გეძლევათ შანსი, შეცვალოთ ადამიანების ცხოვრება: ახალი ციფრული პლატფორმა ქველმოქმედებისთვის
გიფიქრიათ, რატომ ვეხმარებით ადამიანები ერთმანეთს? რატომ ვუწვდით ხელს, როცა ქუჩაში წაქცეულ ადამიანს ვხედავთ, რატომ ვთავაზობთ დახმარებას ატირებულ ბავშვს, რატომ ვასწავლით ქალაქში დაკარგულ ტურისტებს ქუჩებს ან რატომ გავცემთ თანხას, რომელიც საკუთარი შრომით მოვიპოვეთ? ადამიანების უმრავლესობას სურს, აკეთოს სიკეთე არა სამაგიეროს მოლოდინის გამო, არამედ იმიტომ, რომ ამას ჩვეულებრივ მოვლენად თვლის. ეს თითქოს ინსტიქტია: იზრუნო - როცა შეგიძლია, ხელი გაუწოდო - როცა ეს ასეთი ბუნებრივია. დაეხმარო - როცა ახლოს ხარ. ამ გაგებით, ადამიანთა დიდი ნაწილი ქველმოქმედია, რომელიც შესაფერის მომენტს ელის. თუმცა შესაფერისი მომენტები ხშირად არ დგება, თანაც ისეთ სპონტანურ ქველმოქმედებას, როგორიც გამოწვდილ ხელში ხურდის ჩაგდებაა, კითხვებიც ახლავს: საკმარისია ჩვემი ქმედებები სამყაროს გასაუმჯობესებლად? მართლა ვცვლით ვინმეს ცხოვრებას უკეთესობისკენ, თუ ტყუილად ვცდილობთ? იქნებ სჯობდა, ეს თანხა სულ სხვა, ასევე კეთილი მიზნებისთვის გამოგვეყენებინა?
თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ადამიანის ცხოვრების წესზე და კომფორტზეა მორგებული. ქველმოქმედების ფორმატიც შეიცვალა. სიკეთის კეთების მოთხოვნილება სპონტანური ქმედებიდან ცხოვრების გააზრებულ ნაწილად იქცა. სწორედ ამ პრინციპებს ეყრდნობა ინოვაციური საქველმოქმედო პლატფორმა Statusdonates.ge, რომელიც ყველა მსურველისთვის ღიაა.
საიტი ადამიანებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ისეთი პროექტების, ორგანიზაციებისა თუ ადამიანების დაფინანსებაში, რომელთაც მათი მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ვიდეოისტორიების ნახვის შემდეგ, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით სასურველი რაოდენობის თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი.
ვებსაიტზე განთავსებული ერთ-ერთი პროექტი უსინათლო ბავშვებისთვის თამაშის შექმნას შეეხება.
უსინათლოთათვის ადაპტირებული თამაშები საქართველოში ნაკლებადაა ხელმისაწვდომი, არადა თამაში ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. სულ რაღაც 20 ლარად თქვენ შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ 300 უსინათლო ბავშვის გაბედნიერებაში. შეგროვებული თანხა თამაშ "აფორიზმობანას" ბრაილის შრიფტით დაბეჭდვას მოხმარდება.
ამ დროისთვის 6000-დან 1500 ლარია შეგროვებული.
კიდევ ერთი პროექტი 10 წლის ანაჰიტის მხარდაჭერას გულისხმობს. ეს პატარა ვირტუოზი მხოლოდ საკუთარი სმენით, ნოტების გარეშე უკრავს კლასიკასა და ჯაზს. გოგონას იშვიათი მუსიკალური ნიჭი გააჩნია და ხელშეწყობა ჭირდება. ანაჰიტი უკვე შეამჩნიეს საზღვარგარეთაც და ის პარიზში მიიწვიეს 2017 წლის მარტის ბოლოს.
ამ დროისთვის 3000 ლარიდან 945 ლარია შეგროვებული.
უკვე დაფინანსებულ პროექტებში კი იხილავთ ძეგვის აღდგენილ თავშესაფარს, რომელშიც 78 ადამიანი ცხოვრობს, სტიპენდიას გამომგონებელი ბავშვებისთვის, რომლებიც საოცარ პროექტებზე მუშაობენ და ახალ აუდიოსისტემას შემოქმედებითი განათლების სტუდიისთვის, სადაც მსურველები პროფესიონალურ ცოდნას იღებენ დიზაინის, აუდიო-ვიდეო და მუსიკის სფეროებში.
საზოგადოების აქტიური ჩართულობა იმის გარანტიაა, რომ დაფინანსების საჭიროების მქონე პირები თუ პროექტები მიიღებენ აუცილებელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვნად შეიცვლება მათი მომავალი.
თიბისი ბანკი ყოველწლიურად 4-5 მილიონიან დაფინანსებას ახორციელებს სხვადასხვა სოციალური პროექტის, კულტურის, სპორტის თუ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების მხარდასაჭერად. აქცენტი უმეტესად განვითარებაზე, მომავალი თაობების აღზრდაზე და მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე კეთდება.
თიბისი სტატუსის ახალი პლატფორმის ფარგლებში თავს მოიყრის უამრავი ისტორია, რომელთა დაფინანსებაში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. თავის მხრივ, თითოეული ამ ისტორიის დაფინანსებაში თიბისი ბანკიც შეიტანს წვლილს, ასევე, ფონდის ადმინისტრირების ხარჯებსაც მთლიანად ბანკი დაფარავს.
თიბისი ბანკის სტატუს მომსახურება, რომელიც არაერთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, 2017 წელს 10 წლის ხდება. პერსონალური საბანკო მომსახურება კლიენტებისთვის დროის დაზოგვას და მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად, რასაც ქველმოქმედების თანამედროვე მეთოდების შეთავაზება ემატება.
ასე რომ, თუ თქვენც თვლით, რომ ქველმოქმედება უნდა იყოს გამჭვირვალე, ეფექტური და მრავალფეროვანი - Statusdonates.ge სწორედ თქვენთვისაა.
კომენტარები