მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს
ფოტო: Smith Collection/Gado via Getty Images
1945-დან 1992 წლამდე აშშ-მა ოფიციალურად 1054 ბირთვული ცდა ჩაატარა, თუმცა ცნობილია ერთადერთი შემთხვევა, რასაც თანამგზავრების განადგურება მოჰყვა.
კერძოდ, 1962 წელს აშშ-მა დედამიწიდან დაახლოებით 400 კმ-ის მოშორებით თერმობირთვული საბრძოლო ქობინი, სახელწოდებით Starfish Prime ააფეთქა. აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური იმპულსი მოსალოდნელზე მასშტაბური აღმოჩნდა და ჰავაიზე 900-მდე გარე განათების ბოძიც კი დააზიანა. გარდა ამისა, Starfish Prime-ის მიერ წარმოქმნილმა რადიაციულმა სარტყელმა უნებლიეთ გაანადგურა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის მიერ გაშვებული პირველი თანამგზავრები.
აღსანიშნავია, რომ ბირთვული იარაღის კოსმოსში აფეთქება, შესაძლოა, ისეთივე დამანგრეველი აღმოჩნდეს, როგორც დედამიწაზე. ამის შესახებ საუბრობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბირთვული მეცნიერი, არეგ დანაგულიანი. მისი თქმით, კოსმოსში ბირთვული აფეთქების დროს ბომბის მთლიანი გარსი იონიზდება და იარაღის მასაში არსებული თითოეული ელექტრონი თავისუფლდება. ამას იონების რადიაციულ სარტყელთან შერწყმა და უწყვეტი აფეთქებები მოჰყვება. საბოლოოდ, ეს პროცესი ნაწილაკების დამატებით იონიზაციას იწვევს და კატასტროფულ რადიაციას წარმოქმნის.
თვითმფრინავიდან ჩამოგდებული წყალბადის ბომბის გამოცდისას მომხდარი ბირთვული აფეთქება, 1964 წელი
ფოტო: Smith Collection/Gado via Getty Images
1967 წელს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს "კოსმოსური სივრცის შესახებ ხელშეკრულებას", რომლის მიხედვითაც კოსმოსი კაცობრიობის საკუთრებად გამოცხადდა და, ამავდროულად, აიკრძალა ბირთვული იარაღის გამოყენება დედამიწის ატმოსფეროს გარეთ. მას შემდეგ ხელშეკრულებას 115 დამატებითი სახელმწიფო შეუერთდა და თითქმის 55 წლის განმავლობაში კოსმოსი რჩებოდა ნეიტრალურ სივრცედ.
ეს რეალობა 2022 წელს შეიცვალა, როდესაც რუსეთმა კოსმოსში თანამგზავრი Cosmos 2553 გაუშვა. ოფიციალური განმარტებით მას სადაზვერვო დანიშნულება ჰქონდა, თუმცა ექსპერტები ამ ფაქტს ეჭვით უყურებენ. ისინი აცხადებენ, რომ Cosmos 2553 სისტემატურად მოძრაობს დედამიწის ირგვლივ არსებულ ყველაზე მაღალრადიაციულ ზონებში. თანამგზავრის ასეთ ორბიტაზე განთავსება კი ერთ რამეზე მიანიშნებს: თუკი რუსეთს თერმობირთვული იარაღის აფეთქება სურს, ასეთი მაღალრადიაციული ზონები საუკეთესოა ელექტრონების "ჩასაჭერად".
Cosmos 2553-ის ნამდვილი დანიშნულება კვლავ ბუნდოვანია, ასევე გაურკვევლად რჩება ისიც, გადააქვს თუ არა მას ბირთვული იარაღი. ექსპერტთა განცხადებით, მსგავსი ტიპის ანტითანამგზავრულ იარაღს, ჰიპოთეზურად, მრავალი საერთაშორისო საკომუნიკაციო თუ ინტერნეტ-თანამგზავრის, GPS-ისა და სადაზვერვო სისტემის განადგურება შეუძლია. ამასთანავე, Cosmos 2553 ტიპის საეჭვო ორბიტალური აპარატების შეფასების ეფექტიანი მეთოდი ჯერ არ არსებობს, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება მაინც შესაძლებელია.
"სადაზვერვო მონაცემების გაყალბება შესაძლებელია, მაგრამ ფიზიკას ვერ გააყალბებ", - აცხადებს დანაგულიანი.
დანაგულიანის თქმით, ბირთვული თანამგზავრების წინააღმდეგ საერთაშორისო მონიტორინგის დასაწესებლად გამოსავალი მაინც არსებობს. Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ის აღწერს თანამგზავრულ სენსორულ სისტემას, რომლის გაშვებაც საეჭვო აპარატთან ახლოს არის შესაძლებელი, რათა შემდგომში მასზე ბირთვული აქტივობის ნიშნებს დააკვირდეს. ამ პროცესში "სპალაციად" წოდებული ატომური რეაქციის დაფიქსირება გადამწყვეტ როლს ასრულებს, რა დროსაც რადიაციულ გარემოში მყოფი მაღალენერგეტიკული პროტონები მონაწილეობს.
ბირთვული ექსპერტი განმარტავს, თუ როგორ მიმდინარეობს დაკვირვების პროცესი: თითოეული მაღალენერგეტიკული პროტონის მაღალი ატომური ნომრის მქონე ელემენტთან დაჯახებით დამატებით 40-მდე ნეიტრონი გამოიტყორცნება. ამ პროცესში კი წამში მილიონობით პროტონია ჩართული. მის მიერ შეთავაზებულ სისტემაში ნეიტრონების დეტექტირების ორი პანელია განთავსებული. ეს კომბინირებული სისტემა აპარატს საშუალებას აძლევს, ერთმანეთისგან განასხვაოს ბირთვული რადიაციული ნეიტრონები და ბუნებრივად არსებული პროტონები თუ ელექტრონები. ამ ინფორმაციის საფუძველზე, მოწყობილობას შეუძლია დაადგინოს, რომელი მიმართულებიდან მოდის ნეიტრონები, რათა განსაზღვროს, ისინი ბუნებრივად, ატმოსფეროში წარმოიქმნა თუ ბირთვულქობინიანი თანამგზავრიდან მომდინარეობს.
გამოთვლების თანახმად, აღნიშნული სენსორული სისტემა ორბიტაზე მყოფი ბირთვული იარაღის დაფიქსირებას 99%-იანი სიზუსტით შეძლებს.
მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ამჟამად თეორიულ დონეზეა და რეალურ პირობებში გამოცდას საჭიროებს, დანაგულიანს იმედი აქვს, რომ მისი ნაშრომი პრაქტიკულ შედეგს გამოიღებს. ბირთვული ექსპერტი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიმღებებმა ეს სისტემა ეროვნული უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების პოტენციურ ნაწილად სერიოზულად უნდა განიხილონ.
კომენტარები