იუკიო მიშიმა: იაპონელი მწერლის სპექტაკლად ქცეული ცხოვრების და სიკვდილის ისტორია
იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და, ამავდროულად, ორაზროვანი რეპუტაციის მქონე ავტორის, იუკიო მიშიმას უჩვეულო ცხოვრებამ და დრამატულმა გარდაცვალებამ უკვდავი, თუმცა შემაშფოთებელი მითი შექმნა. მწერლის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ასპექტებზე BBC-ის ჟურნალისტი, თომას გრეჰემი გვიყვება.
აივანზე ისე გადმომდგარა, თითქოს სცენაზე იყოს. პატარა, უზადო ფიგურა ქვემოთ განლაგებულ ჯარს მიმართავს. ეს იუკიო მიშიმაა, დაბადებით — კიმიტაკე ჰირაოკა. ის იაპონიის ყველაზე ცნობილი რომანისტი გახლდათ, როცა, 1970 წლის 25 ნოემბერს, ტოკიოს სამხედრო ბაზაში შეიჭრა, მეთაური გაიტაცა, გარნიზონის შეკრება აიძულა და შემდეგ გადატრიალების მოწყობა სცადა.
მიშიმამ იმ სახელმწიფოსა და სისტემის წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელსაც ზურგს აშშ უმაგრებდა. სიტყვით გამოსვლისას ჯარისკაცები მორჩილების გამო გააკრიტიკა და მათ იმპერატორის, როგორც ცოცხალი ღმერთისა და ეროვნული ლიდერის, ომამდელი ძალაუფლების აღდგენისკენ მოუწოდა. თავიდან აუდიტორია თავაზიანობის ან სულაც განცვიფრების გამო დუმდა, თუმცა დამსწრეები მალევე ახმაურდნენ და იუკიოს სიტყვები მასხრად აიგდეს. მიშიმამ უკან დაიხია, შენობაში შებრუნდა და თქვა: "მგონი, ვერ გამიგეს". შემდეგ დაიჩოქა და სამურაის სუიციდის რიტუალით, სეპუკუთი, თავი მოიკლა.
მიშიმას სიკვდილმა მთელი იაპონია განაცვიფრა. ის იმ დროს ქვეყანაში პოპვარსკვლავის დარი პოპულარობით სარგებლობდა. მიშიმას იმიჯი საკუთარ თავში აერთიანებდა მაჩიზმს, პროვოკაციულობას და, ამავდროულად, ერთგვარ აბსურდულობასაც. ამ თვისებათა ნაზავით ის თანამედროვე ამერიკაში ნორმან მეილერის ან საფრანგეთში მიშელ უელბეკის ფიგურებს შეგვიძლია შევადაროთ. თუმცა მისი სიკვდილის დღეს ის, რაც აქამდე მიმზიდველ იმიჯად მიიჩნეოდა, ზედმეტად განამდვილდა. იმ დილით იაპონიის პარლამენტის, დიეტის 64-ე სესია იხსნებოდა და შეკრებას თავად იმპერატორიც ესწრებოდა. მიშიმას გარდაცვალების ამბავმა პრემიერმინისტრის სიტყვაც კი დაჩრდილა — მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სეპუკუთი არავინ გარდაცვლილიყო.
"ზოგი ფიქრობდა, რომ ის შეიშალა, ხოლო ზოგს ეს ქმედება ეგზიბიციონისტურ ქმედებათა დამაგვირგვინებელ ისეთ აქტად ეჩვენა, რომელიც საზოგადოების შოკირებისთვის იყო გამიზნული — სხვების გაოცების სურვილი სწორედ ის თვისება გახლდათ, რითაც მიშიმამ სახელი გაითქვა", — წერს იაპონელი ფილოსოფოსი, ჰაიდე იშიგურო ჟურნალ The New York Review-ში 1975 წელს გამოქვეყნებულ ესეში, — "მემარჯვენე პოლიტიკოსების მცირე ნაწილმა მიშიმას სიკვდილი პატრიოტულ აქტად და იმჟამინდელი იაპონური სისტემის წინააღმდეგ გამოთქმულ პროტესტად შერაცხა. სხვებს კი სწამდათ, რომ ეს ქმედება იმ ნიჭიერი ადამიანის მიერ დადგმულ სასოწარკვეთილ და საზარელ ფარსს წარმოადგენდა, რომელიც თავად იყო enfant terrible, ანუ ბავშვურ-მიამიტურად სასტიკი და რომ მან ვერ აიტანა ზრდასრულობაში შებიჯება და უფერული ცხოვრებით ცხოვრება". თავის მხრივ, ცნობილია, რომ ერთხელ მიშიმამ ცოლს უთხრა: "არა უშავს, თუ მაშინვე ვერ შეძლებენ ჩემ გაგებას, რადგან იაპონია 50 ან 100 წლის შემდეგ მაინც გამიგებს".
მიშიმა იაპონიის ლიტერატურულ ასპარეზზე 1949 წელს ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანით, ნიღბის აღსარება, წარდგა და სახელიც მაშინვე გაითქვა. წიგნი სუსტი, მგრძნობიარე ბიჭის ისტორიას გვიყვება, რომელიც უმეტეს დროს სნეული ბებიის მოვლაში ატარებს — გარეთ სხვა ბიჭებთან თამაშის ნაცვლად, მან წლები მოხუცის ოთახის ავადმყოფურ სურნელებასა და სიბნელეში გამოკეტილმა გალია.
ბიჭის გონება სწორედ ამ ოთახში ვითარდება. მისთვის რეალობასა და წარმოსახვას შორის ზღვარი ფაქტობრივად წაშლილია. უფრო მეტიც, წარმოსახვა ნელ-ნელა უფრო ძლიერდება და რეალობას ჩრდილავს. ბებიის გარდაცვალებისას ბიჭი უკვე იმდენადაა მიჩვეული ფანტაზიორობას, რომ ცხოვრებას თეატრად აღიქვამს. მას არ შეუძლია, რეალობას თვალი გაუსწოროს და უსაზღვრო წარმოსახვის უნარს შეეწინააღმდეგოს. მის მკაფიო, ხშირად კი ძალადობრივ წარმოდგენებში მასკულინური თვისებების მქონე, სწორხაზოვანი კაცები და ბიჭები დომინირებენ. ამის პარალელურად ის განიცდის, რომ ნორმად მიჩნეულ ყალიბში ვერ ჯდება და ამის დასაფარად საკუთარი თავისთვის შერჩეული როლის თამაშს იწყებს: "იძულებითი თეატრალური წარმოდგენაც იწყება".
სილამაზე და ნგრევა
ნიღბის აღსარების სიუჟეტი ბიჭის ზრდასრულად ქცევის გზას მიჰყვება — ამ მოგზაურობაში დეტალურად არის აღწერილი როგორც მისი ცხოვრება, ასევე შინაგანი განვითარებისა და ჰომოსექსუალური სურვილების გაღვიძების ჩახლართული პროცესი. ბევრი მიზეზის გამო ეს რომანი მიშიმას შემდგომი ცხოვრებისა და ნაშრომების ანალიზისთვის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია. წიგნში გაცხადებულია ის მჭიდრო კავშირი, რომელიც მწერლის სექსუალობასა და ესთეტიკურ მგრძნობელობას შორის არსებობდა. რომანში ვკითხულობთ, რომ პროტაგონისტმა "მთელი გრძნობით გაითავისა სიკვდილის დოქტრინა, რომელიც ერთობ მოდური გახლდათ ომის წლებში", როცა სამხედრო სამსახურში გაწვევა და თავგანწირვა გარდაუვალი იყო. და მართლაც, მიშიმა იმ იდეით იყო შეპყრობილი, რომ მშვენიერება მაშინაა ყველაზე ლამაზი, როცა წარმავალია და განადგურების პირას დგას.
რომანში სწორედ აღნიშნული რწმენა ერწყმის მამაკაცური ფორმებით, ანუ იმ ფიზიკური თვისებებით აღფრთოვანებას, რომელიც უმწეო პროტაგონისტს აკლია. ეს წინააღმდეგობა კი მამაც მეომრებსა და მათ სისხლიან აღსასრულებზე შექმნილ ფანტაზიებს კვებავს. ბიჭის "ღამისა და სისხლისა და სიკვდილის" პირადი სამყარო "ფრიად ნატიფი ბოროტებითა და დახვეწილი დანაშაულებით" არის სავსე და ეს ყველაფერი რომანში განყენებული ცივსისხლიანობითაა მოთხრობილი.
ნიღბის აღსარებაში ცხადად იკვეთება, რომ თეატრალურ წარმოდგენებსა და რეალობას შორის ზღვარი ერთობ ბუნდოვანია, რაც მიშიმას საჯარო ქმედებებისა თუ ნაწერების განუყრელი მახასიათებელია. ეს გარემოება ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს ავტორმა თავადვე ამხილა საკუთარი თავი და რომანში პირადი შინაგანი ბრძოლები წარმოგვიჩინა. თუმცა, იმავე წარმატებით ისიც შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ეს, უბრალოდ, მედიისა და საზოგადოების ოსტატურად მანიპულირების მცდელობა იყო. მიშიმა ერთდროულად ახერხებდა, სკანდალებითაც გაეთქვა სახელი და ერთგვარი უმწიკვლოებაც შეენარჩუნებინა.
ამ ფორმულამ გაამართლა. მან მიშიმა ომის შემდგომი იაპონური ლიტერატურის enfant terrible-ად აქცია და ერთგული მკითხველიც შესძინა. ის, მართალია, დეკადენტური მისწრაფებებით გამოირჩეოდა, თუმცა, ამავდროულად, დისციპლინირებული მწერალი იყო და ნაყოფიერადაც მუშაობდა. მწერალი თავისი ნაშრომებით მაღალი ლიტერატურის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და ნოოს პიესებს წერდა, თუმცა, ამასთან, ფართო მასებისთვის გათვლილ პოპულარულ მხატვრულ ტექსტებსაც ქმნიდა.
მიშიმა ტოკიოს მაღალ საზოგადოებაშიც გაერია და დენდური იმიჯი შეიქმნა. მწერლის სახე, გამოკვეთილი ძვლებითა და ნაზი თვალებით, ფოტოებზე მომხიბვლელად აღიბეჭდებოდა. გარდა ამისა, მას კავშირები ჰქონდა უცხოურ პრესასთან და მათ კორესპონდენტებთან მეგობრობდა. მიშიმა ამ ადამიანთა კეთილგანწყობის მოპოვებით ცდილობდა, სახელი წყნარი ოკეანის მიღმაც გაეთქვა. ამ მხრივ მან გარკვეულ წარმატებას მიაღწია კიდეც: "თუ საზღვარგარეთ ყველაზე ცნობილი იაპონელი Sony-ს დამფუძნებელი აკიო მორიტა იყო, მიშიმამ მოახერხა და მას პოპულარობით ლამის გადაუსწრო კიდეც", — დაწერა მთარგმნელმა და მოგვიანებით მიშიმას ბიოგრაფმა, ჯონ ნათანმა.
50-იან წლებში შექმნილ მიშიმას ნაშრომებს, ნიღბის აღსარების მსგავსად, ავტობიოგრაფიული ხაზი გასდევს. მაგალითად, 1951 წლის რომანში, აკრძალული ფერები, ხანში შესული მწერალი ახალგაზრდა გეი კაცით მანიპულირებს, რომელიც მწერალთან კავშირს კეთილმოწყობილი ცხოვრებისა და ფინანსური უსაფრთხოების მიზნით ამყარებს; 1956 წელს გამოცემულ წიგნში, ოქროს ტაძარი, ბუდისტი ბერი მთლიანად მოცულია ტაძრის სილამაზითა და იმის რწმენით, რომ შენობა დაბომბვისას განადგურდება. მაგრამ როცა მოვლენები ასე არ ვითარდება და ტაძარი ომს გადაურჩება, ის საკუთარი ხელით ანგრევს მას; ხოლო 1959 წლის რომანში, კიოკოს სახლი, მოკრივე მემარჯვენე პოლიტიკოსების მხარეს იჭერს, მსახიობი კი სადომაზოხისტურ ურთიერთობაში ებმება, რაც ორმაგი თვითმკვლელობით სრულდება.
მიშიმას ტექსტებს უნიკალური თემატიკა კი ახასიათებს, მაგრამ სტილისტურად ის ნობელის პრემიის მფლობელი მწერლის, იასუნარი კავაბატას პროტეჟეა. კავაბატა მიიჩნევდა, რომ ლიტერატურას არა პროპაგანდისტული, არამედ წმინდად მხატვრული დანიშნულება ჰქონდა. მიშიმას ნაწერების უმრავლესობა სწორედ ამ რწმენითაა შექმნილი — თითქმის ტრადიციული სტილით, ის ყველაზე დიდ ყურადღებას გრძნობების მძაფრად გადმოცემაზე ამახვილებს. სხეულების, ქსოვილების და სურნელების აღწერა მასთან თითქმის ფეტიშისტურია: "ტახტზე გადაკრულ ხელოვნურ ქამხაზე შემოვლებული გამჭვირვალე ნეილონის მთრთოლარე შეხება ოთახს ნერვული მღელვარებით ავსებდა... ქამრის შეხსნის ხმას, რომელიც გველის გამაფრთხილებელი სისინივით გაისმა, უფრო ნაზი ბგერა მოჰყვა — კიმონო იატაკზე ჩამოსრიალდა" (მეზღვაური, რომელსაც ზღვა აღარ სწყალობდა, 1963 წელი).
მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა და 60-იან წლებში მიშიმას ცხოვრებაში, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ეტაპი დაიწყო. თუ აქამდე მწერალს თავი წმინდა ესთეტად და დეკადენტ რომანტიკოსად მოჰქონდა, ცხოვრების ბოლო 10 წელში მან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მიშიმამ ვარჯიში — სუსტი სხეულის გასამაგრებლად და კუნთების დასაყენებლად ის ყოველდღე ორ საათს ატარებდა სავარჯიშო დარბაზში და გასარუჯად მზესაც უფრო ხშირად ეფიცხებოდა.
ამასთან, მიშიმამ მემარჯვენე ღირებულებების მქონე სტუდენტებისგან ჯგუფი, ფარის საზოგადოება დააკომპლექტა, რომლის წევრთა წვრთნის პროცესსაც თავად უძღვებოდა. საზოგადოების შექმნის გაცხადებული მიზანი კომუნისტური რევოლუციის დაწყების შემთხვევაში ჯარისთვის დახმარების გაწევა იყო.
ამ ტრანსფორმაციას ლოგიკური ახსნა ჰქონდა, რომლის კონტურებიც მწერლის სიკვდილიდან ორი წლით ადრე, 1968 წელს გამოქვეყნებულ ენიგმატურ ესეში, მზე და ფოლადი: ხელოვნება, ქმედება და რიტუალური სიკვდილი, გამოიკვეთა. ტექსტში მიშიმა თავის განვლილ ცხოვრებას აფასებს და ასკვნის, რომ ის ერთი მხრივ გაძლიერებულმა წარმოსახვის უნარმა და ჭარბსიტყვაობამ, მეორე მხრივ კი მატერიალურობისა და ქმედების სიმწირემ დააუძლურა.
"ასე წარმომიდგენია, რომ რიგით ადამიანში სხეული წინ უსწრებს ენას", — წერს მიშიმა, — "ჩემს შემთხვევაში უპირველესი სიტყვები იყო; და მხოლოდ შემდეგ — დაგვიანებით და აშკარა იძულებით — გაჩნდა ხორცი, რომელიც უკვე ცნებებში შეფუთული მოევლინა სამყაროს. ცხადია, რომ ის, სამწუხაროდ, წინდაწინვე იყო სიტყვებით გაუფასურებული". მას სურდა, რომ საკუთარ თავში ფიქრებისა და ქმედებების იმპულსები დაებალანსებინა და ძველი სამურაისეული იდეალი — "კალმისა და მახვილის ჰარმონია" აღედგინა. მისი გულისწადილი სამყაროსა და საკუთარ თვალში საქმის კაცად ქცევა იყო.
შემოქმედებითობის უკანასკნელი აფეთქება
მიშიმა უკვე 40 წელს გადაცილებულიყო და ამას მთელი სიმწვავით აცნობიერებდა. "მშვენიერება ახალგაზრდა უნდა მოკვდეს, სხვა ყველაფერმა კი რაც შეიძლება დიდხანს უნდა იცოცხლოს", — დაწერა მან მსახიობის, ჯეიმს დინის, ნაადრევ გარდაცვალებაზე, — "სამწუხაროდ, ხალხის 95 პროცენტს ეს პირიქით ესმის, რის გამოც თვალწარმტაცი ადამიანები 80 წელზე მეტხანს ებღაუჭებიან სიცოცხლეს, ხოლო საძაგელი სულელები 21 წლის ასაკში კვდებიან". მიშიმა გრძნობდა, რომ თავისი დრო იწურებოდა და მან საკუთარი თეატრალური წარმოდგენის უკანასკნელი მოქმედების დაგეგმვა დაიწყო.
ყველა ადამიანს უდგება მომენტი, როცა ცხოვრებას სცენად აღიქვამს. მაგრამ ცოტა თუ ცხოვრობს ისე, რომ მთელი თავისი არსებობა სპექტაკლად აქციოს. და ასეთთაგანაც მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელნი ბედავენ სანახაობის სეპუკუთი დახურვას. მიშიმასთვის ეს სიცოცხლის განმავლობაში დაგროვებული ფანტაზიის კულმინაცია იყო. თუმცა დასასრულის მინიშნებები ყველგან იყო მიმობნეული. ჯერ კიდევ ნიღბის აღსარებაში გამოიკვეთა მისი მთავარი ელემენტები — ჯარისკაცები, სიკვდილი და სისხლი. მებრძოლად თვითგარდაქმნის პროცესმა მიშიმა თავადვე აქცია საკუთარი სურვილების ობიექტად: რაღაც ლამაზად, რომლის განადგურებაც ღირს.
მწერლის არსება უკვე შესამჩნევად მოეცვა სეპუკუს იდეას: მან მოკლე მოთხრობა დაწერა, სახელწოდებით პატრიოტიზმი, რომლის ეკრანიზაციაშიც თავადვე მიიღო მონაწილეობა, რისთვისაც სეპუკუს დეტალურად გათამაშება მოუწია. შესაძლოა, მიშიმას უკანასკნელი აქტი პოლიტიკური პროტესტიც იყო, თუმცა, ამავდროულად, ეს ის მომენტი აღმოჩნდა, როცა სიკვდილი ხელოვნებად იქცა.
საკუთარი ცხოვრების უკანასკნელი დღის დილას მიშიმამ გამომცემლობას თავისი ტეტრალოგიის ბოლო ტომი გაუგზავნა. ამ ოთხმა წიგნმა, რომელიც გახელებული შემოქმედებითობის შედეგად დაიწერა, მის ხელწერაში ახალი შტრიხები შეიტანა. სიუჟეტი იწყება 1912 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის დასრულებიდან მალევე, და მთავრდება 1975 წელს. ამგვარად, მოქმედება განსაკუთრებული ცვლილებების პერიოდში მიმდინარეობს. ისტორიული პერიპეტიებს — საიმპერატორო იაპონიის აღზევებას, გამანადგურებელ მეორე მსოფლიო ომს და კაპიტალისტურ-კონსუმერისტული იაპონიის შექმნას — მკითხველი მთავარი გმირის, ჰონდას პერსპექტივიდან ეცნობა. ჰონდა, რომელიც, სავარაუდოდ, თავად ავტორის პროტოტიპია, ამ ყველაფერს თავისი ბავშვობის მეგობრის რეინკარნაციებთან ერთად უმკლავდება. მეგობრის ეს პერსონაჟი ასახიერებს მარადიულ სულს, რომელიც ცვლილებებითა და ხრწნითაა გარემოცული.
მიშიმას ადრეულ ნამუშევრებთან შედარებით, ნაყოფიერების ზღვა უფრო ღრმად ფილოსოფიურია. ბოლო ორი ტომი კი ნაჩქარევად დაწერილს ჰგავს და მათი მოცულობაც შესამჩნევად შემცირებულია. მიშიმამ ტეტრალოგიის უკანასკნელი ნაწილი, ანგელოზის გახრწნა, 1970 წლის აგვისტოში, ზღვისპირას, საოჯახო არდადეგებზე ყოფნისას დაწერა. მიშიმა წერილში, რომელიც 1970 წლის 18 ნოემბრით თარიღდება, თავის მენტორს, ფუმიო კიომიძუს, წერს: "ჩემთვის ამ წიგნის დამთავრება სხვა არაფერია, თუ არა სამყაროს აღსასრული". ანგელოზის გახრწნის უკანასკნელ ფრაზებში საოცარი სიმშვიდე იკითხება:
თუ მსგავსი ლიტერატურული სიახლეები არასდროს გყოფნის და თან ყოველთვის ეძებ ახალ საკითხავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა წავიკითხო?
კომენტარები