იაპონიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ჩაძირულ ვულკანურ კრატერში მეცნიერებმა ჰიდროთერმული წყაროები იპოვეს, რომლებშიც დიდი რაოდენობის ოქრო გვხვდება. გარდა იმისა, რომ ამ წყაროებიდან ოქროს პატარა ნატეხები ცვივა, ისინი "უხილავ ოქროსაც" წარმოქმნის, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.

ოქრო ზღვის ფსკერზე არსებულ სხვა ნივთიერებებთანაა შერეული. საინტერესოა, რომ ამ კონკრეტულ წყალქვეშა კრატერში ოქრო იმაზე დიდი კონცენტრაციითაა, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ადგილას (რაც აქამდე აღმოგვიჩენია).

ამ ყველაფრის დასადგენად იაპონელმა მკვლევრებმა ჰიდროთერმული ველებიდან მოპოვებული ქანების ნიმუშები გააანალიზეს. აღნიშნული ველები ტოკიოდან დაახლოებით 350 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

მეცნიერებმა მეორადი იონური მას-სპექტრომეტრიის (SIMS) მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ოქროს მცირე რაოდენობასაც კი გრძნობს. მკვლევრების მიერ ნაპოვნი ნანონაწილაკები პირიტშია "დამალული". ეს სულფიდური მინერალია, რომელიც ოკეანის ფსკერიდან ამონთხეული ცხელი, მეტალებით გამდიდრებული სითხეებისგანაც შეიძლება წარმოიშვას.

სხვათა შორის, პირიტი რკინისა და გოგირდის პრიალა ნაზავია. ასეთი ვიზუალის გამო, მას ხშირად "სულელების ოქროდ" მოიხსენიებენ. შეიძლება უცნაურია, მაგრამ ამ შემთხვევაში "სულელების ოქროში" ნამდვილი ოქრო აღმოჩნდა.

ოქრო პირიტში შეიძლება ნანონაწილაკების სახით გვხვდებოდეს ან ამ მინერალში ცალკეული ატომების სახით იყოს ჩაშენებული. ახალ საბადოში ოქრო ორივე ფორმით გვხვდება. გარდა ამისა, ეს ლოკაცია ძალიან მარტივადაა მისაწვდომი.

საინტერესოა, რომ დღესდღეობით ოკეანის ფსკერზე ოქროს არცერთ საბადოს კომერციული მიზნებით არ იყენებენ. მეცნიერები დღემდე ცდილობენ ამოხსნან, თუ როგორ შეიძლება ეს მაქსიმალურად იაფად და ეფექტიანად მოხერხდეს.

მსგავსი მცდელობა პაპუა-ახალი გვინეაში იყო, თუმცა კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა. თანაც, საბადოს გახსნას ბევრი პროტესტი მოჰყვა.

ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.