შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა"
ფოტო: NASA/JPL-Caltech
ახალი სიმულაციური კვლევის თანახმად, შესაძლოა, ირმის ნახტომის მთლიანი დისკო მილიარდობით წლის განმავლობაში გვერდით "გადატრიალდა".
ირმის ნახტომის დისკო სწორედ ის ნაწილია, რომელიც ადამიანების უმრავლესობას ჩვენი გალაქტიკის სახელის გაგონებისას წარმოუდგენია. რძიანი გზის ჩვეულებრივი ("არაბნელი") მატერიის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ თხელ სტრუქტურაშია კონცენტრირებული, ე.ი. ვარსკვლავები, მტვერი, აირი, ქვები.
ეს არ ნიშნავს, რომ ირმის ნახტომი მხოლოდ დისკოსგან შედგება. ჩვენი გალაქტიკა სფერულია. მისი სიბრტყიდან ზევითაც და ქვევითაც უძველესი ვარსკვლავები გვხვდება (ე.წ. ვარსკვლავთა ჰალო). ეს ყველაფერი ბნელი მატერიის უზარმაზარ "ბუშტშია" მოთავსებული, რომელსაც ბნელი მატერიის ჰალოს უწოდებენ.
გასული ათწლეულის განმავლობაში კოსმოსში სატელიტი Gaia გაუშვეს. მისი ამოცანა ირმის ნახტომში არსებული ვარსკვლავების მდებარეობისა და მოძრაობის გამოსახვა იყო. სატელიტმა ვარსკვლავთა ჰალოში უცნაური რამ შენიშნა. გალაქტიკის გარეთა ნაწილებში არსებული ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრს იმაზე ბევრად უფრო ნელა უვლიან გარშემო, ვიდრე ეს ჩვენი გალაქტიკის მასის გათვალისწინებითაა მოსალოდნელი.
ამის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა ისაა, რომ ადრე ჩატარებულ კვლევებში ირმის ნახტომის მასა არასწორად განსაზღვრეს. მეორე მხრივ, ახალი ნაშრომის ავტორები ალტერნატიულ ახსნას გვთავაზობენ.
Auriga-ს (კოსმოლოგიური სიმულაციების) გამოყენებით, მკვლევრებმა ადრეულ სამყაროში არსებული ირმის ნახტომის მსგავსი გალაქტიკების მოძრაობის სიმულაცია შექმნეს. მოდელების მიხედვით, იმ გალაქტიკებს, რომლებიც ადრე ჩამოყალიბდა და შერწყმის პროცესი ბევრჯერ გაიარა, გაცილებით ნელა მბრუნავი ვარსკვლავთა ჰალოები ჰქონდა.
ბევრი მტკიცებულება არსებობს იმაზე, რომ წარსულში ირმის ნახტომი ბევრ მცირე ზომის გალაქტიკას შეერწყა. ერთ-ერთი ასეთი შეჯახება დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ მოხდა. მასში ე.წ. Gaia-ს სოსისის გალაქტიკა მონაწილეობდა. გუნდის სიმულაციების თანახმად, შესაძლოა, ამ შეჯახებამ გრავიტაციული ძალის მომენტი გამოიყენა, რომელმაც ირმის ნახტომის დისკო ნელ-ნელა შემოაბრუნა. ამის შედეგი სწორედ ვარსკვლავთა ჰალოს იმაზე ნელი ბრუნვა იქნებოდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
რთული სათქმელია, როგორი იქნებოდა ამ შებრუნების ხილვა დედამიწიდან (კაცობრიობას რომ ამდენ ხანს ეარსება). სავარაუდოდ, ყველაზე დიდ ცვლილებებს ღამის ცაზე ვიხილავდით: ვარსკვლავთა მდებარეობების ცვლილება ახალ თანავარსკვლავედებს წარმოქმნიდა.
საინტერესოა, რომ ახალი კვლევა ერთადერთი არ არის, რომელიც მსგავს დასკვნებამდე მივიდა, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით ვარაუდის დონეზე რჩება.
მკვლევრებმა შედეგები დიდ ბრიტანეთში გამართულ Royal Astronomical Society-ის ასტრონომიის ეროვნულ კრებაზე წარმოადგინეს.
კომენტარები