ახალი შემთხვევის ანალიზი უჩვეულო მოვლენას აღწერს: 65 წლის ქალი შვილის ქორწილზე დასწრების შემდეგ სიხარულისგან იმდენად ცუდად გახდა, რომ ექიმებს ეგონათ, გულის შეტევა ჰქონდა. ქალს სამი დღის განმავლობაში გულ-მკერდის არეში ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.

ქალს გულ-მკერდის არეში ტკივილი წინა თვეებშიც აღენიშნებოდა. როცა ქორწილის შემდეგ ექიმთან მივიდა, იგი სასწრაფოდ გადაუდებელ შემთხვევათა განყოფილებაში გაგზავნეს.

ანალიზების პასუხი დამაბნეველი აღმოჩნდა: გულს სისხლი ნაკლებად მიეწოდებოდა, რაც ძირითადად თრომბითაა ხოლმე გამოწვეული. მეორე მხრივ, თრომბი ვერ იპოვეს. ამის ნაცვლად, მარცხენა პარკუჭი გაბერილი იყო. ეს გულს ასუსტებს და სისხლის მიმოქცევას აფერხებს.

უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს დიდი სიხარულის ან სევდის "სიმპტომია", თუმცა მსგავსი ფენომენი იშვიათად თუ ხდება. ამას ტაკოცუბოს კარდიომიოპათია (TTS) ეწოდება და სიმპტომებით გულის შეტევას ჰგავს. TTS შექცევადია, თუმცა კეთილთვისებიანი არ არის და შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს.

ამ ფენომენის უარყოფით ვერსიას "გატეხილი გულის სინდრომს" უწოდებენ, დადებითს კი "ბედნიერი გულის სინდრომს". ამ ვერსიებიდან პირველი უფრო კარგადაა შესწავლილი. იგი უფრო გავრცელებულიცაა (უარყოფითი ემოციებით TTS-ის შემთხვევების დაახლოებით 96%-ია გამოწვეული).

ზოგიერთი კვლევის თანახმად, იმ პაციენტების დაახლოებით 1-3%-ს, რომლებსაც გულის შეტევების სიმპტომები აქვთ, მაგრამ მარცხენა პარკუჭში თრომბი არ ჩანს, შეიძლება TTS ჰქონდეს. ამ ფენომენის უკეთ შესწავლას მისი იშვიათობა ძალიან ართულებს.

TTS-ის მიღმა არსებული ზუსტი მექანიზმები კარგად არაა გაგებული, თუმცა მიიჩნევა, რომ საბოლოო შედეგს მეტწილად ის განსაზღვრავს, შემთხვევა დადებითი ემოციებითაა გამოწვეული თუ უარყოფითი. ბედნიერი გულის სინდრომი ხშირად შუა პარკუჭის ან ბაზალურ გაბერვასთანაა დაკავშირებული, გატეხილი გულის სინდრომს კი განსხვავებული ხელწერა აქვს.

რაც მთავარია, ბედნიერი გულის სინდრომი ნაკლებად მწვავე სიმპტომებით ხასიათდება და მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო დამაიმედებელი შედეგები აქვს. ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეც აქვს: რადგან სიმპტომები ნაკლებად მწვავეა, ხშირად სამედიცინო პერსონალი მათ უგულებელყოფს. არასათანადო რეაგირების შემთხვევაში შედეგი შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში 65 წლის ქალი სრულიად გამოჯანმრთელდა. კვლევა გამოცემაში Oxford Medical Case Reports გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.