მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა
ფოტო: DR
მულტიმილიონერმა ბრაიან ჯონსონმა სახელი "ბიოჰაკერობით" გაითქვა. ეს ნიშნავს, რომ მას მარადიული ახალგაზრდობის მიღწევა სურს, რისთვისაც მეცნიერულ თუ ტექნოლოგიურ მიღწევებს იყენებს და ცხოვრების სტილიც მთლიანად ამ მიზანზე აქვს მორგებული.
მან ახლახან განაცხადა, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა, რომლის მეშვეობითაც ტრანსპლანტაციისთვის ორგანოების მიღება და ახალი თერაპიების დატესტვა სურს. 48 წლის ბრაიანი ამბობს, რომ ამან შეიძლება სიბერის უკუქცევის ახალი გზა გვიჩვენოს.
"ახლახან საკუთარი თავის, როგორც ჩვილის, კლონი შევქმენი", — დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.
მისი განცხადება პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. რა თქმა უნდა, ბრაიან ჯონსონის კლონი ბავშვი არ არსებობს, არამედ საუბარია ტექნოლოგიაზე, რომლითაც ინდუციური პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები (iPSC) მიიღება.
ეს ადამიანის სისხლის ნიმუშიდან უჯრედების განცალკევებას და მათ ისე "რეპროგრამირებას" გულისხმობს, რომ ემბრიონულ ღეროვან უჯრედებს დაემსგავსონ. მეთოდი საუკუნის დასაწყისში იაპონელმა სინია იამანაკამ შეიმუშავა, რომელმაც 2012 წელს ნობელის პრემია მიიღო.
"ჩვილი ბრაიანი ამჟამად პეტრის ფინჯანზე ცხოვრობს [სპეციალური ლაბორატორიული ჭურჭელი]. შეიძლება ამან ბევრი შეაშინოს, რადგან დისტოპიურ მომავლად მოეჩვენოს, თუმცა სხვები მას ჯანდაცვის გარანტირებულ მომავლად აღიქვამენ", — წერს მულტიმილიონერი.
ცნობისთვის, გასულ თვეში ბრაიან ჯონსონმა განაცხადა, რომ განუკურნებელი ავტოიმუნური დაავადება აღმოაჩნდა. ამ მდგომარეობის გამო მისი იმუნური სისტემა კუჭის ჯანმრთელ უჯრედებს უტევს, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ორგანო საკუთარ თავს ჭამს.
გასაკვირი არაა, რომ ბიოჰაკერს თავისი დაავადების დამარცხებაც სურს, რაშიც, მისი აზრით, სწორედ ეს "კლონი" დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრაიანის გეგმამ საზოგადოების ნაწილში კრიტიკაც გამოიწვია, რადგან მისი ნაბიჯი მდიდარი ადამიანის მიერ სიკვდილის დამარცხების მცდელობად მიიჩნიეს. ამის მიუხედავად, იგი ამბობს, რომ ექსპერიმენტების მთავარი მიზანი სამედიცინო აღმოჩენების ხელშეწყობაა.
კომენტარები