კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა
მასშტაბურმა დნმ-ის კვლევამ კოალას ევოლუციური ისტორია თავიდან დაწერა: სახეობამ ავსტრალიაში ადამიანების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე, დაახლოებით 100 000 წლის წინ, მკვეთრი პოპულაციური კლება განიცადა
როგორც ჩანს, დღეს არსებული ყველა კოალა ერთი წინაპარი პოპულაციიდან წარმოიშვა, რომელმაც გარემოს მკვეთრი ცვლილებები, მათ შორის, ძლიერი გამყინვარების პერიოდები გადაიტანა. თუმცა, თანამედროვე კოალები ახლა სრულიად სხვა საფრთხეების წინაშე დგანან. მათ შორისაა ნადირობა, ტყეების ფართომასშტაბიანი გაჩეხვა, ტყის ხანძრები და დაავადებები.
სიდნეის უნივერსიტეტისა და ტეხასის A&M უნივერსიტეტის მკვლევრებს სურდათ დაედგინათ, კოალების პოპულაცია ადამიანების გამოჩენამდე შემცირდა თუ მას შემდეგ. ადრინდელი ნაშრომების ვარაუდით, ეს მხოლოდ ადამიანების გამოჩენის შემდეგ მოხდა, თუმცა ახალმა შედეგებმა ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენა. მონაცემები ჟურნალ Molecular Biology and Evolution-ში გამოქვეყნდა, რომელსაც Oxford University Press გამოსცემს.
"ეს კვლევა ავსტრალიაში კოალების გენეტიკური ისტორიის ქრონოლოგიას თავიდან წერს", — ამბობს სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, ტობი კოვაკსი, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა — "თანამედროვე კოალების პოპულაციების მუტაციის სიხშირის გამოთვლით, გენეტიკური ქრონოლოგიის უკუმიმართულებით, 100 000 წლის წინანდელ პერიოდამდე შეფასება და აგება შეგვიძლია. ეს კი უძველესი კოალების პოპულაციების გენეტიკურ მრავალფეროვნებასა და ზომებზე გვიქმნის წარმოდგენას".
კოალას დნმ და პოპულაციის ისტორია
100 000 წლის წინ ავსტრალიაში მცხოვრები კოალების ზუსტი რაოდენობის გასაგებად, ნამარხი მტკიცებულებები მეტისმეტად მწირია, ამბობს კოვაკსი. გენომურ მონაცემებს ამ ხარვეზების შევსება შეუძლია, რადგან ის ადრეული პოპულაციის ზომებისა და გენეტიკური მრავალფეროვნების ცვლილებების შესახებ მინიშნებებს ინახავს.
"გენომური ანალიზები აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილებისა და საცხოვრებელი გარემოს დაკარგვის გამო, წარსულში კოალების პოპულაცია მკვეთრად შემცირდა. როდესაც გარემო პირობები გაუმჯობესდა, მათი პოპულაციები აღდგა და აღმოსავლეთ ავსტრალიის დიდ ნაწილში გავრცელდა. მნიშვნელოვანია ნათლად ითქვას, რომ თანამედროვე კოალების პოპულაციების წინაშე არსებული მრავალი საფრთხე ადამიანების მიერაა გამოწვეული, რაც საცხოვრებელი გარემოს შემცირებასა და ნადირობას მოიცავს".
პოპულაციის ადრეულ კოლაფსებსა და აღდგენის პროცესებზე კოალების რეაგირების შესწავლით, მეცნიერებმა, შესაძლოა, ამ სახეობის დასაცავად კონსერვაციის უკეთესი სტრატეგიები შეიმუშაონ.
ფოტო: AUSTRALIA ZOO
როგორ აღადგინეს მკვლევრებმა კოალების ევოლუცია
კოალას გენეტიკური ისტორიის აღსადგენად, მეცნიერებმა ყურადღება სახეობის გენომში (ორგანიზმის გენეტიკურ ინფორმაციაში) მუტაციის სიხშირეზე გაამახვილეს.
ახალი მუტაციები (გენეტიკური ცვლილებები) ბუნებრივად ჩნდება გენომში ყოველ ჯერზე, როდესაც ორგანიზმი მრავლდება. მუტაციის სიხშირე აღწერს, თითოეულ თაობაში რამდენი ასეთი ცვლილება წარმოიქმნება. ეს მაჩვენებელი სხვადასხვა სახეობაში განსხვავებულია და გენეტიკური ცვლილებები ზოგიერთ ცხოველში უფრო სწრაფად გროვდება, ვიდრე სხვებში.
გუნდმა ოთხი ტრიოს (მშობლები და შთამომავალი) დნმ-ის მიმდევრობა დაადგინა და გამოჩენილი ახალი მუტაციები დაითვალა. ამან მათ საშუალება მისცა, კოალების მუტაციის ზუსტი სიხშირე გამოეთვალათ, რაც ადამიანებში აღმოჩენილი მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარი აღმოჩნდა.
შემდეგ მკვლევრებმა ახლად გაზომილი სიხშირე 457 კოალას გენომზე გამოიყენეს. ამით უფრო ზუსტად დაადგინეს, ათასობით წლის განმავლობაში, კოალების პოპულაციები როგორ ფართოვდებოდა, მცირდებოდა და იყოფოდა. ეს ნაშრომი კოალებისთვის, ან ორმჭრელიანი ჩანთოსნების (Diprotodontia) რიგის ნებისმიერი წევრისთვის, რომელიც ასევე მოიცავს ვომბატებს, კენგურუებსა და პოსუმებს, მუტაციის სიხშირის პირველ პირდაპირ შეფასებას წარმოადგენს.
ადრინდელი კვლევების მიხედვით, კოალების პოპულაცია შემცირდა მას შემდეგ, რაც დაახლოებით 65 000 წლის წინ ავსტრალიაში თანამედროვე ადამიანები გამოჩნდნენ. თუმცა, ეს შეფასებები მუტაციის სიხშირეს ეფუძნებოდა, რომელიც აღებული იყო ისეთი შორეული მონათესავე ძუძუმწოვრებისგან, როგორიცაა ადამიანები და თაგვები.
კოალების რაოდენობა ადამიანების გამოჩენამდე შემცირდა
ახალი ანალიზი მიუთითებს, რომ კოალების პოპულაციის მკვეთრი კლება დაახლოებით 100 000 წლის წინ დაიწყო. შემდეგ, დაახლოებით 60 000 წლის წინ, მათმა რაოდენობამ კრიტიკულ გენეტიკურ ბოთლის ყელის ეფექტს (პოპულაციის მკვეთრი შემცირების ფაზა) მიაღწია.
ეს კოლაფსი გვიანი პლეისტოცენის ბოლო გამყინვარების პერიოდს დაემთხვა, როცა გარემო მკვეთრად შეიცვალა. ანუ, კოალების რაოდენობის კლება ადამიანებთან შეხებამდე გაცილებით ადრე დაიწყო.
პალეოგენის პერიოდში (23–66 მილიონი წლის წინ) მიწის მასივი, რომელიც საბოლოოდ ავსტრალია გახდა, ძირითადად ტენიანი ტყეებით იყო დაფარული. მიოცენის პერიოდში (5–23 მილიონი წლის წინ), როდესაც ავსტრალიის ტექტონიკურმა ფილაქანმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა, პირობები მკვეთრად შეიცვალა.
პლეისტოცენის ეპოქაში, დაახლოებით 2,5 მილიონიდან 11 700 წლამდე, ავსტრალიაში ცივი და მშრალი გამყინვარების პერიოდები თბილ და ტენიან პერიოდებს რიგრიგობით ცვლიდა. ამ მონაცვლეობამ კონტინენტი თანდათან შეცვალა: ლანდშაფტი უფრო მშრალი გახდა და ხანძრების საფრთხეც გაიზარდა.
დაახლოებით 70 000 წლის წინ, მზარდმა ნულარბორის ვაკემ (Nullarbor Plain) ნახევრად მშრალი ბუჩქნარის უზარმაზარი რეგიონი შექმნა. ამან კოალებისთვის შესაფერისი საცხოვრებელი გარემოს მოცულობა შეამცირა და აღმოსავლეთ და დასავლეთ ავსტრალიაში პოპულაციები ერთმანეთისგან გამოყო.
დასავლეთის კოალების პოპულაცია საბოლოოდ გაქრა. აღმოსავლეთში არსებულმა მცირე პოპულაციამ კი უმძიმესი გამყინვარების პირობებში გადარჩენა შეძლო.
მცირე პოპულაციამ სახეობა აღადგინა
მიმდინარე გამყინვარებათაშორის პერიოდში პირობები გაუმჯობესდა, რამაც გადარჩენილ აღმოსავლეთის კოალებს გავრცელების საშუალება მისცა. 16 500-დან 6000 წლის წინანდელ შუალედში ისინი ხუთ გენეტიკურად განსხვავებულ ჯგუფად დაიყვნენ.
სწორედ ამ ჯგუფებმა ჩაუყარეს საფუძველი დღეს ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე გავრცელებულ კოალებს.
"ამ შედეგების გათვალისწინებით, ახლა გვაინტერესებს, ადამიანების გამოჩენამდე სხვა ავსტრალიურმა სახეობებმაც, მათ შორის გადაშენებული მეგაფაუნის უახლოესმა ნათესავებმაც, განიცადეს თუ არა პოპულაციის შემცირება", — ამბობს კოვაკსი.
ახალი მუტაციის სიხშირე მხოლოდ კოალას წარსულს არ გვიხსნის. მისი დახმარებით, მეცნიერებს პოპულაციების ბოლოდროინდელი ცვლილებების შესწავლა და კონსერვაციის დაგეგმვის გაუმჯობესებაც შეუძლიათ.
კოალების უახლესი თაობების შეფასებები აჩვენებს, რომ კუინზლენდსა და ახალ სამხრეთ უელსში პოპულაციების კლება გრძელდება. ამის საპირისპიროდ, ვიქტორიას შტატში არსებული ჯგუფები თითქოს აღდგენის პროცესშია.
კოალები გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების სიაში, კუინზლენდში, ახალ სამხრეთ უელსსა და ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიაზე, 2022 წლიდან არიან შეტანილი.
გენომური კვლევა, შესაძლოა, კონსერვაციის სახელმძღვანელოდ იქცეს
კოვაკსის თქმით, "თუ ვიცით, კოალების რაოდენობა მცირდება თუ არა, ეს კონსერვაციის სპეციალისტებს ადრეულ ჩარევაში ეხმარება, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სახეობა გენეტიკურ მრავალფეროვნებას დაკარგავს და ახლო ნათესაური შეჯვარებით გამოწვეული რისკები გაიზრდება".
"წარსულში, როცა კლიმატი შეიცვალა და მათი საცხოვრებელი გარემო გაქრა, კოალების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. დღეს ისინი ისევ მცირდებიან, ოღონდ ამჯერად ტყეების გაჩეხვის, ხანძრების, ნადირობისა და დაავადებების გამო. ჩვენი გუნდი კოალების შესახებ დიდძალ გენეტიკურ მონაცემებს აგროვებს, თუმცა მათ გასაგებად საჭიროა ისიც ვიცოდეთ, ამ სახეობაში ახალი მუტაციები რამდენად სწრაფად ჩნდება", — ამბობს კოვაკსი.
მუტაციის სიხშირის დადგენა მეცნიერებს დაეხმარება, კოალების ისტორია აღადგინონ, მათი ადაპტაციის უნარი შეისწავლონ და მომავალში კონსერვაცია უკეთ დაგეგმონ.
- ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, დინოზავრების გადაშენებაზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს
- მეცნიერებმა დედამიწის უდიდესი მასობრივი გადაშენების საიდუმლო ამოხსნეს
- შესაძლოა, ამერიკის კონტინენტზე მამონტების გადაშენება ადამიანებმა გამოიწვიეს — ახალი კვლევები
კომენტარები