რა მოხდება, თუ დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატს შევქმნით და სხეულის ბიოლოგიური ასაკის მატების თანმდევ პრობლემებს მოვაგვარებთ? მაინც რამდენი ხნით შეგვიძლია, რომ სიცოცხლე გავიხანგრძლივოთ?

ამ კითხვებზე პასუხს ახალი კვლევა გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც, უკვდავების მიღწევა შეუძლებელია. ეს იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში ჩვენს ორგანიზმში დნმ-ის შემთხვევითი მუტაციები მაინც დაგროვდება და, საბოლოოდ, მას ფუნქციონირების გაგრძელების საშუალებას აღარ მისცემს. სიმულაციებმა აჩვენა, რომ ყველაზე ოპტიმისტური სცენარის თანახმად, ადამიანი დაახლოებით 150-190 წელზე მეტხანს ვერ იცოცხლებს, თუმცა ეს ამჟამინდელ საშუალო მაჩვენებელს (79 წელი) თითქმის ორჯერ აღემატება.

ახალი კვლევა იმითაცაა საინტერესო, რომ ცხადყოფს, რა პროცესები ასრულებს მთავარ როლს დაბერებაში, ანუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მის შესანელებლად. სიბერეში სიმსივნეების, გულის დაავადებებისა და დემენციის რისკი იმატებს, რაც სიკვდილის ალბათობასაც ზრდის. ამის მიუხედავად, მხოლოდ დაავადებები არაა გასათვალისწინებელი, რადგან მეორე პრობლემაც არსებობს — დნმ-ის მუტაცია.

უჯრედების გაყოფისას ზოგჯერ მსგავსი მუტაციები იჩენს თავს. სხეული მათ უმკლავდება, მაგრამ არა სრულყოფილად. შედეგად, წლების განმავლობაში ისინი გროვდება, რაც უჯრედების ფუნქციონირებაზე აისახება. მეცნიერებს სწორედ იმის გარკვევა სურდათ, შეზღუდავს თუ არა ეს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას, თუკი როგორღაც დაბერებასთან ასოცირებულ სხვა პრობლემებს მოვაგვარებთ?

მეცნიერებმა მათემატიკური მოდელი შექმნეს, რომელიც აჩვენებს, როგორ აისახება დნმ-ის მუტაციების ტემპი მთავარ ორგანოებზე. ამაზე დაყრდნობით ასაკობრივი დაავადებებისგან თავისუფალი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა გამოთვალეს. შედეგად, სხვადასხვა სცენარში საშუალოდ 146-194 წელი მიიღეს. თეორიულად, გამონაკლის შემთხვევებში ზოგმა ადამიანმა შეიძლება ამაზე მეტხანსაც იცოცხლოს, მაგრამ მარადიულად — ვერ.

ზოგი ქსოვილი, როგორიც კანსა და ღვიძლშია, ძველ უჯრედებს მუდმივად ახლით ანაცვლებს, ამიტომ შედარებით დიდხანს შეიძლება შენარჩუნდეს. სხვა მნიშვნელოვანი ორგანოები, განსაკუთრებით გული და ტვინი, ნაკლებად გამძლეა, ამიტომ მათში მუტაციები უფრო მეტად გროვდება და სიცოცხლის ხანგრძლივობას ზღუდავს.

უნდა აღინიშნოს, რომ დაბერებაში სომატური მუტაციის მნიშვნელოვან როლს აქამდეც განიხილავდნენ. ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ამას მართლაც დიდი გავლენა აქვს. ასევე, ეს მიანიშნებს, რომ ამჟამად ჩვენზე სხვა ფაქტორებიც ზემოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დაახლოებით 146 წელი გვეცოცხლა.

ასეა თუ ისე, დაბერება რთული პროცესია და მრავალ ბიოლოგიურ მექანიზმს მოიცავს. ავტორები ამბობენ, რომ მათი კვლევაც ფართო სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია, ამიტომ ამ საკითხის უფრო ღრმად შესწავლა სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა გაერთიანებას მოითხოვს.

ნაშრომი გამოცემაში npj Aging გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.