მიხეილ წიკლაურის ახალი პატენტი — Apple-ის მოწყობილობა, რომელმაც შესაძლოა ადამიანების სიცოცხლე იხსნას
ქართველი მათემატიკოსი, მიხეილ წიკლაური, Apple-ში 2017 წლიდან მუშაობს. იგი კომპანიასთან ელექტრომაგნიტური თავსებადობის ამოცანების კუთხით თანამშრომლობს. სულ ცოტა ხნის წინ მიხეილის და მისი კოლეგების გამოგონება დაპატენტდა, რომელმაც, შესაძლოა, არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნას, მათთან კონტაქტის გარეშე. სტატიაში სწორედ ამ პატენტზე მოგიყვებით.
ასევე იხილეთ: თუ ადრე მეომრებს ვზრდიდით, დღეს მეცნიერები და ინჟინრები უნდა გავზარდოთ — მიხეილ წიკლაური Apple-იდან
Apple-ის ახალ მოწყობილობას, 360 გრადუსიანი რადარის სისტემის საშუალებით, ადამიანებში სასაიცოცხლო სიგნალებისა და ჯანრმთელობის მდგომარეობის შემჩნევა შეუძლია. რადარის მსგავსი სისტემის გამოყენების უპირატესობა ისაა, რომ იგი მოწყობილობას საშუალებას აძლევს, მიიღოს ინფორმაცია მის გარშემო ნივთების, დაბრკოლებებისა თუ ადამიანების ადგილმდებარეობის შესახებ, სისტემასთან მიმართებით.
თუმცა, ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც რადარია, სისტემას უზრუნველყოფს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სასარგებლო მონაცემებით. მისი საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ იმის გაგება, თუ ზოგადად რა მიმართულებით და რა მანძილის დაშორებითაა განთავსებული ესა თუ ის ობიექტი, ეს ინფორმაცია კი, ხშირ შემთხვევაში, საკმარისი არაა. მაგალითად, იგი არ გვაწვდის დეტალებს ზუსტი მანძილის, ობიექტის განლაგების კუთხისა თუ მისი ვერტიკალური პოზიციის შესახებ.
პატენტს, რომელიც აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო მარკების ბიურომ სამშაბათს დაადასტურა, ეწოდება "ელექტრონული მოწყობილობა წრიული რადარული ანტენების წყებით". სისტემას პოტენციურად შეუძლია მოგვაწოდოს უფრო ზუსტი ინფორმაცია ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ და არამარტო.
აღნიშნული სისტემა შედგება რადარის გადამცემისა და მიმღებების წყებისგან, რომელიც ელექტრონულ მოწყობილობაშია მოთავსებული. აღნიშნული წყება განთავსებულია წრეზე და 360 გრადუსით ფარავს მთელ სივრცეს მის გარშემო.
სისტემა ერთდროულად იყენებს გადამცემების ქვეჯგუფებს, რომელთა მონაცვლეობა უზრუნველყოფს სინქრონიზებული მიმღებების მიერ სიგნალის მიღებას ნებისმიერ დროს. წრიული განლაგების საშუალებით, სისტემას შეუძლია განსაზღვროს ახლომდებარე ობიექტების ადგილმდებარეობა მოწყობილობასთან მიმართებით, ჰორიზონტალურ სიბრტყეზე მაინც.
ქვეჯგუფების დინამიურად ადაპტირება ეხმარება მოწყობილობას, უკეთესად აღიქვას არეკლილი სიგნალები, ეს ყველაფერი კი მეტ სიზუსტეს უზრუნველყოფს და მას ხელსაყრელს ხდის სხვადასხვა ობიექტის მოძრაობისთვის თვალყურის სადევნებლად და მონაცემების შესაგროვებლად ფიზიკური დეტალების შესახებ, როგორიცაა მისი ზომა და ფორმა.
ორი რადარის გამოყენება მოწყობილობის თავსა და ბოლოში და იმის ცვალებადობა, თუ რომელი გადამცემი და რომელი მიმღები იმუშავებენ ერთდროულად, ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა ვერტიკალური მდგომარეობისა და სხვა 3D დეტალების შესახებ.
ყველა სიკეთესთან ერთად, სისტემა მის გარშემო არსებულ გარემოსთან გადის ადაპტაციას. მაგალითად, თუ მას კედელთან, ან რაიმე ბრტყელ ზედაპირთან ახლოს მოათავსებთ, იგი შეამჩნევს უცვლელ ზედაპირს და მის მხარეს მიმღების წყების ელემენტებს გამორთავს. ასეთი ცვილების საშუალებით სისტემა თავს აარიდებს უსარგებლო მონაცემების შეგროვებას.
ზოგიერთი მტკიცებით, მოწყობილობის გამოყენება შესაძლოა მოხდეს სხვა დავალებების შესასრულებლადაც, გარდა ახლომდებარე ობიექტების ადგილმდებარეობის დადგენისა. ერთ-ერთი ასეთი მოსაზრების მიხედვით, მან "შესაძლოა ამოიცნოს ადამიანი ნაწილობრივ მაინც, რადარის გაზომვების საფუძველზე".
არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, სისტემას შეუძლია აღიქვას "ადამიანის სასიცოცხლო სიგნალი ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა". მოწყობილობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობასთან და ფიტნესთან დაკავშირებული რაიმე ფუნქციაც შეითავსოს.
მიხეილ წიკლაურთან ერთად, პატენტზე მუშაობდნენ ჩუნშუ ლი, ჯუია ჯადიდიანი და ვანიტ პატაკი. განცხადება პატენტის შესახებ თავდაპირველად 2018 წლის 18 სექტემბერს შეიტანეს.
მიუხედავად იმისა, რომ Apple-ს პატენტის შესახებ განაცხადი ყოველკვირეულად შეაქვს, ჩვეულებრივ, ეს იმის გარანტიას სულაც არ იძლევა, რომ ისინი მომავალში ამ პროდუქტის წარმოებას დაიწყებენ. თუმცა, აღწერის მიხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ Apple-ს უკვე აქვს აპარატული მოწყობილობა, რამაც შესაძლოა ამ მოწყობილობის რამდენიმე ელემენტი უზრუნველყოს.
HomePod მოწყობილობას აქვს ექვსი მიკროფონის წყება და შვიდი მაღალი ტონის გადამცემი რეპროდუქტორის წყება. მიკროფონების წყება საშუალებას აძლევს HomePod-ს, ექოლოკაციის საშუალებით, მაღალი სიზუსტით აღიქვას მომხმარებლის Siri-ს ბრძანებები მაშინაც კი, როცა, მაგალითად, მუსიკაა ხმამაღლა ჩართული.
Apple ასევე აპირებს გამოიყენოს HomePod ტექნოლოგია გარემოს ზონდირებისა და აუდიო დახვეწვისთვის MacBook Pro-ში.
კომენტარები