"ტერორის 7 წუთი" კარგად დასრულდა — NASA-ს მოხეტიალე Perseverance მარსის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა
დღეს, 18 თებერვალს, (თბილისის დროით უკვე 19 თებერვალს) მარსის ზედაპირზე განთავსდა NASA-ს მოხეტიალე — Perseverance. თითქმის ხუთთვიანი მოგზაურობის შემდეგ, ხომალდმა წარმატებით გადალახა "ტერორის 7 წუთი" და ახლახან დაეშვა ეზეროს კრატერზე.
მანამდე კოსმოსური ხომალდი EDL ფაზაში შევიდა. EDL, რომელიც ყველაზე მოკლე და ინტენსიური ფაზაა მთელი მისიის ფარგლებში, ასევე ცნობილია, როგორც "ტერორის შვიდი წუთი". ამ შვიდწუთიანი ფაზის მანძილზე კოსმოსური ხომალდის სიჩქარე 20 000 კმ/სთ-დან 0 კმ/სთ-მდე შემცირდა. სწორედ ამ პერიოდში დაეშვა Nasa-ს "შეუპოვრობა" მარსზე და დედამიწელებს პირველი ფოტოც გამოგვიგზავნა.
Perseverance, იგივე Percy, 2020 წლის 30 ივლისს, თბილისის დროით დილის 7:50 საათზე გაუშვეს კანავერალის კონცხიდან. ოთხი თვისა და 18 დღის მოგზაურობის შემდეგ, მან საბოლოოდ მიაღწია პლანეტას. დღეიდან კი მოხეტიალე მარსის ზედაპირის გამოკვლევას შეუდგება და მოგვაწვდის ცნობებს იმის შესახებ, თუ სიცოცხლისთვის რამდენად ხელსაყრელია ეს პლანეტა და როგორია მისი წარსული.
ექვსბორბლიანი მოხეტიალე NASA-ს მეხუთე და ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ რობოტს წარმოადგენს. იგი 1040 კილოგრამს იწონის და აღჭურვილია რობოკიდურით, კამერების მასივით და ორი მიკროფონით.
მარსზე სიცოცხლის კვალის საძებნელად იგი ორ ლაზერსა და რენტგენულ სხივებს გამოიყენებს, რომლის საშუალებითაც ნივთიერებების ქიმიური ანალიზის ჩატარება იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, მას ევალება მარსის ზედაპირიდან ქვების ნიმუშების შეგროვება, რომელსაც იგი მარსის შემდეგ მისიას გადასცემს უკან, დედამიწაზე ჩამოსატანად.
მოგეხსენებათ, რომ აშშ-ის გარდა, წელს მარსის მისიებს ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც უძღვებიან. ჩინეთის Tianwen-1-მა წითელი პლანეტის ორბიტას 10 თებერვალს მიაღწია, მოხეტიალეს და დამშვებს კი მარსის ზედაპირზე დაახლოებით 2-3 თვეში განათავსებს. მისიის მიზანს ერთი მხრივ მარსზე ფოტოების გადაღება, პლანეტის ზედაპირის დახასიათება, მისი ნიადაგის შემდგენლობის შესწავლა და წყლისა და ყინულის ძებნა, მეორე მხრივ კი პლანეტის ატმოსფეროს შესწავლა წარმოადგენს.
რაც შეეხება არაბთა გაერთიანებული საამიროების მარსის პირველ მისიას — Hope-ს, ხომალდმა პლანეტის ორბიტას 9 თებერვალს მიაღწია. იგი მარსის ატმოსფეროსა და მზის ქარების ურთიერთქმედებას და პლანეტის ამინდს შეისწავლის.
NASA-ს Perseverance-ის დაშვების ხილვას კი ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში შეძლებთ.
კომენტარები