კვირის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავი მსოფლიოდან
გასული კვირა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების განვითარების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და დაძაბულ კვირად შევა. არაერთი შეხვედრისა და საბოლოოდ, 10- საათიანი მოლაპარაკების მიუხედავად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ისევ ვერ შედგა.
საინტერესო პროცესები იყო საზღვრებს გარეთაც და იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ამბები არ გამოგრჩეს, On.ge-მ, უკვე ტრადიციულად, მათ ერთად მოუყარა თავი.
ფაშინიანმა სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნა
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ივნისში ჩატარდება.
ფაშინიანის თქმით, საშინაო პოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია — მან ეს წარმატებული სომხეთის ხელმძღვანელთან, გაგიკ ცარუკიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბაიდენი მიიჩნევს, რომ პუტინი მკვლელია
ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ჯო ბაიდენი, რომ პუტინი მკვლელია, ის პასუხობს — "დიახ".
"ის ფასს გადაიხდის", — ასე უპასუხა ბაიდენმა ABC News-ის ჟურნალისტის კითხვას, თუ რა შესაძლო შედეგი შეიძლება ჰქონოდა აშშ-ის არჩევნებში პუტინის შესაძლო ჩარევის საკითხს.
"მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საერთაშორისო ლიდერებთან ურთიერთობაში მეხმარება, ჩემი გამოცდილებაა... მე უბრალოდ ვიცნობ მას", — თქვა ბაიდენმა.
"ვინც იძახის იძახის, თავის თავზე იძახის" — პუტინი ბაიდენს პასუხობს
ამ ანდაზით უპასუხა ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც მას მკვლელი უწოდა. ჟურნალისტებთან საუბრისას, პუტინმა ასევე თქვა, რომ "ირონიის გარეშე" ბაიდენს ჯანმრთელობას უსურვებს.
"და იცით, ასეთ დროს მახსენდება, რომ ბავშვობაში როცა ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით, ვამბობდით: "ვინც იძახის იძახის, თავის თავზე იძახის". და ეს შემთხვევითი არაა, ეს არაა საბავშვო ანდაზა და ხუმრობა. ამაში საკმაოდ ღრმა ფსიქოლოგიური აზრია. სხვა ადამიანში ყოველთვის საკუთარ თვისებებს ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ ის ისეთივეა, როგორც ჩვენ", — განაცხადა პუტინმა.
რუსეთმა აშშ-დან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ კიდევ ერთი პასუხი იყო — ქვეყანაში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ვკითხულობთ, კონსულტაციები გაიმართება იმისთვის, რომ გაიგონ, "რა გააკეთონ და როგორ იმოძრაონ აშშ-სთან ურთიერთობის კონტექსტში".
პარიზში 4-კვირიანი ლოქდაუნი გამოცხადდა — პანდემიის მესამე ტალღა
კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზსა და საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში 4-კვირიანი ლოქდაუნი გამოაცხადა. საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა ხუთშაბათს თქვა, რომ ქვეყანაში ეპიდემიის მესამე ტალღა მიმდინარეობს. ლოქდაუნი პარასკევს, შუაღამიდან ამოქმედდა.
ლოქდაუნის პერიოდში სკოლები ღია იქნება და მოსახლეობას სახლიდან 10 კილომეტრის რადიუსში გარეთ გასვლისა და ვარჯიშის შესაძლებლობა ექნება. ეპიდემიის ცხელი წერტილებიდან სხვა რეგიონებში გადაადგილება საპატიო მიზეზის გარეშე იზღუდება.
თურქეთი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტამბოლის კონვენციას ტოვებს
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტამბოლის საერთაშორისო კონვენციას ტოვებს. ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ დოკუმენტს სტამბოლში 2011 წელს მოეწერა ხელი.
კონვენციიდან თურქეთის გაყვანის მიზეზი დაზუსტებული არაა, თუმცა მმართველი პარტიის ოფიციალური პირები გასვლაზე გასულ წელსაც საუბრობდნენ. ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებში მინისტრმა ზეჰრა ზუმრუტმა განაცხადა, რომ ქალების დაცვის გარანტია კანონში და კონსტიტუციაშია გაწერილი, ხოლო სასამართლო სისტემა საკმაოდ დინამიურია.
ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორის დასკვნით, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტიანია
ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორის დასკვნით, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტიანია. მისგან მიღებული სარგებელი კი უფრო მეტია, ვიდრე რისკი.
ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორმა ეს დასკვნა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ევროკავშირის 13-მა ქვეყანამ ვაქცინის გამოყენება თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული შიშების გამო შეაჩერა.
სამედიცინო რეგულატორმა დაასკვნა, რომ ვაქცინა არაა დაკავშირებული თრომბის რისკების მომატებასთან, თუმცა განაცხადეს, რომ მსგავსი კავშირების შესახებ მოკვლევა კვლავ გაგრძელდება.
ვაქცინირებულმა ქალმა კორონავირუსის მიმართ ანტისხეულებიანი ბავშვი გააჩინა
პედიატრების თქმით, სამხრეთ ფლორიდაში მცხოვრებმა ქალმა, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა ორსულობის დროს მიიღო, ცოტა ხნის წინ, ვირუსის მიმართ ანტისხეულებიანი ბავშვი გააჩინა. მკვლევრებმა ბავშვის ჭიპლარის სისხლი გამოიკვლიეს და მასში ანტისხეულები აღმოაჩინეს.
ექიმებმა დასკვნა წერილის სახით წარადგინეს, რაც ჯერ კიდევ გადახედვას საჭიროებს.
დოქტორ პოლ გილბერტმა და ჩად რუდნიკმა თქვეს, რომ დედამ, რომელიც ჯანდაცვის მუშაკია, Moderna-ს ვაქცინის პირველი დოზა იანვარში, ორსულობის 36-ე კვირაში მიიღო. უკვე სამი კვირის შემდეგ, მან იმშობიარა.
"ეს ნიშნავს, რომ დედის ვაქცინაციით, ბავშვის დაცვაც შეგვიძლია. ჩვენი ინფორმაციით, ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც დედის ვაქცინაციის შემდეგ ბავშვი ანტისხეულებით იბადება." — ამბობენ ექიმები.
თუმცა, კვლევები მომავალშიც საჭირო იქნება, რათა ზუსტად დადგინდეს, არის თუ არა ჩვილი ამ ანტისხეულებით ვირუსისგან ბოლომდე დაცული.
ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიადა საერთაშორისო ფანების გარეშე ჩატარდება
2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადა და პარაოლიმპიადა ამ ზაფხულს საერთაშორისო ფანების გარეშე ჩატარდება — მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.
იაპონიაში პასუხისმგებელმა პირებმა ოლიმპიურ კომიტეტებს განუცხადეს, რომ ქვეყანაში ფანების და ოლიმპიადაზე დამსწრებთა შესვლის გარანტია "ძალიან წარმოუდგენელია".
ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება, პარაოლიმპიური კი — 24 აგვისტოს.
ატლანტაში სპა სალონებზე თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა
ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში სამ სპა სალონზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სულ მცირე, ექვსი აზიელი ქალია. პოლიციამ თავდასხმაში ბრალდებული, 21 წლის კაცი უკვე დააკავა. სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც BBC წერს, ბოლო პერიოდში აზიური წარმომავლობის ამერიკელების მიმართ სიძულვილის ენა გახშირდა. რასაც ხელს უწყობს რიტორიკა, რომ COVID-19 აზიელებმა გაავრცელეს.
კომენტარები