსის გავლა მოუხდა, სანამ თეთრ სახლს დაუბრუნდებოდა.

ფოტო: Delaware Humane Association

მეიჯორს და ჯო ბაიდენის კიდევ ერთი ძაღლს — ჩემპს — ვაშინგტონი მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც, გავრცელებული ცნობით, ძაღლებს თეთრი სახლის დაცვასთან "ინციდენტი" მოუხდათ. დაცვის თანამშრომელი ირწმუნებოდა, რომ ჩემპმა მას უკბინა. თუმცა, გასულ კვირას ბაიდენმა აღნიშნა, რომ "ძაღლს არათუ არ უკბენია, კანიც კი არ გაუკაწრავს" არავისთვის.

"იცით, რა ხდება... ეს თვითონ თეთრ სახლს და მასში ცხოვრებას უკავშირდება — ყოველი კარის გაღებისას ოთახში შავ კოსტიუმში გამოწყობილი კაცი დგას", — ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, — "კუთხისკენ იხედები და იქ კიდევ ორი უცნობი ადამიანი დგას. შემდეგ, როცა ისინი ინძრევიან, მეიჯორი ჩემს დაცვას ცდილობს; თუმცა, თბილი ძაღლია".

ბაიდენმა ისიც დაადასტურა, რომ დელავერის შტატში ძაღლს მწვრთნელთან მოუხდა დროის გატარება. თუმცა, ეს, სავარაუდოდ, თეთრ სახლში მის "შეუფერებელ ქცევას" უფრო უკავშირდება; წყაროები იუწყებოდნენ, რომ მეიჯორი პრეზიდენტის რეზიდენციაში "დარბოდა, დახტოდა და თანამშრომლებს უყეფდა". ჯილ ბაიდენმა კი ისიც აღნიშნა, რომ მოუსვენარი მეიჯორი არც მის მითითებას ემორჩილებოდა და ავეჯზე ადიოდა.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის თქმით, ძაღლები "არ გაუძევებიათ". უბრალოდ, მისი და პირველი ლედის მოგზაურობის გამო, ჩემპს და მეიჯორს დელავერის სახლში დაბრუნება მოუხდათ.

"ხალხის 85 პროცენტს მეიჯორი უყვარს", — ამბობს ბაიდენი, — "ის კი, უბრალოდ, მათ ლოკავს და კუდს უქიცინებს. თუმცა, გასაგებია, რომ ზოგ ადამიანს თავიდან ეშინია ძაღლების".

მეიჯორ ბაიდენი.

ფოტო: Win McNamee / Getty Images

მეიჯორი ბაიდენების ოჯახმა 2018 წელს აიყვანა დელავერის ძაღლთა თავშესაფრიდან. იგი პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაშიც იყო ჩართული, ბაიდენის გამარჯვების შემდეგ კი თავშესაფრიდან აყვანილი პირველი ძაღლი გახდა, რომელსაც ბედმა თეთრ სახლში ცხოვრება არგუნა. მეიჯორს, პატრონის გაპრეზიდენტებამდე რამდენიმე დღით ადრე, მშობლიური თავშესაფრის ადმინისტრაციამ "ინაცუგურაციაც" კი მოუწყო.