ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან
ფოტო: Jake Brooker
ჩვენი უახლოესი ნათესავი მაიმუნების ქცევის შემსწავლელი მეცნიერების განცხადებით, სტრესული მოვლენების წინ ერთმანეთთან შეხება, ჩახუტება და კოცნა, შესაძლოა, ნდობის ჩამოყალიბების უძველესი გზა იყოს.
დარემის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს შიმპანზეები და ბონობოები, რომლებიც საკვების გამო წარმოქმნილ კონფლიქტებამდე ერთმანეთის დასამშვიდებლად ფიზიკურ კონტაქტს იყენებენ.
ერთ-ერთი ყველაზე გასაკვირი აღმოჩენა ის იყო, რომ შიმპანზეები, მიუხედავად მათი აგრესიული რეპუტაციისა, მჭიდრო კონტაქტს ამყარებდნენ ერთმანეთთან, რაც ერთმანეთისთვის პირში თითების ჩადებასაც კი მოიცავდა.
"სტრესული მოვლენების წინ ისინი ერთიანდებიან, ერთმანეთს ამშვიდებენ, ეხებიან და ეხუტებიან", — აღნიშნა პროფესორმა ზანა ქლეიმ.
მან ამ ქცევას სტრესული მოვლენის წინ ერთგვარი "ერთიანობისკენ მოწოდება" უწოდა, რაც ძალიან ჰგავს მნიშვნელოვანი მატჩის წინ ფეხბურთელების წრეში შეჯგუფებას.
"ეს პრობლემის კოლექტიურად გადაჭრისკენ გადადგმული ნაბიჯია. ასეთ დროს 'მეს' 'ჩვენ' თრგუნავს", — თქვა მან.
ჩახუტების გამოყენება
ფოტო: Zanna Clay
ექსპერტებმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ზამბიაში თავშესაფარში მცხოვრები შიმპანზეები და ბონობოები შეისწავლეს. მაიმუნებს არაქისის მიწოდებამდე ხუთი წუთის განმავლობაში აკვირდებოდნენ, როდესაც მათ უკვე იცოდნენ, რომ საკვებს მიიღებდნენ.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ის ინდივიდები, რომლებიც ერთმანეთს ეხებოდნენ და ეხუტებოდნენ, უფრო დიდი ალბათობით მოიპოვებდნენ საკვებს და ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ჭამდნენ.
ასევე: რატომ ვკოცნით ერთმანეთს — როგორია კოცნის ევოლუცია
უფრო ტოლერანტულ ჯგუფებში დამამშვიდებელი შეხების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, მათ შორის ისეთი ქცევებიც, რომლებსაც მკვლევრებმა "დამამშვიდებელი მატარებლები" უწოდეს, სადაც რამდენიმე მაიმუნი ერთმანეთს ჯაჭვურად ეხუტებოდა.
"ბონობოებისა და შიმპანზეების — ჩვენი ორი უახლოესი ნათესავის — შედარება გვაძლევს საოცარ შესაძლებლობას, ჩავწვდეთ სოციალური ქცევის ევოლუციურ ფესვებს და გავიგოთ, თუ როგორ მართავენ ისინი და ჩვენ დაძაბულობას, კონკურენციასა და თანამშრომლობას", — თქვა დოქტორმა ჯეიკ ბრუკერმა.
მისი თქმით, სოციალური შეხება კომუნიკაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა და, დიდი ალბათობით, ენის წარმოშობამდეც არსებობდა.
მკვლევრები ამბობენ, რომ ნდობისა და თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად შეხების გამოყენება, შესაძლოა, სულ მცირე 7 მილიონ წელს ითვლიდეს, სანამ ადამიანები, შიმპანზეები და ბონობოები საერთო წინაპარს გამოეყოფოდნენ.
ამიტომ, როდესაც ადამიანები სტრესული მოვლენის წინ მოედანზე წრეში ჯგუფდებიან, თანაგუნდელს ეხუტებიან ან მხარზე ხელს უთათუნებენ, შესაძლოა, ისინი სწორედ მილიონობით წლის წინანდელ სოციალურ არსენალს იყენებენ.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები