მხოლოდ შემთხვევიდან შემთხვევამდე ვსაუბრობთ იმაზე, რაც ყველას — განსაკუთრებით კი, სახელმწიფოს პრიორიტეტების სიის სათავეში უნდა იყოს. მარტო უკანასკნელ ერთ თვეში 3 ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესახებ გავიგეთ და არავინ იცის, რამდენი გოგოა ამგვარი ძალადობის მსხვერპლი ისე, რომ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ბოლო მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადად დაგვანახა ამ საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემები და სახელწიფოს მიმართ კითხვებიც გაზარდა. სახელმწიფო კი პასუხად ამბობს იმას, რომ "ყველაფერი გააკეთეს" რაც ევალებოდათ. ამას ამტკიცებდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 16 წლამდე ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ბავშვი 14 წლის იყო და მან 10 თებერვალს თავი მოიკლა. საგამოძიებო უწყებამ ბრალდებული მხოლოდ ბავშვის თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა, თუმცა ვიცით, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ბევრად ადრე ფლობდნენ. რატომ არ გამოიყენა სახელმწიფომ უფრო მკაცრი სტანდარტი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულის აღსაკვეთად? რატომ არ გააკეთა სისტემამ ყველაფერი, რომ 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შედეგი არ დამდგარიყო?

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შემთხვევები პასუხებს, მეტიც, შესაბამის ნაბიჯებს საჭიროებს. ნაბიჯებს, რომლებიც დროულად რომ იდგმებოდეს, შესაძლოა, ლაგოდეხშიც არ გამხდარიყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 10 წლის ბავშვი, ხოლო გორში — 13 წლის ბავშვი, რომელმაც ოჯახის წევრის მიერ გაუპატიურების შემდეგ ბავშვი გააჩინა. ისევ და ისევ, ჩვენ არ ვიცით, კიდევ რამდენი ბავშვი იტანჯება ისე, რომ სახელწიფო და საზოგადოება დუმს.

როგორ იცავს სახელმწიფო ბავშვებს? უქმნის თუ არა დაგვიანებული რეაგირება პოტენციურ დამნაშავეს უსაფრთხო გარემოს დანაშაულის ჩასადენად? არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობები იზრდება თუ დუმილის დარღვევა დაიწყო?

პირველ რიგში, ვნახოთ, რა ევალება კანონმდებლობით სახელმწიფოს.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა — ვის რა ევალება

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც 14 წლის გოგოს საქმეში ჩაერთო, ამბობს — "ყველა უწყებას თავისი საქმე რომ გაეკეთებინა, ეს შედეგი არ დადგებოდა".

როცა ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესახებ საგამოძიებო სამსახურები ინფორმაციას იღებენ, მათ ეკისრებათ ვალდებულება, რისკების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, საქმეში სხვადასხვა უწყება ჩართონ. ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრები, საგანამათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები. ეს ის ჯაჭვია, როცა ერთი რგოლის ამოგდების შემთხვევაშიც კი, არაეფექტურ რეაგირებას და დახმარების გარეშე დარჩენილ ბავშვს ვიღებთ.

თუკი თავდაპირველი შეტყობინება პოლიციაში შევიდა და არა სოციალურ სამსახურში, პირველი, რაც მათ ევალებათ, სოციალური მუშაკის ჩართვაა, გვეუბნება იურისტი, ანა თავხელიძე და იმ ნაბიჯებს გვიხსნის, რომლებიც ამგვარი დანაშაულების დროს სახელმწიფო უწყებებმა უნდა გადადგან. კანონში წერია, რომ ფსიქოლოგი საგამოძიებო მოქმედებებს "საჭიროების შემთხვევაში" უნდა დაასწრონ, თუმცა, თავხელიძის თქმით, როცა საქმე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას ეხება, ეს აუცილებელი უნდა იყოს. მისი განმარტებით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებების დროს ბავშვი მარტო არ იყოს და მისი უსაფრთხოება დაიცვან.

იურისტის განცხადებით, აუცილებელია საქმეში მაშინვე ჩართონ ადვოკატიც, რომელიც ბავშვის ინტერესებს დაიცავს.

ანა თავხელიძე

ფოტო: ანა თავხელიძე / Facebook

"როცა ბავშვს ადვოკატს უნიშნავენ, ამ დროს მისი დაცვის გარანტიები იზრდება. მაგალითად, თუ სისხლის სამართლის საქმეში გამომძიებელი ხდება მხარე, მას ინტერესი აქვს, რომ მტკიცებულებები შეაგროვოს და საქმე გამოიძიოს. ადვოკატის ერთადერთი ინტერესი კი ბავშვის უფლების დაცვაა. ამიტომ, ადვოკატიც უნდა დაუნიშნონ. შესაბამისად, ეს სამი პირი — ფსიქოლოგი, სოცმუშაკი და ადვოკატი ბავშვს მუდმივად უნდა ჰყავდეს", — თქვა მან.

სხვადასხვა პასუხისმგებელი პირის საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულობის გარდა, იურისტის თქმით, საგამოძიებო უწყებებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ბავშვს სხვა კუთხითაც გაუწიონ დახმარება.

"ისევ გამომიძებელმა და პროკურორმა, ორივე ერთად მოიაზრება აქ, ბავშვი უნდა გადაამისამართონ სერვისების მისაღებად. ასევე, ამ სოცმუშაკმა, რომელიც ბავშვის საგამოძიებო მოქმედებებს ესწრება და მასთან ერთად არის სისხლის სამართლის პროცესში, უნდა დაიწყოს მუშაობა სხვა სოცმუშაკთან, უშუალოდ სოციალური მუშაობის კუთხით", — გვეუბნება ის.

იურისტის განმარტებით, ის, რომ სოცმუშაკი ესწრება საგამოძიებო მოქმედებებს, არ ნიშნავს, რომ ბავშვთან სოციალურად მუშაობს, ამიტომ პარალელურად, აუცილებელია, იგი მუშაობდეს ოჯახთან, სკოლასთან, უშუალოდ ბავშვთან, რათა ყველაფერი ზუსტად შეაფასოს, რისკები აწონ-დაწონოს და განსაზღვროს, რა სერვისებს საჭიროებს ბავშვი.

"შეიძლება ბავშვს სჭირდება სამედიცინო სერვისების მიღება, ამიტომ ამ მხრივაც მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა და მისი შესაბამისად გადამისამართება. მაგალითად, მაშინ, როცა ოჯახის წევრი ვერ მიჰყვება ან არ არის მხარდამჭერი, მარტო არ უნდა გაუშვან ბავშვი, პირობითად, გინეკოლოგთან, იგი უნდა გადაამისამართონ ფსიქიატრთან და სხვა", — ამბობს თავხელიძე.

მისი თქმით, სერვისების ნაწილშიც პასუხისმგებლობები ეკისრებათ როგორც გამომძიებლებს, ასევე, სოცმუშაკსა და პროკურორს. კერძოდ, მათ ევალებათ, რომ ფსიქოლოგს ბავშვის გამოკითხვისთვის მომზადება სთხოვონ და შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები ფსიქოლოგის თანდასწრებით წარმართონ. იურისტის განცხადებით, მერე უნდა დაიწყოს თერაპიული მუშაობა, რათა ბავშვის ფსიქოემოციური უსაფრთხოებაც იყოს დაცული.

ჩვენმა რესპონდენტმა გორში 13 წლის ბავშვის ორსულობის შემთხვევა გაიხსენა და გვითხრა, რომ კანონის მიხედვით, ასეთ დროს შეტყობინების გაკეთების ვალდებულება აქვთ სამედიცინო დაწესებულებებსაც.

"დაზუსტებით არ ვიცით, მაგრამ სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელმა საჯაროდ ისაუბრა იმაზე, რომ როგორც კი ბავშვი სამშობიაროში შევიდა, პოლიციას შეატყობინეს. აქ საინტერესოა ის, ორსულობის პროცესში თუ იყო ბავშვი აღრიცხვაზე რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში?

ვინაიდან ოჯახი მალავდა და ამაზე არ საუბრობდნენ, შეიძლება ბავშვი არ იყო აღრიცხვაზე, მაგრამ ეს უნდა დადგინდეს. თუ მაგალითად, რომელიმე ოჯახის ექიმთან ან სამედიცინო დაწესებულებაში იყო აღრიცხული, მათ მაშინვე უნდა შეეტყობინებინათ. კანონით აქვთ ეს ვალდებულება, როცა ეჭვი უჩნდებათ ბავშვზე ძალადობაზე", — თქვა მან.

რა ზომები გაატარა სკოლამ იმისთვის, როცა იცოდა, რომ ამდენი თვე ბავშვი არ დადიოდა სკოლაში? თუ დადიოდა, რატომ ვერ გამოავლინა ეს შემთხვევა მასწავლებელმა? ეს ხომ გამორიცხულია, რომ რაიმე ნიშნები ვერ შეემჩნიათ.

ანა თავხელიძე.

ანა თავხელიძე აღნიშნავს, რომ ზუსტად იგივე ვალდებულება აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც. კერძოდ, რა წამსაც ეჭვი უჩნდებათ ბავშვის მიმართ ძალადობაზე, მაშინვე ვალდებულები არიან პოლიციას შეატყობინონ, მით უმეტეს, თუ ბავშვი სკოლაში დადიოდა.

"თუ არ დადიოდა, ესეც პასუხისმგებლობაა. რა ზომები გაატარა სკოლამ იმისთვის, როცა იცოდა, რომ ამდენი თვე ბავშვი არ დადიოდა სკოლაში? თუ დადიოდა, რატომ ვერ გამოავლინა ეს შემთხვევა მასწავლებელმა? ეს ხომ გამორიცხულია, რომ რაიმე ნიშნები ვერ შეემჩნიათ, ფიზიკურად თუ არა, რამე სხვა იქნებოდა, რაზეც უნდა მიექციათ ყურადღება. შეტყობინების ვალდებულება ჰქონდა სკოლასაც და რომ არ შეატყობინა, განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები", — გვეუბნება იურისტი.

უფლებადამცველები სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირებაზე საუბრობენ. საქართველოს სახალხო დამცველიც ამბობს, რომ პასუხისმგებელი უწყებები ვერ ახდენენ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე დროულ, ეფექტიან და კოორდინირებულ რეაგირებას, რაც სისტემური ცვლილებებს საჭიროებს.

ომბუდსმენის განცხადებით, გამოძიების ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვანთან შესაბამისი სპეციალისტების ჩართვასა და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას.

სახალხო დამცველის თქმით, სახელმწიფო უწყებები ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას უშუალოდ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკაზე მორგებული გადამზადების მოდულით. მათ შორის, ვერ ახერხებენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვისა და მისი ოჯახის რეაბილიტაციას, ასევე, ვერ ქმნიან მათ ეფექტიან მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გარემოს.

გამოძიება

საგამოძიებო უწყებამ 14 წლის ნინიზე ძალადობის შესახებ ბრალდებულის დაკავებამდე, მინიმუმ, 2 თვით ადრე იცოდა. ასე თქვა დედამ, რომელიც ოჯახის მხრიდან შვილზე ფიზიკურ ძალადობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ექსპერტიზაზე ყოფნის დროს ბავშვს სხეულზე დალურჯებები აღენიშნებოდა და პოლიცია ამის შესახებაც ინფორმირებული იყო.

პოლიციამ ბრალდებული მას შემდეგ დააკავა, რაც ბავშვმა თავი მოიკლა და ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. ბრალი კი რამდენიმე დღეში დაუმძიმა და გარდა 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში სექსუალური შეღწევისა, კაცს თვითმკვლელობასაც ედავება. ბაბუა კი, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ნინის სუიციდს "დანაშაულის გამოსყიდვას" უწოდებდა, კიდევ რამდენიმე დღეში, ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დააკავეს. შსს ამბობს, რომ ის შვილისშვილზე ძალადობდა და ემუქრებოდა.

მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ რაც ევალებოდათ, "ყველაფერი გააკეთეს".

"ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება, შესაძლებლობა, ჩაგვეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები, დაკითხვები და ა.შ. ჩვენ რაც გვევალებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ. ვისი საკითხი დადგება, არ დადგება ასეთ ინტერპრეტაციას ნუ უკეთებთ. თუ ვინმეს აქვს რაიმე პრეტენზია, ეს იქნება ოჯახი თუ სხვა ადამიანი, შეიძლება შეიტანოს საჩივარი და ნახონ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და როგორც უნდა გაკეთდეს", — განაცხადა მინისტრმა.

სახელმწიფომ, რომელსაც ევალება, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები დანაშაულისა და პოტენციური დანაშაულების აღსაკვეთად, ნინის შემთხვევაში ეს ვერ შეძლო. მეტიც, შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელსაც ამგვარი დანაშაულების შესახებ პრევენციაზე ჰკითხეს, თქვა, რომ "ზეპირად" ვერ იტყოდა, რა პრევენციული ღონისძიებები გაატარეს, რადგან "ჩამოწერილი და თან წამოღებული" არ ჰქონდა.

"ზეპირად მე ვერ გეტყვით, ჩამოწერილი არ მაქვს თან წამოღებული, მაგრამ იგივე განათლების სამინისტროს აქვს ძალიან ბევრი, მე როგორც ვიცი, იგივე ინფორმირება ამ ახალგაზრდების, არის ჯგუფები, არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით", — თქვა მინისტრმა.

ამის შემდეგ კიდევ არაერთი ძალადობის შესახებ გავიგეთ.

PHR-ის იურისტმა, ანა თავხელიძემ On.ge-სთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს არაეფექტურ რეაგირებაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მათ დაუყოვნებლივ უნდა ემოქმედათ.

ზოგადად, ბავშვის მიმართ ძალადობის და განსაკუთრებით, სექსუალური ძალადობის საქმეებზე გადამწყვეტი არის სახელმწიფოს სწრაფი რეაგირება. წარმოუდგენელია, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დააკავა სავარაუდო მოძალადე.

ანა თავხელიძე.

"ზოგადად, ბავშვის მიმართ ძალადობის და განსაკუთრებით, სექსუალური ძალადობის საქმეებზე გადამწყვეტი არის სახელმწიფოს სწრაფი რეაგირება. წარმოუდგენელია, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დააკავა სავარაუდო მოძალადე. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ბავშვის ასაკიდან გამომდინარე მას უბრალოდ არ დაუჯერეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბავშვებს არ უჯერებენ. ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გააჭიანურა და მყისიერი რეაგირება არ მოახდინა", — ამბობს იგი.

PHR-მა 14 წლის ბავშვის საქმეზე პროკურატურას მუხლის გაუპატიურების კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ მიმართა, თუმცა ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ადვოკატის პოზიცია არ გაიზიარეს და უარი თქვა ქმედების კვალიფიკაციის შეცვლაზე.

განსხვავებული ვითარებაა დანარჩენ ორ შემთხვევაში. თავდაპირველად, გორში 50 წლამდე კაცს 13 მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარებას ედავებოდნენ, თუმცა 6 მარტს პროკურატურამ მას ბრალი გაუპატიურების მუხლით დაუმძიმა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ოჯახის წევრია, მან 13 წლის გოგო გააუპატიურა და მასზე ფიზიკურად იძალადა. რაც შეეხება ლაგოდეხში მომხდარ შემთხვევას, იქ საქმე თავიდანვე გაუპატიურების მუხლით აღიძრა.

სოციალური მუშაკები

14 წლის ნინის საქმეში ჩართული იყო სოციალური მუშაკიც, თუმცა მოსალოდნელი რისკები ვერც მან გათვალა. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ ცნობილი გახდა ისიც, რომ ქობულეთში მხოლოდ ერთი სოცმუშაკია. სოციალურ მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ დანარჩენები "რეორგანიზაციის" საფუძველზე გაათავისუფლეს, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ მიიჩნია, რომ იქ ერთიც საკმარისი იქნებოდა. ქეთის თქმით, როგორი მაღალი კვალიფიკაციისაც არ უნდა იყოს სოციალური მუშაკი, მთელ მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთის არსებობა პრობლემაა.

"ერთი სოციალური მუშაკი, როგორი კვალიფიკაციისაც არ უნდა იყოს, ტყუილია, რომ საქმეს გააკეთებს კარგად. მე არ ვიცი, აქ იკვეთება თუ არა უშუალოდ სოციალური მუშაკის ბრალეულობა, მაგრამ ამ მოცემულობაში მჯერა, ძალიან ადვილია დაუშვა შეცდომა, ძალიან ადვილია რისკები სწორად ვერ შეაფასო", — აცხადებს ის.

მისი თქმით, ეს რისკები იცის სახელმწიფომაც, მაგრამ "არ აღიარებს".

"გაფიცვა როცა გვქონდა სოცმუშაკებს, მაშინაც ვამბობდით, უფრო მეტი ბავშვი რომ არ იღუპება სისტემაში, ეს არის გამართლება. სისტემა ვერაფერს აკეთებს, უბრალოდ ამ ბავშვებს უმართლებთ", — ამბობს ის.

სოცმუშაკთა გაერთიანებაში ამბობენ, რომ ამ დრომდე არ არსებობს გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ სოციალურ მუშაკს არ გააჩნია კრიზისულ სიტუაციაში სამოქმედო გაიდლაინი და არ ჰყავს სატრანსპორტო საშუალება გადასაადგილებლად; მათივე განცხადებით, ამ დრომდე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დასაქმებულია 50-ით ნაკლები სოციალური მუშაკი, მიუხედავად კანონის მითითებისა, რაც იწვევს ერთ სოციალურ მუშაკზე საქმეთა გადაჭარბებულ რაოდენობას და საშუალოდ,თვეში 100-დან 200 შემთხვევაზე მუშაობას.

გარდა ამისა, სოციალური მუშაოკები ამბობენ, რომ სისტემაში ფსიქოლოგის კადრის დეფიციტიცაა და ბენეფიციარებს ხშირად რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე უწევთ მომსახურების მიღების ლოდინი.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ვკითხეთ, ამ ეტაპზე რამდენი სოციალური მუშაკია საქართველოში. მათი განცხადებით, დღეს საქართველოში 270 სოცმუშაკია, რომელთაგან 67 იმყოფება თბილისში, ხოლო დანარჩენი რეგიონებშია გადანაწილებული.

მხარდაჭერა

წლები რომ გადის და ვითვლით ბავშვებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ტრაგიკულ ვითარებაში დაიღუპნენ, სადაც ყველგან ჩანდა სისტემური პრობლემები და ეს არ იცვლება, მე მგონია, რომ ძალიან სერიოზული საფიქრალი აქვს ხელისუფლებას

მაია ცირამუა.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა ბავშვმა, უპირველეს ყოვლისა, მხარდაჭერა უნდა იგრძნოს. თუმცა ცხადია, რომ საზოგადოებაში, სადაც ბავშვებს 50 წლის კაცების "შეცდენაში" ადანაშაულებენ ან გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა სუიციდს "დანაშაულის გამოსყიდვას" უწოდებს, ეს რთულად მისაღწევია.

ცირამუა გვეუბნება, რომ მხარდაჭერა ის არის, რამაც შეიძლება ბავშვი ამ მძიმე ტრავმული გამოცდილებისგან გაათავისუფლოს. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი დამცავი ფაქტორი ამ დროს და მასში მოიაზრება როგორც საქმის სამართლებრივი წარმოება, ასევე, მსხვერპლის რეაბილიტაცია.

"მხარდაჭერაზე როცა ვლაპარაკობთ, ყველა რგოლი, სადაც ბავშვი ჯდება ამ ფაქტის შემდგომ — ეს იქნება პოლიციის განყოფილება, სასამართლო დარბაზი თუ სხვა, მთლიანად უნდა იყოს მორგებული მის საჭიროებებზე. მისი გამოკითხვა უნდა ხდებოდეს ბავშვთა საკითხებზე სპეციალიზებული პროფესიონალების მიერ; თუმცა ეს არ უნდა იყოს ხშირი, რადგან ბავშვს არ მოუხდეს გადატანილ მდგომარეობაზე ბევრჯერ საუბარი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეტრამვატიზაციის რისკის თავიდან არიდებისთვის", — გვიხსნის ის.

უპირველეს ყოვლისა, მხარდაჭერა გულისხმობს ბავშვის იზოლირებას იმ გარემოდან, საიდაც შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს, გვეუბნება ფსიქოლოგი და მიუთითებს იმაზე, რომ როცა გამოძიება ჭიანურდება ან არაეფექტურად მიმდინარეობს, ბავშვს ხშირად იმ სივრცეში უწევს გაჩერება, რომელიც რისკებს შეიცავს.

"სამწუხაროდ, პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც გამოძიება არ მიდის სწორად, რაღაც გარკვეული დარღვევებია და ჭიანურდება საქმე. ყოფილა შემთხვევები, როცა ბავშვი ისევ მოძალადის სივრცეში რჩება. ამიტომ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მისი იზოლირება. განსაკუთრებით, თუ არის ეჭვი, რომ ეს მომხდარია მის უახლოეს გარემოში, ოჯახში და ასე შემდეგ", — გვეუბნება იგი.

მაია ცირამუა

ფოტო: რეალური სივრცე

ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ ვნახეთ, რომ ხშირად საზოგადოება მსხვერპლის დადანაშაულებისკენაა მიმართული. ამაზე მიუთითებს ფსიქოლოგიც და ხაზს უსვამს, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად განათლებისა და ჩვენი ფასეულობების ბრალია.

"საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ძალადობა, რა ტიპისაც არ უნდა იყოს ის, არის მოძალადის აქტი. მოძალადის პასუხისმგებლობაა და არა მსხვერპლის, იმიტომ, რომ მოძალადე იღებს ამ გადაწყვეტილებას, მისი ქმედებაა ეს და მასზე პასუხი უნდა აგოს. ყველაზე დიდი უსამართლობაა სამყაროში, როცა ბავშვი, რომელიც კიდევ უფრო მოწყვლადი შეიძლება იყოს თავისი ასაკიდან გამომდინარე თავისუბურებების გამო, გამოიყვანო დამნაშავედ", — გვეუბნება ფსიქოლოგი.

მისი შეფასებით, სექსუალური განათლება არის საუკეთესო საშუალება, რომ ბავშვები ძალადობისგან დავიცვათ. თუმცა, ფსიქოლოგის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განათლების გარდა, ბავშვს მშობელიც ესაუბრებოდეს ამაზე. კერძოდ, უხსნიდეს როგორი შეხება არის უსაფრთხო, როგორი არის საზიანო, რას ნიშნავს პირადი სივრცე, როდის ირღვევა ეს, რა ტიპის ქმედებაზე როგორი პასუხი უნდა გასცეს და სხვა.

ცირამუას თქმით, იმისთვის, რომ მსხვერპლმა უფრო დაცულად იგრძნოს თავის, უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა დაემართოს, მას გვერდით ეყოლება ადამიანი, ვინც ყოველთვის მოუსმენს.

"ბავშვი ყოველთვის ფიქრობს, რომ თვითონ არის დამნაშავე და ამას ძალიან ცუდად იყენებენ მოძალადეები. ზუსტად ეს არის, რაც ბავშვს ხელს უშლის, რომ ილაპარაკოს და ზუსტად ეს მესიჯი უნდა გვქონდეს, რომ "რაც არ უნდა დაგემართოს, მე ყოველთვის მოგისმენ, მე ყოველთვის მხარს დაგიჭერ". ამ შემთხვევაში ბავშვი ბევრად უფრო თამამი და ბევრად უფრო დაცულია", — განმარტავს ფსიქოლოგი.

ცირამუამ ჩვენთან იმ ნიშნებზეც ისაუბრა, რომელთა საშუალებით, შესაძლოა, ბავშვზე სექსუალური ძალადობა ამოვიცნოთ და ამიტომ, მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.

"ბავშვებს ამ დროს რადიკალურად ეცვლებათ ქცევები, თუმცა ყველა შემთხვევაში ქცევების ცვლილება ამას არ ნიშნავს. ჩავთვალოთ, რომ ეს არის სარისკო ნიშნები, რომლებიც ჩაღრმავებასა და ბავშვის მდგომარეობაზე დაკვირვებას საჭიროებს. აი, მაგალითად, როდესაც ბავშვი, რომელიც იყო მხიარული, ჩვეულებრივად სოციალიზებული, სწავლობდა, უხაროდა სკოლაში სიარული და უცებ მოვიდა რადიკალურად შეცვლილი, ხდება ჩაკეტილი, არის მუდმივად გაღიზიანებული", — გვიხსნის ის.

მისივე განმარტებით, სექსუალური ძალადობის შემდეგ ბავშვები სვამენ ასაკისთვის შეუფერებელ კითხვებს და რაღაც მომენტში ავლენენ ასაკისთვის შეუფერებელ ცოდნასაც.

"მოდით, ასე ვთქვათ, როდესაც არის ძალიან რადიკალური ცვლილება ქცევაში, სწავლის უნარების მისუსტება, ყურადღების კონცენტრაცია იყო და აღარ არის, სწავლობდა და აღარ სწავლობს, იყო მხიარული და აღარ არის. ხშირად ახასიათებთ ხოლმე ავადობაც ან სხვადასხვა ტიპის ემოციური, ფსიქოსომატური მახასიათებელი, მუცლის ტკივილი და სხვა. ასევე, რაც მთავარია, საყურადღებოა, როდესაც ბავშვი ავლენს ცოდნას, რაც არათავსებადია მისი ასაკისთვის", — ამბობს ფსიქოლოგი.

რამდენად ქმედითია სისტემა, რომ მან სარისკო გარემოებები დროულად შეამჩნიოს? და რომ შეამჩნიოს საეჭვო გარემოებები, რა გვაქვს ჩარევისთვის? რა აქვს სახელმწიფოს?

მაია ცირამუა

ცირამუას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ცვლილებები ყოველთვის არ გულისხმობს სექსუალურ ძალადობას, მაინც აუცილებელია, დავინტერესდეთ და ბავშვი დიალოგზე წამოვიყვანოთ.

"ოღონდ დიალოგზე ბავშვი არ წამოვა, თუკი ჩვენ ვიწყებთ მის ბრალდებას — რატომ არ მეუბნები, რატომ არ მითხარი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მიზეზი აქვს ბავშვს, რატომაც ეს შეიძლება არ თქვას, ამიტომ ასეთი მიდგომა კიდევ უფრო დაუცველს ხდის მას", — გვითხრა მან.

მისივე განმარტებით, არის შემთხვევებიც, როდესაც კონკრეტული ადამიანის ვიზიტთან დაკავშირებით ბავშვი ძლიერ შიშს გამოხატავს. ფსიქოლოგო ამბობს, რომ ესეც ერთ-ერთი ნიშანია.

"ხომ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ აქ რაღაც ხდება? უნდა დაინტერესდეს ამით. იმის ნაცვლად, რომ კითხვები დაისვას, გაირკვეს ბავშვთან რაშია საქმე, ხშირად ბავშვი დასჯილა ამის გამო. ძალიან ბევრი ასეთი სიტუაცია ვიცი, სადაც ისინი ამბობენ მინიშნებებს, მაგრამ ეს მინიშნებები არ არის ყურადღებამიქცეული. ეს არის მთავარი — თუ ბავშვი რაღაცებს ამბობს, ეს არის ოქროს სიტყვები, იმიტომ რომ ხშირად არ საუბრობენ და თუ საუბრობენ, აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ", — თქვა მან.

რა ხდება მაშინ, როცა დამნაშავე სასჯელს იხდის და ციხეს ტოვებს?

PHR-ის წარმომადგენელი, ანა აბაშიძე ამბობს, რომ ბავშვებზე სექსუალურად მოძალადეების მიმართ სხვადასხა ქვეყანას სხვადასხვა პოლიტიკა აქვს. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში ცნობილია დამნაშავეების საცხოვრებელი ადგილი, რათა ადამიანები იყვნენ ფრთხილად, განსაკუთრებით, თუ ჰყავთ შვილები.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან სიახლე ის, რომ იქმნება რეესტრი, სადაც ამ ტიპის დანაშაულისთვის მსჯავრდებულების მონაცემები იქნება შეყვანილი, თუმცა ეს სია მხოლოდ პროფესიონალებისთვისაა ხელმისაწვდომი.

ანა აბაშიძე

ფოტო: ანა აბაშიძე / Facebook

"მაგალითად, იმ მიზნით, რომ სკოლაში არ დასაქმდეს, სკოლას შეეძლება, გადაამოწმოს ყველა კონკრეტული კანდიდატი. სხვა რაიმე ტიპის დამცავი მექანიზმი არ არსებობს. უბრალოდ გამოვა ადამიანი, მოიხდის სასჯელს და არ ვიცი, იცხოვრებს ისე, როგორც მანამდე ცხოვრობდა. ამაზეც არ არის დისკუსია დაწყებული — ეს საკმარისია? თუ უნდა გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომ დავიცვათ ბავშვები? მით უფრო, რომ არსებობს უამრავი კვლევა, რაც ადასტურებს ასეთი დანაშაულების განმეორებას", — ამბობს ანა აბაშიძე.

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო წლების განმავლობაში "აბსოლუტურად არაფერს აკეთებდა იმ ტყუილი მოტივით", რომ თითქოს მსგავსი დანაშაულებები ჩვენს საზოგადოებაში არ ხდებოდა. მისი თქმით, ამაზე მეტყველებდა სტატისტიკური მონაცემებიც, სადაც დანაშაულის სტატისტიკა ნულს უტოლდებოდა.

"ეს ახსნილი იყო იმით, ყველა ხელისუფლების მხრიდან, რომ თითქოს, ამგვარი დანაშაულები საქართველოში არ ხდება. ეს იყო მთავარი მიზეზი ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოს უმოქმედობის და ამ თვალსაზრისით სახელმწიფო ნომერ პირველი დამნაშავეა ყველა იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელმაც განიცადა ამგვარი დანაშაული", — ამბობს ის და დასძენს, რომ საქართველოს კანონმდებლობით ბავშვებზე სქესობრივი ძალადობა აქამდეც დასჯადი იყო, მაგრამ "უპასუხისმგებლო, არაკვალიფიციური და სტერეოტიპულად მოაზროვნე მმართველების გამო, რეალურად ეს ბავშვები რჩებოდნენ სისტემის მიღმა".

ანა აბაშიძე საუბრობს სკოლაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაკვეთილების აუცილებლობაზეც. მისი თქმით, ბავშვთა კოდექსის მიღების დროს ამ ჩანაწერზე უარის თქმა "მარტო გაშვებული შანსი არ არის, ეს რეალურად არის დაღუპული ბავშვები".

ამავე თემაზე:

და ბოლოს, სისტემური პრობლემის მასშტაბურობაზე მიუთითებს სახალხო დამცველის გავრცელებული სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, 2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეების მესამედზე გამოძიება შეწყდა. საქმეების ნაწილში შეწყვეტის საფუძველი მათ შორის, მტკიცებულებების არარსებობა გახდა.