საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
ფოტო: Murdo Macleod/The Guardian
ჰარი პოტერის გამომცემელმა მრავალმილიონიანი კომპენსაცია მიიღო. ეს კომპენსაცია $1.5 მილიარდიანი მორიგების ნაწილია, რომელიც AI სტარტაპმა, Anthropic-მა ათასობით ავტორთან დადო, მას შემდეგ, რაც კომპანიამ მათი დაცული ნამუშევრები ჩატბოტების გასაწვრთნელად, ნებართვის გარეშე გამოიყენა.
ბესტსელერი მწერლების, სარა ჯ. მაასის, სუზანა კლარკისა და ჯ.კ. როულინგის ნამუშევრების გამომცემელი სახლი Bloomsbury, აცხადებს, რომ მორიგებაში მისი 14 087 დასახელების წიგნი მოხვდა და თითოეულზე შეთავაზებული კომპენსაცია დაახლოებით $3000-ს შეადგენს.
მორიგებაში მოექცა ჯ.კ. როულინგის ჰარი პოტერის წიგნები, რომლებსაც Bloomsbury გამოსცემს
ფოტო: Murdo Macleod/The Guardian
საავტორო უფლებები AI ბუმის მთავარ ბრძოლის ველად იქცა, რადგან ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა Anthropic-ის Claude ჩატბოტების სერია, ღია ვებიდან აღებულ უზარმაზარ მონაცემებზე იწვრთნება, მათ შორის, საავტორო უფლებებით დაცულ ისეთ ნამუშევრებზე, როგორიცაა რომანები და საინფორმაციო სტატიები.
აშშ-ში დაფუძნებული AI კომპანიები ამტკიცებენ, რომ მსგავსი ნამუშევრების გამოყენება სამართლიანი გამოყენების იურიდიული დოქტრინითაა დასაშვები, რომელიც გარკვეულ ვითარებაში საავტორო უფლებებით დაცული მასალის, მესაკუთრის ნებართვის გარეშე გამოყენების უფლებას იძლევა. თუმცა, შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალები და ხელოვანები მთელ მსოფლიოში ითხოვენ, რომ AI კომპანიებმა ჯერ ნებართვა ითხოვონ ან, სულ მცირე, ნამუშევრების გამოყენებისთვის თანხა გადაუხადონ.
საქმეს Bartz v. Anthropic ჰქვია და 2024 წლის აგვისტოში დაიწყო, როცა ავტორებმა, ანდრეა ბარცმა, ჩარლზ გრებერმა და კირკ უოლას ჯონსონმა Anthropic-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. მათი მტკიცებით, კომპანიამ მილიონობით ციფრული წიგნი Claude-ის გასაწვრთნელად გამოიყენა, მათ შორის, თითოეული მოსარჩელის სულ მცირე ორი ნამუშევარი. გამოძიებამ დაადგინა, რომ Anthropic-მა 7 მილიონზე მეტი წიგნი ჩამოტვირთა და კომპანიამ იცოდა კიდეც, რომ ისინი პირატულად იყო მოპოვებული. ეს პროცესი ონლაინ ბიბლიოთეკა Books3-დან აღებული დაახლოებით 200 000 წიგნით დაიწყო. ზოგიერთი წიგნის ნაბეჭდი ეგზემპლარი კი კომპანიამ თავად შეიძინა და სკანირების შემდეგ, მოდელის გასაწვრთნელად გამოიყენა.
2025 წლის ივნისში, მოსამართლე უილიამ ალსაპმა შუალედური გადაწყვეტილება მიიღო: თუ წიგნი კანონიერად იყო მოპოვებული, მისი გამოყენება AI-ის გასაწვრთნელად სამართლიან გამოყენებას განეკუთვნება, რადგან ეს პროცესი არსებითად ტრანსფორმაციულია. თუმცა, პირატულად მოპოვებულ წიგნებზე იგივე დაცვა არ გავრცელდა, რამაც კომპანია სერიოზული ფინანსური რისკის წინაშე დააყენა. იმავე წლის აგვისტოში საქმეს კოლექტიური სარჩელის სტატუსი მიენიჭა და მასში ყველა ის ავტორი და გამომცემელი მოექცა, ვისი წიგნებიც LibGen-სა თუ PiLiMi-ის მონაცემთა ბაზებში აღმოჩნდა და მოსამართლის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. სწორედ ამის შემდეგ, საქმის სასამართლო განხილვას Anthropic-მა მორიგება ამჯობინა.
$1.5 მილიარდიან მორიგებაზე შეთანხმება 2025 წლის 26 აგვისტოს გახდა ცნობილი. მორიგება, კომპენსაციის გარდა, Anthropic-ს ავალდებულებს, გასაწვრთნელად გამოყენებული პირატული წიგნების ყველა ორიგინალი და ასლი გაანადგუროს. თუ კომპანია მათ ნამუშევრებს ისევ ნებართვის გარეშე გამოიყენებს, ავტორებს ჩივილი მომავალშიც შეუძლიათ. მოსამართლემ გარიგება 2026 წლის 21 ივლისს საბოლოოდ დაამტკიცა.
საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წელს მწერალმა ანდრეა ბარცმა და ორმა სხვა ავტორმა სარჩელი შეიტანეს
ფოტო: Richard Drew/AP
ავტორთა ადვოკატმა, ჯასტინ ნელსონმა, ამ ფაქტს "ისტორიაში ცნობილი საავტორო უფლებების კომპენსაციის ყველაზე დიდი შემთხვევა" უწოდა. AI-ის საავტორო უფლებებთან დაკავშირებული ათობით სარჩელიდან, რომლებიც აშშ-ში ავტორებისა და საინფორმაციო საშუალებების სახელით არის შეტანილი და სასამართლოებში ჯერ კიდევ განიხილება, ეს პირველი მსხვილი მორიგებაა. აშშ-ის საოლქო მოსამართლემ ორშაბათს განაცხადა, რომ მორიგებამ დაზარალებულ ავტორებსა და გამომცემლებს "მნიშვნელოვანი შეღავათი" გაუწია.
Anthropic-ის მთავარი იურიდიული მრჩევლის მოადგილემ, აპარნა შრიდჰარმა, გადაწყვეტილების შემდეგ წერილობით განცხადებაში აღნიშნა: "მოხარული ვართ, რომ მორიგებაში მოხვედრილი ავტორებისა და გამომცემლების 91%-ზე მეტმა ანაზღაურების საკუთარი წილი უკვე მოითხოვა და მოუთმენლად ველით ამ საქმის დასრულებას".
გასულ წელს Bloomsbury-მ AI-ის ლიცენზირების გარიგების შესახებ განაცხადა, რაც მას საშუალებას აძლევს, აკადემიური ნაშრომები გენერაციული AI პროგრამების გასაწვრთნელად გაყიდოს.
კომპანიამ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ AI-ის გასაწვრთნელად ახლა უფრო მეტი თემატური სფერო განიხილება. ავტორებს სქემაში "ჩართვის" შესაძლებლობა მიეცათ და იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ნამუშევრების გამოყენების უფლებას გასცემენ, ისინი ჰონორარს მიიღებენ.
კომენტარები