მეცნიერებმა ხელოვნური კუნთი შექმნეს, რომელიც ვარჯიშის შედეგად ძლიერდება
რობოტებს შეიძლება კუნთები ჰქონდეთ, რომლებიც ვარჯიშის შედეგად ძლიერდებიან.
მეცნიერებმა ახლახან შექმნეს ახალი გელი, რომელიც, ბიოლოგიური კუნთის მსგავსად, "ვარჯიშთან" ერთად ძლიერდება.
New Scientist-ის მიხედვით, შესაძლოა, ამ მასალის გამოყენებამ ახალი, უფრო მოქნილი რობოტების თაობის შექმნას შეუწყოს ხელი, რომლებიც დროთა განმავლობაში რეალურად ზრდიან და ავითარებენ თავიანთ შესაძლებლობებს იმის მიხედვით, თუ რა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად არიან ისინი შექმნილნი. თუ ჩავთვლით, რომ ახალი კუნთები რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად პრაქტიკული იქნება, მაშინ ისეთი მანქანების დამზადება, რომლებიც ცხოველების მსგავსად შეძლებენ ადაპტაციასა და ზრდას, წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება რბილი რობოტიკის ჯერ კიდევ საწყის სტადიაზე მყოფი მიმართულებისთვის.
როგორც ვიცით, ბიოლოგიური კუნთების ზრდა წარმოადგენს სხეულის საპასუხო რეაქციას ვარჯიშისას მიღებულ დაზიანებებზე. ასევე, ძლიერდება და იზრდება ხელოვნური კუნთებიც — და მეტიც, ისინი 66-ჯერ უფრო მეტად ძლიერდებიან, თუმცა, სწორედ იგივე მექანიზმით, რასაც ბიოლოგიურ ორგანიზმში ვხვდებით.
ჟურნალ Nature Materials-ში ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ახალ გელში მეცნიერებმა გამოიყენეს ნანომასალები, რომლებიც აყალიბებენ ძლიერ ახალ კავშირებს მას შემდეგ, რაც გელი იკუმშება, ან მასზე მექანიკურად ზემოქმედებენ. ეს კი აღნიშნულ ნივთიერებას, დროთა განმავლობაში, უფრო მკვრივსა და ძლიერს ხდის.
"ვარჯიშის შედეგად ჩვენი კუნთები იზრდება და მკვრივდება. სწორედ ამ პროცესის მიბაძვას ვცდილობთ ჩვენი გელის საშუალებით, რათა ხელოვნური კუნთი ვარჯიშის შედეგად გაიზარდოს და განმტკიცდეს", — განუცხადა New Scientist-ს კვლევის თანაავტორმა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის მოლეკულურმა ინჟინერმა, ჯაო ვანგმა.
ამ დროისთვის, ეს პროცესი მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობს — გელი ფიზიკური სტრესის საპასუხოდ მკვრივდება, თუმცა, ამის შემდეგ მოდუნება აღარ ხდება.
სწორედ ამაზე აპირებენ მუშაობის გაგრძელებას ვანგი და კვლევაში მონაწილე სხვა მეცნიერები. თუ ისინი შეძლებენ "რბილი რობოტის" კუნთების მოდუნებას ფიზიკური ზემოქმედებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს ამ რობოტს ბევრად უფრო მრავალმხრივ იარაღად აქცევს, რომელიც თანდათან შეძლებს ადაპტაციას და საკუთარი თავის განმტკიცებას, რათა უკეთ გაუმკლავდეს სხვადასხვა ამოცანებსა თუ შესასრულებელ სამუშაოს.
კომენტარები