რა ვიცით ნამახვანჰესზე — რატომ არის ის პოლიტიკური და სამეცნიერო ტრაგედია

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რატომ იბრძვის მოსახლეობა ნამახვანჰესის წინააღმდეგ

ენერგეტიკის საკითხები ქვეყანაში ხშირად არის გადაჯაჭვული პოლიტიკასთან. ნამახვანჰესის მშენებლობის გარშემო შექმნილი აურზაური ამის ნათელი ილუსტრაციაა. ერთი მხრივ კასკადის მშენებლობით, რომელიც ნამოხვანში იგეგმება, ენერგოდამოუკიდებლობის დაწინაურებას გვპირდებიან, მეორე მხრივ ამ კასკადის მშენებლობა საოცრად არაპოპულარულია, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე საზოგადოებაში და საინჟინრო და სამეცნიერო წრეებში.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ ბრძოლა ორ ფრონტზე მიმდინარეობს. კითხვის ნიშნის ქვეშაა როგორც მისი "პოლიტიკური" საჭიროება, ისე მისი მშენებლობის მიღმა არსებული საინჟინრო გადაწყვეტილებების ვალიდურობა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებელი კომპანია, რომელიც კასკადის აშენებას გეგმავს და მთავრობა, რომელიც მისი აშენების ნებართვას გასცემს, გვარწმუნებენ, რომ კასკადი იქნება უსაფრთხო და ადგილობრივი მოსახლეობა არ დაზარალდება, ამის საბუთს არცერთი არ წარმოადგენს.

პრობლემა ის კი არაა, რომ ვიცით რა გავლენა ექნება ნამახვანჰესს ადგილობრივ გარემოზე, ხალხზე და მთლიანად საქართველოზე, არამედ ის, რომ პროექტის შესახებ არც არაფერი არ ვიცით და მშენებლობაში მონაწილე არცერთი მხარე არ იწუხებს თავს, რომ წარმოადგინოს დოკუმენტაცია იმის შესახებ, თუ რა გვერდითი ეფექტები ექნება კასკადის მშენებლობას ან რატომ ამბობენ ასე "თავდაჯერებით", რომ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი აზრსმოკლებულია.

ამ მომენტში, კასკადის მშენებლობა ისე, როგორც დაგეგმილია, უბრალოდ მავნებლობაა. შექმნილი ვითარების სხვანაირად აღქმა თავის მოტყუებაა. მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი აბსოლუტურად გასაგებია და ვფიქრობ, პროტესტისადმი როგორც მინიმუმ სოლიდარობის გამოცხადება მოქალაქეობრივი მოვალეობაა. მით უმეტეს იმიტომ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ნამოხვანში 100 დღეზე მეტია აპროტესტებს და მთელი ეს დრო პოლიცია მიზნად ისახავს, რომ ხალხის ნება უგულებელყოს და ძალის გამოყენებით, ხელი შეუწყოს კორპორატიულ ოფისებში მიმალული უფროსების ვნებებს.

თვალწარმტაცი მოვლენა ისაა, რომ ნამახვანჰესს არც "სამეცნიერო ლეგიტიმაცია" აქვს. კერძოდ, კომპანია არ ასაჯაროებს რელევანტურ დოკუმენტაციას იმის თაობაზე, თუ როგორ შეფასდა გარემო მშენებლობის დაწყებამდე, რამდენადაა გათვალისწინებული სხვადასხვა რისკები, რა გავლენა ექნება მის აშენებას მიკროკლიმატზე და წარმოადგენს თუ არა ის პოტენციურ სტრატეგიულ სისუსტეს ქვეყნისთვის. ამ საკითხზე ჩვენ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსს, ლაშა სუხიშვილს ვესაუბრეთ.

პოლიტიკური ლეგიტიმაციის არარსებობა

"შპს ენკა რინიუებლზს“ 2020 წლის 28 თებერვლის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებამდე 25-მდე კვლევის შესრულება და წარდგენა დაევალა", — ვკითხულობთ EMC-ის ანგარიშში, რომელიც 2021 წლის 10 თებერვალს გამოქვეყნდა.

მიუხედავად ამისა, "2020 წლის 22 აპრილს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიაზე პირობადადებული სამშენებლო ნებართვა მაინც გასცა. კომპანიას ამავე ნებართვით უფლება მიეცა ადგილზე არა მხოლოდ მოსამზადებელი ტიპის სამუშაოები, არამედ ძირითადი რიგის მიწის სამუშაოებიც შეესრულებინა. თუმცა, ჩანაწერი, რომელიც კომპანიას აღნიშნული სამუშაოების განხორციელების უფლებას აძლევდა, სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სამშენებლო ნებართვიდან ამოღებულია. შპს "ენკა რინიუებლზს", დღეის მდგომარეობით ადგილზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების უფლება აღარ გააჩნია", — წერია EMC-ის ანგარიშში.

ფაქტი, რომ სანებართვო პირობები ირღვევა და კომპანია, პრაქტიკულად, დაუმორჩილებლობას უცხადებს საქართველოს კანონმდებლობას, თავისთავად შემაშფოთებელია. მეორე მხრივ, პროექტის ლეგიტიმაცია დამატებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუ გავითვალისწინებთ, რომ კასკადის მშენებლობის გაცხადებული მიზნები, როგორიცაა ელექტროენერგიის გაიაფება და ენერგოდამოუკიდებლობის დაწინაურება, არსებული მონაცემებით მცდარია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა" თავის ანგარიშში, რომელიც 2019 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა, საინტერესო გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნაზე, რომ ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდების ფასი გაძვირდება.

ენერგეტიკული რესურსი სტანდარტული პროდუქტი არ არის, რომელიც ბაზარზე იყიდება, რადგან მას პირველ ყოვლისა სახელმწიფო ყიდულობს. როცა კომპანია ჰესს აშენებს, სახელმწიფო მასთან კონტრაქტს დებს, რომ გამომუშავებულ ენერგიას შეისყიდის გარკვეულ, ხშირად ფიქსირებულ ფასად.

გამომცემლობა "მთის ამბებში", საქართველოში ჰესების მიმდინარე მშენებლობების დანახარჯის IMF-ის და მსოფლიო ბანკის შეფასება, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის მწვანე ალტერნატივის მეშვეობით გახდა ცნობილი, კარგადაა ილუსტრირებული: "ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში, ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულება 15 წლით არის გაფორმებული. სახელმწიფომ ყოველწლიურად აპრილ-სექტემბერში გამომუშავებული ენერგია უნდა შეიძინოს. ტარიფი - 6.2 ცენტი/კილოვატსაათია, წლიური 2,5%-იანი ზრდით".

საერთო ჯამში, სვანეთში ნენსკრა ჰესის, ლეჩხუმსა და იმერეთში ნამახვანის ჰესების კასკადის და აჭარის კორომხეთის ჰიდროელექტროსადგურების მუშაობა, "საქართველოს ბიუჯეტს 1,2 მილიარდი ლარის ზარალს მოუტანს". რაც იმითაა განპირობებული, რომ ეს ჰიდროელექტროსადგურები "ჭარბ ენერგიას" გამოიმუშავებს.

ფაქტი, რომ ზემოხსენებული ჰესები ერთად "ნამატ" ენერგიას გამოიმუშავებენ თავისთავად საგანგაშო არაა. გასაკვირი არაა, რომ მშენებლობები მომავალში პოტენციურად მზარდი ენერგომოხმარებისთვის ან მეტი ენერგოდამოუკიდებლობისთვის კეთდება, თუმცა აშკარა არაა, რომ მოთხოვნაზე საპასუხოდ კონკრეტულად ამ ჰესების აშენება ერთადერთი გამოსავალია და სხვა ალტერნატივები არ არსებობს. კონტრაქტის გათვალისწინებით, ისიც საეჭვოა, რომ კონკრეტულად ნამახვანჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია.

რა უნდა ვიცოდეთ ჰესებზე საქართველოში

ჰიდროელექტროსადგურები და ჰესები სუფთა ენერგიის სანდო წყაროდ მოიაზრება, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ კაშხლების მშენებლობა ხშირად გარემოს მნიშვნელოვნად ცვლის და კაშხლოვან სისტემებში სერიოზული ინვესტიცია იდება, მსგავსი პროექტები ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა განხორციელდეს. ეს ის საჭირო სიფრთხილეა, რომელიც საქართველოში ჰესების მშენებლობისას, ხშირად, პრაქტიკულად უგულებელყოფილია.

ამის ნათელი ილუსტრაცია დარიალის ჰესია, რომლის მშენებლობაც, ქართველი გლაციოლოგის, ლევან ტიელიძის თქმით, "არაფრით არ შეიძლებოდა". ეს ჰესი წყლის რესურსს ძირითადად დევდორაკის მყინვარიდან იღებს, რომელსაც "ყინულოვანი ზვავები" ახასიათებს. ეს რისკი იყო, რომელიც როგორც ჩანს, ჰესის მშენებლობისას გათვალისწინებული არ იყო, რადგან 2014 წელს, დევდორაკის სტიქიის გამო, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული სამხედრო გზა ჩაიხერგა.

ჭალაათში წყალმიმღები ორი მდინარის შესართავთანაა განთავსებული, მესტია-ჭალა ჰესიც ორი მდინარის შესართავშია განლაგებული. "წყალუხვობა" ჰესისთვის, იდეაში, კარგია, თუმცა რომ შეხედოთ ამ ჰესების პროექტებს, აღმოაჩენთ, რომ უმნიშვნელოვანესი გარემოებები გათვალისწინებული არ არის, როგორიცაა, მაგალითად, ყინულის ლღობა.

გლობალური კლიმატის ცვლილება მართლაც გლობალურია და ის საქართველოზეც აისახება. ტემპერატურის მატებასთან ერთად, მყინვარები დნება. ეს გარემოება გათვალისწინებული არსად არის. მყინვარულ აუზში მოთავსებული ჰესის დანგრევა ან გადატვირთვა, შეიძლება უზარმაზარი მასშტაბის კატასტროფით დასრულდეს.

საქართველოში ჰესების მშენებლობაზე და გაუთვალისწინებელ რისკებზე, დედამიწის მეცნიერებათა შემსწავლელი და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის მკვლევარს, გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსს, ლაშა სუხიშვილს ვესაუბრე. თუ კი რამე ავტორიტეტული კვლევითი და სადამკვირვებლო ორგანო არსებობს საქართველოში, რომელიც ამ საკითხებზე კომპეტენტურია, სწორედ ეს ცენტრია. ნამახვანჰესის საკითხს სანამ მივუბრუნდებით, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ პოტენციური რისკი, რომელიც ჰესების უყურადღებო მშენებლობას უკავშირდება.

"ვერ გეტყვით, რომ აბსოლუტურად ყველა ჰესის დოკუმენტაცია მაქვს გავლილი, მაგრამ იმ დოკუმენტაციაში, რაც მინახავს, მე მომავლის, ხარისხიანი პროექციები არ შემხვედრია", — ამბობს სუხიშვილი.

"დევდორაკი-ამალის ხეობა არის გლაციალური ზონა და 19-ე საუკუნიდან უკვე ცნობილია, რომ საუკუნეში რამდენჯერმე ხდება ის, რაც მოხდა 2014 წელს დარიალის ხეობაში. აქ იყო რუსეთის საქართველოში შემოსასვლელი სამხედრო გზა და ამიტომ საბჭოთა კავშირში აკეთებდნენ აღწერას ყოველი ასეთი კატასტროფის. ამიტომ წლების, თვეების და დღეების სიზუსტით ვიცით, როდის ჩამოდიოდა მსგავსი ღვარცოფი დევდორაკის ხეობაში. რაც ვიცოდით უკვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ იქ ჰესი არ აშენებულიყო. იქ ჰესის აშენება არის წარმოუდგენელი ამბავი... ყველამ ვიცით, რომ თითში ჩაქუჩი რომ ჩავირტყათ, გვეტკინება. ასეთი ცხადი ამბავი იყო, რომ იქ ჰესის აშენება არ შეიძლებოდა", — ამბობს სუხიშვილი.

"2014 წლის ღვარცოფის შემდეგ, ჩვენმა ჯგუფმა მყინვარწვერის გარშემო დააყენა სეისმური სადგურები, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე ჩართულია და აღმოჩნდა, რომ მყინვარწვერი არის საკმაოდ აქტიური ვულკანი. აქტიური იმ გაგებით არა, რომ იქიდან მაგმა ამოდის და ამოფრქვევები ხდება. უბრალოდ მაგმის კერით გამოწვეული ვიბრაციები ხდება, დღეში შეიძლება 200-300 მოხდეს. ეს ვიბრაციები, დამატებით კლიმატის ცვლილება, ჰაერის დათბობა იწვევენ იმ ღვარცოფებს, რაც იგემა დარიალის ჰესმა", — ამბობს ლაშა სუხიშვილი.

სუხიშვილის თქმით, დედამიწის მეცნიერებათა შემსწავლელი ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი საქართველოში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც სეისმური აქტივობის მონიტორინგს აკეთებს, ანუ ეს ცენტრი აგენერირებს სეისმურ მონაცემებს. მაშინ, როცა საქართველოში კომპანია აკეთებს სეისმურ კვლევას და ამ ცენტრის მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება არ ხდება, "ეს უკვე კითხვის ნიშნებს აჩენს".

ნამოხვანში კასკადის მშენებარე კომპანია ამტკიცებს, რომ სეისმური კვლევები ჩაატარა, თუმცა ენკა რინიუებლზი სერიოზულ სამეცნიერო, იგივე სეისმურ კვლევებს არ ასაჯაროებს და არსად არაა მინიშნება, რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციას ეყრდნობა.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, საქართველოში ასეთი სურათია: შენდება ჰესები, ბევრ მათგანს რიგი მნიშვნელოვანი გარემოებები გათვალისწინებული საერთოდ არ აქვს, ან მშენებელი კომპანიები ამტკიცებენ, რომ გათვალისწინებული აქვთ, მაგრამ ამის საბუთს საჯაროდ არ წარმოადგენენ. ნებისმიერი ჰესი, თუნდაც პატარა, ძალიან სერიოზული საინჟინრო ნაგებობაა, რომელიც შესაძლოა პოტენციურ რისკებთან იყოს ასოცირებული.

რა მოხდება თუ კაშხალი დაინგრევა? რა შემაკავებელი მექანიზმები არსებობს ამის პრევენციისთვის? რა გავლენა ექნება მსგავს კატასტროფას რეგიონზე? და ა.შ. ეს კითხვები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იგივე ნამოხვანის კასკადს რამე რომ შეემთხვეს, ქუთაისი და დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილის, შესაძლოა, ეგზისტენციური საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ეს რისკი შეიძლება მაღალი არ იყოს, თუმცა მცირე შანსის არსებობის შემთხვევაშიც კი, რისკი გასათვალისწინებელია და სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს.

ნამახვანჰესი — საინჟინრო ტრაგედია

ეგრეთ წოდებული "ნამახვანჰესი" ჯერ არ აშენებულა, თუმცა თუ ოდესმე აშენდება, მისი ისტორია საინტერესო გაკვეთილი იქნება მომავალი ინჟინრებისთვის: როგორ არ უნდა აშენდეს ჰესი.

როცა ვამბობთ, რომ ჰესების მშენებლობისას წინაპირობები და გარემოებები გათვალისწინებული არ არის, ეს ნამოხვანის კასკადის შემთხვევაშიც ჭეშმარიტია.

"პირველ რიგში ჰიდროელექტროსადგურმა რომ გამოიმუშაოს ენერგია, საჭიროა ვიცოდეთ წყლის რესურსი: წყლის ჩამონადენის რეჟიმი სეზონების მიხედვით, დღე-ღამური რეჟიმი... ასეთი გაზომვები იქ არ ჩატარებულა. არათუ ნამოხვანში, არამედ საქართველოში არ არსებობს არცერთი მდინარე, რომელზეც მუდმივად ტარდება მდინარის ხარჯის გაზომვები", —– ამბობს სუხიშვილი.

მისი თქმით, ჰიდროლოგიაში მდინარის ხარჯი ტერმინია, რაც ნიშნავს ერთეულოვან დროის მონაკვეთში გასული წყლის მოცულობას. "ანუ, რა რაოდენობის წყალი გაედინება რიონის ხეობის იმ მონაკვეთში ბევრი წლის განმავლობაში არავის არ გაუზომავს".

სუხიშვილის თქმით, მდინარე რიონი შერეული კვების მდინარეა. ანუ, რიონში წყალი ხვდება მყინვარებიდან, თოვლის ნადნობი წყლით, მიწისქვეშა წყლის რესურსიდან და ატმოსფეროდან (წვიმა, თოვლი). "ეს ნიშნავს, რომ კომპლექსური კვების წყარო აქვს მდინარე რიონს და ცალ-ცალკე უნდა მოხდეს ამ რესურსების შეფასება".

"დღევანდელი სიტუაცია შემდეგია: მიმდინარეობს კლიმატის გლობალური ცვლილება, ამ ცვლილებაზე არსებობს რამდენიმე სცენარი და ეს სცენარები ჩვენი რეგიონისთვის პრინციპულად ერთი და იგივე მიმართულების მაჩვენებელია. განსხვავება არის მხოლოდ იმაში თუ რამდენად სწრაფად დადგება ეს ცვლილებები. ბოლო 10 წელია უკვე ვაკვირდებით, რომ რაც იყო "სცენარი", უკვე რეალობაა. ანუ, რეალურად იცვლება კლიმატი. გაიზარდა გვალვიან დღეთა რაოდენობა და გაიზარდა თავსხმა წვიმები. ამის პარალელურად, ჩვენს რეგიონში მატულობს ჰაერის ტემპერატურა, რაც ნიშნავს მყინვარების დნობას. ეს ჰიდრორესურსისთვის საინტერესო თემაა", — აღნიშნავს ლაშა სუხიშვილი.

ყინულის მუდმივი დნობა, ჰესისთვის, ერთი შეხედვით, შეიძლება კარგი ამბავი იყოს. ანუ, მოკლევადიან პერიოდში, მდინარეში წყალი ჭარბი რაოდენობით ჩაედინება. თუმცა, სუხიშვილის თქმით, "მას შემდეგ, რაც ეს მყინვარი უკან დაიხევს, მდინარეში წყალი აღარ მოხვდება. მე როცა წავიკითხე ნამახვანჰესის დოკუმენტაცია, იქ ვერ ვნახე კლიმატის ცვლილების რეალური კვლევა. იგავ-არაკები და ზღაპრები იქ ბევრი წერია, მაგრამ მე ვერ ვნახე რეალური კვლევა კლიმატის ცვლილებასთან, წყლის ხარჯთან და რესურსების შეფასებასთან დაკავშირებით".

სუხიშვილი კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითებს, კერძოდ ფაქტზე, რომ რიონის ხეობა სავსეა კარსტული პროცესებით, ანუ მღვიმებიით და მღვიმეთა ქსელებით. "ხეობაში არის კარსტული პროცესები, ქანებში არსებული სიღრუეები, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემა იყოს დიდმასშტაბიანი ჰიდროტექნიკური ნაგებობის ჩადგმისთვის, თუნდაც კაშხლის ჩადგმისთვის... ძალიან მარტივად შეიძლება უბრალოდ ჩაქცევა მოხდეს ან რეზერვუარიდან წყლის გაპარვა მოხდეს და ა.შ".

"როცა დავსვით ეს შეკითხვა, რამდენად მოხდა კარსტული სიღრუეების შესწავლა ნამოხვანის შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ იქ იყო გეოფიზიკოსთა ჯგუფი, რომელმაც ეს ყველაფერი შეისწავლა. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ეს "შეისწავლა" არის მოთხრობა და იგავ-არაკი იქამდე, სანამ არ გვაჩვენებენ და ჩადებენ რეალურ კვლევას, გეოფიზიკურ პროფილებს, მიკროკლიმატზე გავლენის შეფასებას, არ ჩადებენ პროფილების ლოკაციებს და ინტერპრეტაციებს. დღემდე არ ვიცით სად გააკეთეს ეს პროფილები ან რა გამოჩნდა ამ პროფილებში", — ამბობს ლაშა სუხიშვილი.

სუხიშვილის თქმით, კომპანია ამტკიცებს, რომ რიგი კვლევები ჩატარებული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევების ვალიდურობა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი რატომღაც არ არის. სუხიშვილი იმასაც ამბობს, რომ "კაშხლის ნგრევის შემთხვევაში, განვითარებული სცენარის მოდელირება არ არსებობს".

რა მოხდება ნამოხვანის კაშხლის დანგრევის შემთხვევაში — უხეში მოდელირება

დედამიწის მეცნიერებათა შემსწავლელმა ცენტრმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა, გააკეთა უხეში, სუხიშვილის თქმით "მარტივი ორგანზომილებიანი" მოდელირება იმისა თუ რა მოხდება ნამოხვანის კაშხლის დანგრევის შემთხვევაში. ხაზგასასმელია, რომ ეს მხოლოდ უხეში მოდელირებაა, ძალიან საგრძნობი ცდომილებით. მეორე მხრივ, პოტენციური სცენარის საილუსტრაციოდ, მაშინ როცა სხვა მოდელირება არ არსებობს, საკმაოდ მნიშვნელოვანი.

"ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ ერთგვარი კითხვა დაგვესვა, ვიდრე შედეგი გვეჩვენებინა. ასეთ მოდელირებას სჭირდება ძალიან ზუსტი რელიეფი, ზუსტი ნგრევის სცენარები, ანუ საკმაოდ მსხვილი პროცესია, ჩვენ ასეთი ფუფუნება არ გვქონდა, რომ მთელი დასავლეთ საქართველოს რელიეფი გაგვეკეთებინა, მაგრამ გამოვიყენეთ ის, რაც გვქონდა", — ამბობს სუხიშვილი.

"თუ კონკრეტული სცენარით დაინგრა ნამახვანჰესის ქვედა კაშხალი, 102 მეტრნახევრიანი რომაა, ტალღა ქუთაისამდე მიაღწევს 19 წუთში. ტალღის პიკური სიმაღლე იქნება 34 მეტრი, ფოთამდე ჩააღწევს 2 მეტრიანი ტალღა, რასაც დასჭირდება 3-4 საათი".

უხეში მიახლოებითაც კი აშკარაა, რომ კაშხლის ნაწილობრივი ნგრევის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა სერიოზული ზიანი მიადგეს დასავლეთ საქართველოს და რაც მთავარია, იქ მცხოვრებ ადამიანებს. სუხიშვილის თქმით, "როცა დავსვით ეს შეკითხვა, "თუ გაქვთ გაკეთებული უკეთესი მოდელირება?" — ამაზე მივიღეთ პასუხი, რომ თაღოვანი კაშხლები არ ინგრევა".

ნამოხვანი და მოსახლეობის ინფორმირება

"ნამოხვანის შემთხვევაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოსახლეობის ინფორმირება", — ამბობს სუხიშვილი. "როცა შენდება ხიდი (რამხელაც არ უნდა იყოს), იმ ხიდის დაზიანების ან სრული ნგრევის შემთხვევაში, დაზიანდება მხოლოდ მიდამოები. 50 სართულიანი კორპუსი რომ დაანგრიოთ, შეიძლება დაზიანდეს 200 მეტრიანი რადიუსი. მაგრამ, როცა შენდება კაშხალი, რომელიც აგუბებს საკმაოდ დიდი ფართობის წყალსაცავს, მის დაზიანებას ექნება გავლენა არა მხოლოდ ნამოხვანის ან ტვიშის მოსახლეობაზე, არამედ ქვედა დინებაზე, ქუთაისზე და დაახლოებით 70 დასახლებაზე".

აუცილებელია, რომ ასეთი მასშტაბური პროექტის მშენებლობისას, მოსახლეობა, რომელზეც მშენებლობას გავლენა ექნება, კარგად იყოს ინფორმირებული პოტენციურ რისკებზე და ცვლილებებზე. სუხიშვილის თქმით, რადგან ნამოხვანის პროექტი საკმაოდ მოცულობითია, აუცილებელია, რომ კომპანია "ესაუბროს" არა მხოლოდ ნამოხვანის მოქალაქეებს, არამედ ყველა მუნიციპალიტეტს, რომელზეც მშენებლობამ ან ნაგებობისთვის ზიანის მიყენებამ შეიძლება გავლენა იქონიოს.

ნებისმიერ დროს, როცა ხდება გარიგება ორ ჯგუფს შორის, ეს გარიგება კი შეიძლება ზიანის მომტანი იყოს მესამე ჯგუფისთვის, რომელიც ამ გარიგებაში არ მონაწილეობს, გარიგება არაეთიკურია. პირველ რიგში, ნამახვანჰესის ლეგიტიმურობა, თუ ელემენტარულ მორალურ პრინციპებზე ვთანხმდებით, უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ რა შედეგები ექნება მას საქართველოს მოსახლეობის უშუალოდ იმ ნაწილზე, რომელზეც ჰესს გავლენა და პოტენციური გავლენა ექნება. რადგან აშკარაა, რომ ადგილობრივებს ამ ჰესის მშენებლობა არ უნდათ, ვფიქრობ, მშენებლობა ავტომატურად არალეგიტიმურია.

შეგვიძლია მოვიგონოთ ჰიპოთეტური ზღაპრები, რომლის მიხედვითაც, ნამახვანჰესი შეიძლება მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის საზიანო იყოს, მაგრამ სახელმწიფოს მთლიანობაში ძალიან წაადგეს, მაგრამ ეს ზღაპრები არარელევანტურია, რადგან ის რეალობას არ ეფუძნება.

რეალობა ისაა, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის ეფექტები შესწავლილი საერთოდ არაა, ადგილობრივების, როგორც მინიმუმ, ძალიან დიდ ნაწილს მისი აშენება არ სურს. მშენებელ კომპანიას არ აუღია პასუხისმგებლობა, რომ პოტენციური რისკების შესახებს ადამიანებს რელევანტური და ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია მიაწოდოს და არსებული ინფორმაციით, ჰესის მშენებლობის და მისგან ენერგიის გამოსყიდვის ფინანსური ხარჯი საერთოდ არაა ქვეყნისთვის მომგებიანი.

შესაბამისად, საერთოდ კითხვის დასმა "აქვს თუ არა ლეგიტიმაცია ნამახვანჰესის მშენებლობას?" აზრს მოკლებულია, თუ გავითვალისწინებთ ინფორმაციის სიმწირეს. რელევანტური დოკუმენტაცია, რელევანტური ეროვნული სამეცნიერო ინსტიტუტები და ადგილობრივთა პოზიცია მიანიშნებს, რომ პროექტის მშენებლობის გაგრძელება არალეგიტიმური და საკმაოდ საშიშიცაა.

ნამახვანჰესი — ქართული ინფრასტრუქტურისა და მეცნიერების მდგომარეობის ილუსტრაცია

ენერგეტიკულ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მით უმეტეს მასშტაბურ ნაგებობას სერიოზული ლეგიტიმაცია სჭირდება. სამშენებლო პროექტები რომ დავივიწყოთ, ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ეხება სტრატეგიულ უსაფრთხოებას, ენერგომომარაგებას, მოქალაქეთა კეთილდღეობას და ა.შ, სჭირდება მოკვლევა და ლეგიტიმაცია.

განვითარებულ სამყაროში, მასშტაბურ პროექტებს და პოლიტიკის ცვლილებას, ხშირად რელევანტურ დარგში მომუშავე სპეციალისტთა ჯგუფები, მთავრობის ან პარლამენტის დაკვეთით ასრულებენ. საქართველოსთვის ეს იშვიათადაა ჭეშმარიტი.

საქართველოში გატარებული ენერგო თუ ეკონომიკური პოლიტიკა, მთავრობის ან პარლამენტის დაკვეთით, ექსპერტების მიერ არ ფასდება. ჩახლართულ სამეცნიერო ჟარგონებზე რომ არ ვისაუბროთ, მოიძიეთ საპარლამენტო დებატი ნებისმიერ მიღებულ კანონზე და შეხედეთ, რომელიმე დეპუტატი კანონის ქების ან გაკრიტიკებისას ეყრდნობა თუ არა ემპირიულ წყაროს.

მაგალითად, როცა ტრამპის ადმინისტრაციის დროს, კორპორატიული გადასახადი 37%-იდან 21%-მდე შეამცირეს, ამას დებატი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ წარადგინა პროექციები თუ რა მოხდებოდა. ცვლილების ამოქმედებიდან წელიწადნახევარში, დემოკრატიული პარტიის (მაშინდელი ოპოზიციის) თაოსნობით, კონგრესმა დამოუკიდებელ ორგანოს ამ ცვლილების ეკონომიკაზე გავლენის შესწავლა დაუკვეთა. შემდგომ დაიწყო დებატი იმის თაობაზე, გამართლდა თუ არა მმართველი პარტიის დაპირებები და ა.შ.

როცა ტრამპმა შემოიღო ახალი გარემოსდაცვითი პოლიტიკა, ან როცა ობამამ ჯანდაცვის სისტემაში ცვლილება შემოიღო, მსგავსი კვლევები, მთავრობის დაკვეთით მუდამ კეთდებოდა. შეიძლება მთავრობამ ეს კვლევები არ გაითვალისწინოს, მაგრამ მოქალაქეებს შემდეგი არჩევნებისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისთვის ბევრად მეტი რესურსი აქვთ. აშშ გამონაკლისი არ არის, იგივე ხდება იმ ქვეყნებში, რომლებსაც გვინდა რომ "დავემსგავსოთ".

რამდენი ინსტიტუტი ან ორგანიზაცია იცით საქართველოში, რომელიც მსგავს პროექციებს და კვლევებს ატარებს, ეკონომიკურ ან ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით? რაზე დაყრდნობით უნდა შეაფასოს ნამოხვანში მცხოვრებმა ადამიანმა ან პოლიტიკით დაინტერესებულმა პირმა, თუნდაც აქტივისტმა, რა გავლენა ექნება ნამახვანჰესს, თუ ამის ინფორმაცია ქვეყანაში არ მოიპოვება და მთავრობა მწვანე შუქს უნთებს კომპანიას, რომელიც მინიმალურ სტანდარტებს უგულებელყოფს?

ადამ სმიტის სიტყვები რომ ვისესხო, "ყველაფერი ჩვენთვის და არაფერი სხვისთვის, ყველა დროს, იყო კაცობრიობის ბატონების საშინელი მაქსიმა". აქაც იგივეა, კაცობრიობის ბატონებს უნდათ, რომ ჰესი აშენდეს და არც მინიმალური სტანდარტების დაცვა სურთ, არც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ