შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს
ფოტო: Robert Lea
მეცნიერებმა მზის სისტემის მიღმა პირველი ეგზოპლანეტა 1990-იან წლებში აღმოაჩინეს. მას შემდეგ ჩვენთვის ცნობილი ასეთი ციური სხეულების რაოდენობამ 6000-ს გადააჭარბა. ამის მიუხედავად, მათი ბუნებრივი თანამგზავრები, ე.წ. ეგზომთვარეები, ობიექტივში ძნელად მოსახელთებელია, რის გამოც დადასტურებულად არცერთი ასეთი ობიექტი არ დაუფიქსირებიათ.
ახლა ასტრონომებმა ასეთ შესაძლო ეგზომთვარეს მიაკვლიეს სისტემაში, რომელსაც CD-35 2722 ეწოდება. ის იმდენად უცნაურია, რომ, არაა გამორიცხული, ბუნებრივი თანამგზავრისა და პლანეტის განმარტების გადახედვა გვაფიქრებინოს.
იგი ჩვენგან 73 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ვარსკვლავთანაა, რომელიც მზის ნახევარ მასას შეიცავს. მის გარშემო ყავისფერი ჯუჯა გადაადგილდება — ობიექტი, რომლის მსგავსებსაც შეუმდგარ ვარსკვლავებად მოიხსენიებენ, რადგან პლანეტასა და მნათობს შორის ერთგვარ გადამავალ ფაზაშია. ისინი აირის გიგანტ იუპიტერზე 13-80-ჯერ მასიურია.
საქმე ისაა, რომ სავარაუდო ეგზომთვარე სწორედ ყავისფერი ჯუჯის ირგვლივ მოძრაობს, არადა, წესით, ორბიტა სტანდარტული პლანეტის გარშემო უნდა ჰქონდეს. მეცნიერები ამბობენ, რომ ამის გამო ეს სისტემა ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში არსებულ პლანეტებსა და მათ ბუნებრივ თანამგზავრებს არ ჰგავს.
თავად ეს ობიექტი აირისგან შედგება და იმდენად მასიურია, რომ პლანეტაც შეიძლება იყოს, მაგრამ ვარსკვლავის გარშემო არ გადაადგილდება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მეცნიერები ზუსტად ვერ ამბობენ, რასთან აქვთ საქმე. თუ ის ეგზომთვარის კატეგორიაშია, მაშინ ბუნებრივი თანამგზავრების ახალი განმარტება დაგვჭირდება.
ფაქტობრივად, ამ სისტემაში ვარსკვლავს, პლანეტასა და თანამგზავრს შორის ზღვარი ძალიან ბუნდოვანია. შედარებისთვის, ჩვენთან ყველა ამგვარი ციური სხეული ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდება, რომ მათი გამიჯვნა პრობლემა არაა.
ამის მიუხედავად, ასტრონომები უფრო ეგზომთვარის კატეგორიისკენ იხრებიან. მათ იმედი აქვთ, რომ მეტს ექსტრემალურად დიდი ტელესკოპის (ELT) მეშვეობით გაიგებენ, რომელიც ჩილეში შენდება. ერთი რამ, რაც ნათელია, ისაა, რომ სისტემები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება და მრავალგვარი შეიძლება იყოს.
ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

კომენტარები