თუ წონაში დაკლებას ცდილობთ, იმის ცოდნა, რას წვავს თქვენი ორგანიზმი, ძირითადად ვარაუდს ეფუძნება. სასწორს ნებისმიერი ცვლილების დასაფიქსირებლად, შესაძლოა, კვირები დასჭირდეს და მას ცხიმის, კუნთისა და წყლის კლების ერთმანეთისგან გარჩევაც კი არ შეუძლია. ჭკვიანი საათები და სავარჯიშო დარბაზის აღჭურვილობაც მხოლოდ გულისცემის სიხშირის მსგავსი მაჩვენებლების საფუძველზე ვარაუდობს, ხართ თუ არა "ცხიმის წვის ზონაში".

ახლა მკვლევრებმა სუნთქვის პორტატიული ანალიზატორი შექმნეს, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით შეუძლია დაადგინოს, წვავთ თუ არა ცხიმს.

როდესაც ნახშირწყლების მარაგი მცირდება, ორგანიზმი ენერგიის მისაღებად სულ უფრო მეტად ცხიმს ეყრდნობა და მის ნაწილს მოლეკულებად გარდაქმნის, რომლებსაც კეტონები ეწოდება. ეს პროცესი ასევე მოლეკულას, სახელად აცეტონს, წარმოქმნის, რომელიც სუნთქვისას გამოიყოფა.

მიუხედავად იმისა, რომ ამოსუნთქულ ჰაერში არსებული აცეტონი დიდი ხანია მეტაბოლიზმზე დასაკვირვებლად გამოიყენება, მის გაზომვას, როგორც წესი, მოზრდილი ლაბორატორიული აღჭურვილობა სჭირდებოდა. სისხლში კეტონების ტესტებიც ფართოდ გამოიყენება, თუმცა ამისათვის თითის განმეორებითი ჩხვლეტა მოგიწევთ.

ბოლო წლებში, რამდენიმე კომპანიამ სუნთქვის ანალიზატორის ტიპის მოწყობილობები შექმნა, რომლებიც აცეტონს აფიქსირებს, მაგრამ ამოსუნთქულ ჰაერში მისი მცირე რაოდენობის ზუსტად გაზომვა რთულია. ეს გამოწვეულია იმით, რომ ტენიანობამ, სუნთქვის ტექნიკის ვარიაციებმა და ქიმიურად მსგავსმა ნაერთებმა, მათ შორის ალკოჰოლმა, სენსორებს, შესაძლოა, ხელი შეუშალოს.

ამ პრობლემების გადასაჭრელად, ანდრეას გიუნტნერმა, შვეიცარიაში მდებარე ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (ETH Zurich) და მისმა კოლეგებმა, აცეტონისთვის სპეციფიკური სენსორი მინიატურულ ფილტრებთან გააერთიანეს, რომლებიც ტენს და სხვა ხელის შემშლელ ნაერთებს აცალკევებს. თანმხლები სმარტფონის აპლიკაცია მომხმარებლებს სწორი სუნთქვის ტექნიკის შესახებ მითითებებს აძლევს, რათა მესამე ამოსუნთქვის ბოლოს აცეტონი დააფიქსიროს. ამ დროს მისი კონცენტრაცია სისხლში არსებულ დონეს ყველაზე მეტად უახლოვდება.

ახალი მოწყობილობა სმარტფონის აპლიკაციას უკავშირდება, რომელიც მომხმარებლებს სუნთქვის სწორი ტექნიკის შესახებ მითითებებს აძლევს და მათ შედეგებს აღრიცხავს

ფოტო: Alivion AG

მოწყობილობის შესამოწმებლად, რომელიც კომერციულად Nutrion-ის სახელწოდებითაა ხელმისაწვდომი, მკვლევრებმა 12 მოხალისე გამოიკვლიეს. სხვადასხვა დიეტურ და ვარჯიშის პირობებში მოწყობილობის მონაცემები ამოსუნთქულ ჰაერში აცეტონისა და სისხლში კეტონების დონის ლაბორატორიულ გაზომვებს შეადარეს.

აღმოჩნდა, რომ მოწყობილობა ამოსუნთქულ ჰაერში აცეტონის ლაბორატორიულ გაზომვებსაც და სისხლში კეტონების დონესაც ზუსტად მიჰყვებოდა.

ასევე აღმოაჩინეს, რომ მოწყობილობა საკმარისად მგრძნობიარე იყო მეტაბოლიზმის მცირე, მოკლევადიანი რყევების გამოსავლენად, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ყოველდღიური აქტივობების დროს ორგანიზმი ენერგიის ერთი წყაროდან მეორეზე მუდმივად ინაცვლებს.

"როდესაც ადამიანი ცხიმის წვას იწყებდა, ამოსუნთქულ ჰაერში ყველაზე მცირე ცვლილებების დაფიქსირებაც კი შევძელით", — ამბობს გიუნტნერი, რომელიც Alivion-ის მრჩეველია — "უფრო ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ, რომ ამოსუნთქულ ჰაერში აცეტონის დონე გაიზარდა, მაგრამ თუ ადამიანი შემდეგ შაქრიან სასმელს დალევდა ან ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს შეჭამდა, ვხედავდით, რომ ის კვლავ მყისიერად ეცემოდა".

ეს ინფორმაცია, შესაძლოა, დიეტის ან ინტერვალური შიმშილის დროს იყოს სასარგებლო, როდესაც მიზანი ცხიმის წვის პერიოდების გახანგრძლივებაა. მოწყობილობა შეიძლება წონაში კლების მიღმაც გამოვიყენოთ. კეტოგენური დიეტები, ანუ დიდი რაოდენობით ცხიმისა და ძალიან მცირე რაოდენობით ნახშირწყლების შემცველი დიეტები, რომლებიც კეტონების გამომუშავებას ასტიმულირებს, მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ, განსაკუთრებით ბავშვებში, გამოიყენება. თუმცა კეტოზის მონიტორინგი, როგორც წესი, თითის ჩხვლეტით სისხლის განმეორებით ტესტებს მოითხოვს. მიმდინარე კვლევა ალტერნატივად Nutrion-ს განიხილავს.

"ნამდვილად კარგია იმის მოსმენა, რომ მკვლევრები ეპილეფსიის კლინიკურ კვლევებზე გადავიდნენ, რაც სახლის პირობებში სისხლში კეტონების მონიტორინგის ტესტირებას გარკვეულ ლოგისტიკურ სირთულეს შეუმსუბუქებდა და მომავალში ეპილეფსიის მართვას პოტენციურად გააადვილებდა, იმავდროულად კი ობიექტურ მონაცემებს მოგვაწვდიდა", — ამბობს დირკ დაგდეილ-დუელი Elevate Performance Testing-დან, რომელიც სპორტსმენებს პერსონალიზებულ ტესტირებას სთავაზობს.

გიუნტნერის თქმით, Nutrion-ის ეფექტებს ინტერვალური შიმშილის, GLP-1 წონაში კლების თერაპიისა და სიმსივნის მკურნალობისას კეტოგენური დიეტების პარალელურადაც იკვლევენ — "არსებობს მრავალი სიტუაცია, როდესაც კეტონების გამომუშავების მონიტორინგი მნიშვნელოვანია და ამ ინფორმაციის მყისიერად მიღება სასარგებლო იქნებოდა".

დაგდეილ-დუელს ადრე Lumen-ის (მსგავსი მოწყობილობის, რომელიც მეტაბოლიზმს ამოსუნთქული ნახშირორჟანგის (CO₂) საშუალებით ზომავს) პოტენციალი აქვს გამოკვლეული. მისი თქმით, სარგებელი, შესაძლოა, სპორტსმენებმაც მიიღონ, თუ Nutrion ნახშირწყლების მიღების საკუთარ მეტაბოლურ რეაქციებზე მორგების საშუალებას მისცემს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.