მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა
ფოტო: Getty
აღმოჩნდა, რომ ორი გეომეტრიულად იდენტური, თუმცა სხვადასხვა მიმართულების მქონე ფიგურების (მაგალითად, ისრების) ცნობა მხოლოდ ადამიანებს არ შეგვიძლია.
კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევრებმა სწორედ ეს საკითხი შეისწავლეს, ოღონდ სხვა პრიმატების შემთხვევაში. მათი მიგნებები სხვადასხვა ექსპერიმენტს ეფუძნება, რომლებშიც 8 ზრდასრული მაიმუნი (4 რეზუსი და 4 ანუბისი), 55 ამერიკელი ბავშვი (3-6 წლის ასაკის) და 77 ციმანეს ტომის წარმომადგენელი ზრდასრული მონაწილეობდა. ცნობისთვის, ეს ბოლივიაში მცხოვრები იზოლირებული ტომია. ამ ცდისპირებს ფორმალური განათლება მხოლოდ მინიმალურ დონეზე თუ ჰქონდათ მიღებული.
გარდა ამისა, მკვლევრებმა ადრე ჩატარებული კვლევაც გამოიყენეს, რომელშიც პავიანები, ფრანგი ბავშვები (მაქს. პირველკლასელები) და ზრდასრულები (ფრანგი და აფრიკის ჰიმბას ტომის წარმომადგენლები) მონაწილეობდნენ.
შეიძლება მაიმუნებს გეომეტრიული ფორმების იმგვარი სიმბოლური გაგება არ აქვთ, როგორიც ჩვენ, თუმცა მათ შემობრუნებული სამკუთხედების, ოთხკუთხედებისა და ტრაპეციების ცნობა დაახლოებით ისევე შეუძლიათ, როგორც ადამიანის გაუვარჯიშებელ გონებას.
ნებისმიერი ასაკისა და სახეობის ცდისპირებს ფიგურების შესაბამისობის ამოცნობის დავალება მისცეს. ამისთვის ისინი სენსორულ ეკრანს უნდა შეხებოდნენ. მიზანი ფიგურათა იმ წყვილის პოვნა იყო, რომლებსაც ერთი და იგივე გეომეტრია ჰქონდათ (მაგ. ორი მართკუთხა სამკუთხედი), თუმცა სხვადასხვა კუთხით იყვნენ შეტრიალებულნი ან განსხვავებული ზომა ჰქონდათ.
ცდისპირებმა დავალების შესასრულებლად მინიმალური ინსტრუქცია მიიღეს. ამოცანის არსიც მეტწილად თავად უნდა გაეგოთ. სწორ პასუხს შესაბამისი ხმა მოჰყვებოდა, პრიმატები და ბავშვები კი პატარა ჯილდოსაც იღებდნენ (მაიმუნები მარცვლეულის გრანულებს, ბავშვები კი სტიკერებს).
მკვლევრების თქმით, ყველაზე უჩვეულო ის იყო, რომ ბავშვებს (რომლებსაც მათემატიკის სწავლა დაწყებული არ ჰქონდათ) დავალების შესრულება ისევე გაუჭირდათ, როგორც მაიმუნებს. ზრდასრულებს ეს ყველაფერი გაცილებით გაუმარტივდათ.
მონაცემების ანალიზით ისიც დადგინდა, რომ ბავშვები და მაიმუნები ამოცანას ძირითადად ინტუიციურად უდგებოდნენ, ზრდასრულები კი უფრო სიმბოლურად. სავარაუდოდ, ისინი გაუცნობიერებლად იმ გეომეტრიულ წესებით მსჯელობდნენ, რომლებიც ფიგურებს შორის მსგავსებას განსაზღვრავს. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ სიმბოლური გამოსახვის გამოყენება ნასწავლია (სავარაუდოდ, ფორმალური განათლებით). ის შეიძლება ადამიანური ინტელექტის თანდაყოლილი თვისება სულაც არ იყოს.
ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები