9 არაჩვეულებრივი ფაქტი ზვიგენის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, არ იცოდით
ფოტო: Jayne Jenkins/ Ocean Image Bank
ზვიგენები დედამიწის უძველეს ხერხემლიან მტაცებლებს შორის არიან და ასობით მილიონი წლის ევოლუციის შედეგად, რამდენიმე გასაოცარი თვისება გამოიმუშავეს. აქ არის 9 არაჩვეულებრივი ფაქტი ზვიგენების შესახებ:
1. როდესაც დედამიწაზე თითქმის ყველაფერი განადგურდა, ზვიგენები გადარჩნენ
ზვიგენები (ან მათი უახლოესი წინაპრები) დედამიწის ხუთივე ძირითად მასობრივ გადაშენებას გადაურჩნენ, მათ შორის ყველაზე დიდსა და დამანგრეველს, პერმულ-ტრიასულ გადაშენებას, რომელსაც დიდ სიკვდილს უწოდებენ. კლიმატურმა კატაკლიზმამ დედამიწაზე სიცოცხლის უმეტესობა, მათ შორის საზღვაო სიცოცხლის დაახლოებით 90% გაანადგურა. მაგრამ ზვიგენებმა არსებობა განაგრძეს. დღეს ისინი ოკეანის თითქმის ყველა ნაწილში გვხვდებიან.
2. ზვიგენებს მათემატიკა ეხერხებათ
მიუხედავად იმისა, რომ ზვიგენებს ხშირად მხოლოდ ინსტინქტითა და გაუმაძღრობით მართულ უგუნურ მტაცებლებად მიიჩნევენ, მეცნიერული კვლევები მიუთითებს, რომ ისინი სინამდვილეში საკმაოდ ჭკვიანები არიან და სწავლაც კარგად შეუძლიათ. მათ ოდნავ განსხვავებული ბგერების, ასევე სხვადასხვა აბსტრაქტული შაბლონისა და ფერადი გეომეტრიული ფიგურების ერთმანეთისგან გარჩევა ძალუძთ.
ერთ-ერთ ცნობილ ექსპერიმენტში გამოჩნდა, რომ ახალგაზრდა ნაცრისფერ ბამბუკის ზვიგენებს ფიგურებისა და ოპტიკური ილუზიების შესახებ ინფორმაციის დამახსოვრება თითქმის ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ. მათ მარტივი მათემატიკაც ეხერხებათ და ისეთი რაოდენობების ერთმანეთისგან გარჩევაც შეუძლიათ, როგორიცაა სამი და ხუთი, ან ოთხი და შვიდი (თუმცა არა ისეთი ახლო რაოდენობები, როგორიცაა ოთხი და ხუთი).
ზვიგენებს მათემატიკა ეხერხებათ და ჯაზი მოსწონთ
ფოტო: Hannes Klostermann/ Ocean Image Bank
3. ზვიგენებს ჯაზი მოსწონთ
რაც შეეხება პორტ-ჯექსონის ზვიგენებს, მათთვის მუსიკას მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ მას ჯაზური რიტმი ახლავს. ავსტრალიის წყლებში გავრცელებულ, ფსკერზე მობინადრე ამ სახეობის წარმომადგენლებს ასეთი დავალება მისცეს: მუსიკის ჩართვისას აკვარიუმის კონკრეტულ წერტილში უნდა მიეცურათ, რის შემდეგაც ჯილდოდ საკვებს მიიღებდნენ.
სიდნეის მაკუორის უნივერსიტეტის (Macquarie University) მკვლევრების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზვიგენები კვების ადგილისკენ ჯაზის დაკვრისას მიცურავდნენ, თუმცა კლასიკური მუსიკის შემთხვევაში, მსგავსი კავშირის დამყარება ვერ შეძლეს.
"ნათელი იყო, რომ ზვიგენებმა იცოდნენ, რომ კლასიკური მუსიკის ჩართვისას რაღაც უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ, რომ სხვა ადგილას უნდა მიეცურათ", — აღნიშნა მკვლევარმა კულუმ ბრაუნმა პრესრელიზში. (როგორც ჩანს, ზვიგენებს ჯაზი ურჩევნიათ).
4. ზვიგენებს ჭიპი აქვთ
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ზვიგენი კვერცხს დებს, ბევრი მათგანი, მათ შორის ხარისებრი და ჩაქუჩა ზვიგენები, ნაშიერს საშვილოსნოში ატარებს და, ადამიანების მსგავსად, ჭიპლარის მეშვეობით კვებავს. სწორედ ამიტომ, დაბადებიდან რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, სანამ ჭიპლარის ნაწიბური შეხორცდება, ამ ნაშიერებს ჭიპი აქვთ.
ზოგიერთი სხვა ზვიგენი არც კვერცხს დებს და არც ძუძუმწოვრების მსგავსად ზრდის ნაშიერს საშვილოსნოში: ემბრიონები კვერცხებში ვითარდებიან, რომლებიც დედის ორგანიზმშივე იჩეკება. ასეთი ნაშიერებიც ცოცხლად იბადებიან. მაგალითად, ეკლიანი ზვიგენები (Spiny dogfish) ნაშიერებს სწორედ ასე შობენ, რასაც წინ უძღვის ორსულობა, რომელიც, შესაძლოა, ორ წლამდე გაგრძელდეს.
5. ზვიგენის ნაშიერები საშვილოსნოში ერთმანეთს ჭამენ
ქვიშის ვეფხვისებრი ზვიგენის ნაშიერები გადარჩენისთვის ბრძოლაში ჯერ კიდევ დედის სხეულში ყოფნისას ერთვებიან.
მდედრ ქვიშის ვეფხვისებრ ზვიგენებს ორი საშვილოსნო აქვთ და თითოეულში ხუთამდე ნაშიერი ვითარდება. თუმცა, ემბრიონები თავიანთ და-ძმებს ჭამენ, სანამ მხოლოდ ერთი არ დარჩება. ეს პროცესი ცნობილია როგორც საშვილოსნოსშიდა კანიბალიზმი (intrauterine cannibalism) ან ადელფოფაგია (adelphophagy), რაც "ძმის შეჭმას" ნიშნავს.
და-ძმებით დანაყრების შემდეგ, ქვიშის ვეფხვისებრი ზვიგენის ნაშიერებს ექსკლუზიური წვდომა აქვთ გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედების მუდმივ მარაგზე, რომელსაც მათი დედები კვლავ გამოიმუშავებენ. ეს მათ დაბადების მომენტისთვის ჯანსაღსა და ძლიერს ხდის.
ჩვეულებრივ, მარტოსული ცხოველები ჰგონიათ, თუმცა დიდ თეთრ ზვიგენებს, შესაძლოა, საუკეთესო მეგობრებიც კი ჰყავდეთ
ფოტო: Jayne Jenkins/ Ocean Image Bank
6. ზვიგენებს საუკეთესო მეგობრები ჰყავთ
ზვიგენები არ არიან ისეთი მარტოსული მონადირეები, როგორებადაც ხშირად წარმოაჩენენ ხოლმე. ნაცრისფერ რიფის ზვიგენებს ოთხ წლამდეც კი უყვართ მეგობრების ერთსა და იმავე ჯგუფთან დროის გატარება, შემდეგ უფრო მცირე ჯგუფებად იშლებიან, საკუთარ გზას მიუყვებიან და სეზონების განმავლობაში კვლავ ერთიანდებიან.
ახალგაზრდა ლიმონისებრ ზვიგენებსაც მოსწონთ ჯგუფურად ცხოვრება და, რაც მთავარია, ამ სოციალური ინტერაქციის დროს ერთმანეთისგან ახალ უნარებს სწავლობენ, მაგალითად, როგორ იპოვონ საკვები ან აარიდონ თავი მტაცებლებს. მათ ურჩევნიათ დრო თავიანთი ზომის ან ისეთ ლიმონისებრ ზვიგენებთან გაატარონ, რომლებსაც მანამდეც შეხვედრიან.
დიდ თეთრ ზვიგენებს, შესაძლოა, საუკეთესო მეგობრებიც კი ჰყავდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მარტოსულებად მიიჩნევიან, დააფიქსირეს ორი დიდი თეთრი ზვიგენი, სახელად საიმონი და ჯეკილი, რომლებმაც ერთად 6000 კმ გაიარეს ისე, რომ ერთმანეთს არ დაშორებიან.
7. ზვიგენების სხეული პატარა კბილებით არის დაფარული
ზვიგენის ტყავი საოცარი მასალაა. მე-18 საუკუნის იტალიაში, ხელოსნები მას სტრადივარიუსის შეუფასებელი ვიოლინოების დელიკატური კიდეების გასაპრიალებლად იყენებდნენ. ვიქტორიანულ ბრიტანეთში კი, ის ავეჯის ოსტატებისთვის საყვარელ აქსესუარად იქცა (რომელსაც "შაგრენს" უწოდებდნენ).
ზვიგენების აეროდინამიკული კანი სისწრაფისთვისაა შექმნილი
ფოტო: Hannes Klostermann/ Ocean Image Bank
ქერცლების ნაცვლად, ზვიგენის ტყავი მოფენილია უამრავი პატარა "კბილით", ე.წ. დენტიკულებით (denticles), რომლებიც წყალში წინ მოძრაობისას ბრტყელდება, რაც აეროდინამიკურ წინაღობას ამცირებს. მათზე საპირისპირო მიმართულებით ხელის გადასმა განსაკუთრებით უხეშ ზუმფარის ქაღალდზე ხელის გასმას ჰგავს.
ზვიგენები ზოგჯერ უცხო ობიექტებს ეჯახებიან და თავიანთი ტყავის უხეში ზედაპირით მათ ტექსტურასა და კონსისტენციას შეიგრძნობენ. ამით ერთგვარად, ზარმაცულად, "გემოს უსინჯავენ" იმ ობიექტებს, რომლებიც, შესაძლოა, საკვები არ აღმოჩნდეს.
8. ზვიგენებს თქვენი გულისცემის შეგრძნება შეუძლიათ
ზვიგენებს რვა გრძნობა აქვთ. ჩვენი ხუთი ძირითადი გრძნობის, მხედველობის, სმენის, ყნოსვისა და შეხების გარდა, მათ აგრეთვე აქვთ სუპერგრძნობები, რომლებიც წყალში წნევის ან ძაბვის ცვლილების და დედამიწის მაგნიტური ველის აღქმის საშუალებასაც კი აძლევთ.
ზვიგენის სხეულის ორივე მხარეს გასდევს ე.წ. გვერდითი ხაზები, ფორების რიგები, რომლებიც სითხითა და სენსორული უჯრედებითაა სავსე. ზვიგენის გარშემო წყალში მოძრაობა სითხეში ამ თმისმაგვარი უჯრედების რხევას იწვევს, რაც ზვიგენს ვიბრაციების აღქმის საშუალებას აძლევს.
ფოსოსებრი ორგანოები მსგავს სენსორულ თმისმაგვარ უჯრედებს შეიცავს და მთელ სხეულზეა მიმოფანტული. ამ ორგანოების როლი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ მკვლევრები ფიქრობენ, რომ ისინი, შესაძლოა, მექანორეცეპტორებს წარმოადგენდეს, რომელიც წყალში მოძრაობასა თუ წნევის ცვლილებებს აღიქვამს.
ამავდროულად, სენსორების კიდევ ერთი ჯგუფი, ლორენცინის ამპულები, შესაძლოა, ერთდროულად ელექტრორეცეპტორული და მაგნიტორეცეპტორული იყოს. ზვიგენის თავი დაფარულია ასობით ან ათასობით ასეთი ფორით, რომელთაგან თითოეული მგრძნობიარე ნერვული უჯრედებითაა სავსე. ისინი ზვიგენს საშუალებას აძლევს, ახლომდებარე ცხოველების კუნთების შეკუმშვით წარმოქმნილი ელექტრული იმპულსები აღიქვას, მაგალითად, გულისცემა, და სრულ სიბნელეში ინადიროს ან ქვიშაში დამალული მსხვერპლი იპოვოს. ლორენცინის ამპულები ზვიგენებს აგრეთვე, შესაძლოა, ოკეანის ათასობით კილომეტრის გადალახვაში ეხმარებოდეს, როცა ნავიგაციისთვის დედამიწის მაგნიტურ ველს იყენებენ.
ჩაქუჩა ზვიგენები ცოცხალ მეტალოდეტექტორებს ჰგვანან. მათი ბრტყელი თავის ელექტრორეცეპტორები ქვიშაში დამალული მსხვერპლის შეგრძნების საშუალებას აძლევს
ფოტო: Larsvon Ritter Zahony/ Ocean Image Bank
9. ზვიგენები უფრო ძველები არიან, ვიდრე ხეები, სატურნის რგოლები და პოლარული ვარსკვლავი
ზვიგენები წარმოუდგენლად უძველესი არსებები არიან. დღევანდელი ზვიგენების წინაპრების უძველესი ნამარხი მტკიცებულება ქერცლების ერთობლიობაა, რომელთა ასაკი 450 მილიონ წელს აღწევს. ეს პირველ ხეებზე დაახლოებით 60 მილიონი წლით ადრეა, დინოზავრებზე 220 მილიონი წლით ადრე, სატურნის რგოლებზე 350 მილიონი წლით ადრე და პოლარული ვარსკვლავის დაბადებაზე 380 მილიონი წლით ადრე.
ზვიგენის მსგავსი პირველი კბილები 410 მილიონი წლის წინ გაჩნდა, ხოლო პირველი ჯგუფი, რომელიც ნამდვილად ჰგავდა ზვიგენებს, ევოლუციის შედეგად დაახლოებით 380 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა. ამ უძველესი თევზებიდან ბევრი, შესაძლოა, ტექნიკურად ზვიგენი არც ყოფილიყო, თუმცა მათ ენათესავებოდნენ. მოგვიანებით, 195 მილიონი წლის წინ, გაჩნდა თანამედროვე ზვიგენების უძველესი ცნობილი ჯგუფი, მოქნილი, გამოწეული ყბებითა და სწრაფად ცურვის უნარით.
დღესდღეობით ზვიგენის დაახლოებით 500 სახეობა არსებობს. ეს რიცხვი ბევრად ჩამოუვარდება დაახლოებით 50 მილიონი წლის წინანდელ პიკურ მაჩვენებელს, თუმცა ახალი სახეობების აღმოჩენა მუდმივად მიმდინარეობს.
რაც შეეხება ჩვენს კავშირს ოკეანის ამ ელიტურ მტაცებლებთან, ადამიანისა და ზვიგენის უახლოესი საერთო წინაპარი დაახლოებით 440 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, თუმცა ის უფრო მეტად ზვიგენს ჰგავდა, ვიდრე ადამიანს. ჩვენი განვითარების ხაზები, შესაძლოა, მთელი ამ ათასწლეულების წინ გაიყო, მაგრამ ჩვენი არსებობა ამ დედამიწაზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული.
კომენტარები