მეცნიერებს დღემდე აწუხებთ ის კითხვა, თუ როგორ გაუჩინარდა მარსიდან წყალი, რომელიც პლანეტის ზედაპირზე მილიარდობით წლის წინ მიედინებოდა?

ახლა კი მეცნიერთა გუნდი ფიქრობს, რომ მათ უკვე იპოვეს პასუხი ამ კითხვაზე — მათი აზრით, პლანეტის წყლის უდიდესი ნაწილი მისი ქერქის ზედა ფენაში მინერალების სახით არის მოქცეული.

ეს აღმოჩენა მეცნიერებმა მთვარისა და პლანეტარული მეცნიერების 52-ე კონფერენციაზე განიხილეს, აღნიშნული კვლევა კი ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა საკითხის შესწავლისთვის მარსის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური ხომალდიდან, მოხეტიალედან და მეტეორიტებიდან მიღებული მონაცემები გამოიყენეს. შემდეგ კი შექმნეს კომპიუტერული სიმულაცია, რომელიც პლანეტიდან თხევადი წყლის გაუჩინარების პროცესს აღწერს.

ოთხ მილიარდზე დიდი ხნის წინ მარსი უფრო თბილი პლანეტა იყო, მის ზედაპირზე თხევადი წყალი არსებობდა და სავარაუდოდ, დღევანდელთან შედარებით, უფრო სქელი ატმოსფეროც ჰქონდა. წყალი ზედაპირზე მდინარეების სახით მიედინებოდა და კრატერებში გროვდებოდა.

წითელ პლანეტაზე, სავარაუდოდ, იმ რაოდენობის წყალი იყო, რაც მთელი პლანეტის ზედაპირის 100 მეტრიდან 1 კილომეტრამდე სისქის ფენის დასაფარად საკმარისი იქნებოდა.

დაახლოებით ერთი მილიარდი წლის შემდეგ კი, მარსის ზედაპირზე ტემპერატურამ იკლო და იგი იქცა ისეთ ცივ და უკაცრიელ პლანეტად, როგორსაც დღეს ვხედავთ.

"დიდი ხსნის მანძილზე ვიცოდით, რომ მარსი ბევრად უფრო მდიდარი უნდა ყოფილიყო თხევადი წყლებით თავისი ისტორიის ადრეულ პერიოდში. მაგრამ, ამ თხევადი ნივთიერების ასავალ დასავალი დიდ ხნის მანძილზე გაურკვეველი იყო და მეცნიერებისთვის საკამათო საკითხს წარმოადგენდა", — ამბობს ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის პლანეტარული მეცნიერი, დოქტორი პიტერ გრინდორი, რომელიც აღნიშნულ კვლევაში არ მონაწილეობდა.

"მარსის ატმოსფეროზე წარსულში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ პლანეტიდან წყლის ნაწილი კოსმოსში გაიფრქვა. მარსის ქერქში არსებული ყინულის ნალექები კი იმაზე მიანიშნებს, რომ ნივთიერების ნაწილი გაიყინა", —დაამატა გრინდორმა.

კოსმოსში წყლის გაუჩინარება

დედამიწის გარშემო არსებული მაგნიტური ფარი, ამ მაგნეტოსფერო, პლანეტის ატმოსფეროს კოსმოსში გაფრქვევისგან იცავს. რასაც ვერ ვიტყვით მარსის მაგნიტურ ველზე, რომელიც დედამიწის მაგნეტოსფეროსთან შედარებით ძალიან სუსტია და, შესაძლოა, ადვილად დაეშვა მარსის ატმოსფეროდან წყლის კომპონენტების გაუჩინარება.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ის სიჩქარე, რომლითაც დღეს მარსის ატმოსფერო კარგავს წყალბადს, იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ვერ იქნება ერთადერთი გზა, რომლითაც პლანეტიდან ამდენად დიდი რაოდენობის წყალი გაქრა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ წყალბადის ამჟამინდელი კარგვის სიჩქარე წარსულშიც იგივე იყო. "იმ შემთხვევაში, თუ ადრეც ამ სიჩქარით მიმდინარეობდა ეს პროცესი, მაშინ პლანეტიდან წყალბადის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი უნდა დაკარგულიყო", — ამბობს კვლევის თანაავტორი, ევა ლინგან შელერი კალიფორნიის ტექნოლოგიების ინსტიტუტიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წყლის დანარჩენი ნაწილი სადღაც სხვაგან უნდა წასულიყო.

ფოტო: ichef.bbci.co.uk

გუნდის მიერ შექმნილი კომპიუტერული სიმულაციის საფუძველზე მეცნიერები ფიქრობენ, რომ მარსის საწყისი წყლის რაოდენობის 30-99% პლანეტის ქერქში მინერალების სახით უნდა იყოს წარმოდგენილი.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ წყლის უდიდესი ნაწილი დაახლოებით 4.1 - 3.7 მილიარდი წლის წინ დაიკარგა.

"აღნიშნული კვლევა ძალიან დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა რაოდენობის წყალი იყო ახალგაზრდა მარსზე, როგორ შეიძლებოდა გაუჩინარებულიყო იგი და სად შეიძლება იყოს იგი დღეს", — ამბობს დოქტორი გრინდორი.

"მიუხედავად იმისა, რომ თხევადი წყლის უდიდესი ნაწილი, სავარაუდოდ, მარსის ფორმირებიდან 1.5 მილიარდი წლის შემდეგ გაუჩინარდა, ჩვენ ვხედავთ პლანეტაზე მისი არსებობის მტკიცებულებას ჰიდრატირებული მინერალების სახით ისეთ ადგილებზე, როგორიცაა, მაგალითად, იეზეროს კრატერი. ამ ადგილს დღეს NASA-ს მოხეტიალე Perseverance იკვლევს", — დაამატა მან.

"მარსის ადრეული კლიმატი რჩება პლანეტარული მეცნიერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად და ეს კვლევა დაგვეხმარება იმ პროცესების გააზრებაში, რომლებიც პლანეტიდან წყლის გაუჩინარებაზეა პასუხისმგებელი", — აღნიშნავს გრინდორი.