სოციალური ექსპერიმენტის ფარგლებში, მოხალისეები გამოქვაბულში 40 დღეს გაატარებენ
ახალი ექსპერიმენტი, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია, საფრანგეთში ტარდება. ბევრი მას 1971 წლის სტენფორდის ციხის ექსპერიმენტს ადარებს, სადაც მოხალისეები ციხეში ჩაიკეტნენ. მაშინ მოხალისეები პატიმრების და ციხის დარაჯების როლს ასრულებდნენ.
ამჯერად, ციხის მაგივრად, გამოქვაბული იქნება. ექსპერიმენტს "ღრმა დრო" ეწოდა და მის ფარგლებში 15 მოხალისე, 40 დღის განმავლობაში ბნელ გამოქვაბულში იქნება. მათ შუქზე წვდომა არ ექნებათ და არც ის ეცოდინებათ თუ რა დროა.
მოხალისეებისგან შემდგარი გუნდი — რვა კაცი და შვიდი ქალი — გამოქვაბულში 14 მარტს შევიდა და მას შემდეგ ის დალუქულია. პროექტის მიზანია გაიგოს თუ რა ეფექტი აქვს გონებაზე გრძელვადიან იზოლაციას და დროის არ ცოდნას.
მოხალისეებს სინათლის წყარო, სმარტფონები, საათები და რაიმე სხვა მსგავსი ნივთი არ ექნებათ. უზრუნველყოფილი იქნება სინათლის მხოლოდ ერთი წყარო, "პედლებიანი დინამო", რომელიც ელექტროენერგიას პატარა ფარნისთვის ქმნის.
კვლევის შედეგები სოციალური იზოლაციის შესახებ, მზარდ სამეცნიერო მასალას დაემატება. ეს განსაკუთრებით აქტუალური თემა, მიმდინარე პანდემიის ფონზეც გახდა.
"დროის აღქმის დაკარგვა, ყევლაზე დიდი დეზორიენტაციის შეგრძნებაა. დღემდე არ ვიცით, ზუსტად როგორ ესმის და მართავს ჩვენი შემეცნებითი სისტემა ამ განუსაზღვრელ უწყვეტობას, გარემოს, სადაც დროის აღქმა შეუძლებელია. ექსპერიმენტით სწორედ ამ ფენომენის უკეთ გაგება გვსურს." — ნათქვამია განცხადებაში.
მნიშვნელოვანია, რომ მოხალისეები სპეციალურ სენსორებზე არიან დაკავშირებული და მათი მონიტორინგი მეცნიერებს გამოქვაბულის გარედან შეუძლიათ.
მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ სენსორებიდან მიღებული მონაცემების გაანალიზება, მომავალში ბევრ რამეში დაგვეხმარება. ეს ისეთი პროგრამებისთვის გამოგვადგება, რაც კოსმოსში, წყალქვეშა ნავებში და სხვა იზოლირებულ სივრცეებში ყოფნას საჭიროებს.
"ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ახალი სივრცეების ათვისება შეგვიძლია. მთვარე, მარსი, კოსმოსური მოგზაურობები, ეს ის გამოწვევებია, სადაც ადამიანებს დროის აღქმის განსხვავებული მეთოდები დასჭირდებათ. ამიტომ, ჩვენი კვლევა მნიშვნელოვანია." — ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მოხალისეებთან ერთად გამოქვაბულში თავად პროექტის ხელმძღვანელიც შევიდა. მოხალისეები გამოქვაბულში 2021 წლის, 22 აპრილამდე დარჩებიან. უკვე ამის შემდეგ, ისინი გარეთ გამოვლენ და საინტერესოა რას იტყვიან.
კომენტარები