საქართველოში ონლაინ გადახდების პლატფორმები დღეს არაერთი პრობლემის წინაშე დგას. იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოვაჭრეები ზედმეტად დიდ დროსა და რესურსებს ხარჯავენ მარტივი საკითხების მოგვარებაზე, გეგა წურწუმიამ, კახა გელაშვილმა და გეგა თოფაძემ გადაწყვიტეს, გაეზიარებინათ თავიანთი ამერიკული გამოცდილება და შეექმნათ სტარტაპი — Payze, რომელიც დიდი თუ მცირე ბიზნესის მფლობელებს დროის დაზოგვასა და ბიზნესის ეფექტიანად მართვაში შეუწყობდა ხელს.

ცოტა ხნის წინ Payze-მ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და დაფინანსებაც მოიპოვა. მიღებული გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ სტარტაპის თანადამაარსებელს, გეგა წურწუმიას ვესაუბრეთ.

"პროგრამაში მონაწილეობისას ძალიან საჭირო გამოცდილება მივიღეთ, განსაკუთრებით საინტერესო კი გამოცდილი ჟიურის წინაშე ფიჩინგი იყო. ეს პროცესი დაგვეხმარა როგორც ჩვენი პროექტის დეტალების კარგად გაანალიზებაში, ასევე აუდიტორიის წინაშე ეფექტიანად წარდგენაში", — გვიყვება გეგა წურწუმია.

როგორც თვითონ აღნიშნავს, პროექტის ფარგლებში მიღებულ დაფინანსებას ისინი თავიანთი ახალი პროდუქტის მასშტაბირებაში გამოიყენებენ, ეს უკანასკნელი კი ნებისმიერი ზომის ბიზნესსა თუ ფიზიკურ პირს, ვებსაიტის გარეშე, გადახდების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

"ბიზნესის მფლობელები შეძლებენ გააგრძელონ ვაჭრობა სოციალური ქსელების საშუალებით და ჩვენი ახალი პროდუქტის გამოყენებით გააციფრულონ გადახდების წყაროები", — ამბობს გეგა წურწუმია.

ასევე იხილეთ: "ონლაინ გადახდებში ყველაზე საინტერესო მეთოდი შემოვიტანეთ" — Payze