გრეტა თუნბერგის აზრით, რა დროს მარსია, როცა დედამიწას სჭირდება დახმარება
ახალი სატირული ვიდეორეკლამა, რომელიც Fridays for Future (FFF), იგივე Climate Strike კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, დასცინის დედამიწიდან მარსზე ადამიანთა 1%-ის "გაქცევის" იდეას მაშინ, როდესაც ჩვენი პლანეტა გასაჭირშია. FFF არის გარემოსდაცვითი მოძრაობა, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ნომინანტმა, გრეტა თუნბერგმა დააარსა.
ეს ნამდვილად პროვოკაციული ვიდეოა, მაგრამ ის მარსისკენ ერთჯერადი მისიის კრიტიკას უფრო გავს, ვიდრე დამაჯერებელ და საფუძვლიან არგუმენტს კლიმატის ცვლილებების შესახებ. სხვა სიტყვებით, იგი სინამდვილიდან გაქცევის მცდელობა უფროა, ვიდრე გესლიანი სატირა.
ვიდეო ოთხშაბათს გამოქვეყნდა, მაშინ როდესაც ყველანი NASA-ს Perseverance მოხეტიალის მარსზე დაშვების მოლოდინში ვართ.
"დედამიწაზე ადამიანთა არსებობის 5 მილიონ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ცვლილებების დროა. მარსი, 145 მილიონი კვადრატული კილომეტრი ფართობის ხელშეუხებელი მიწა, თვალწარმტაცი პეიზაჟები და წარმოუდგენელი ხედები", — ამბობს ხმა ვიდეოში.
"მარსი, შეუბღალავი პლანეტა, ახალი სამყარო, სადაც შეგიძლია ყველაფერი თავიდან დაიწყო და იყო თავისუფალი", — ამბობს იგივე ხმა.
ვიდეოს ბოლოს კი ასეთო ფრაზაა: "და ადამიანთა დანარჩენმა 99%-მა, რომლებიც დედამიწაზე ვრჩებით, ჯობს კლიმატის ცვლილებას მივხედოთ".
ეს მარსზე ტურიზმის განვითარებისთვის ეფექტური რეკლამაა — და, ცოტა დამაბნეველია, რომ სწორედ ეს უნდოდათ ვიდეოს შემქმნელებსაც.
"ჩვენ გვინდოდა ხაზი გაგვესვა უბრალო ნონსენსისთვის", — განუმარტავს FFF-ის წარმოადგენელი Euronews-ს. "სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კოსმოსური პროგრამები და სამყაროს უმდიდრესი ადამიანები (რომლებიც მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს წარმოადგენენ) ორიენტირებულნი არიან მარსზე. NASA-ს მხოლოდ Perseverance მოხეტიალეს შექმნა, გაშვება, მისი ამუშავება და ანალიზი 2.7 მილიარდი დოლარი დაჯდა — და მაინც, ადამიანთა უდიდესი ნაწილს არასდროს ექნება მარსზე მოხვედრის შანსი".
რეკლამა მართლაც მშვენიერია, მაგრამ მისი გზავნილი ცოტა შეუსაბამოა. შორეულ პლანეტაზე გამგზავრების იდეის გაკრიტიკება ახალი დასაწყისისთვის შესაძლოა არ იყოს ყველაზე ეფექტიანი გზა დედამიწის კატასტროფული სიტუაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
მაგალითად, NASA-ს ბიუჯეტის მითითება მარსის ზედაპირის შესასწავლად ცოტა უადგილოა. აშშ-ს მთავრობამ 2019 წელს თავდაცვის დეპარტამენტს სულ რაღაც 700 მილიარდი დოლარი გაუნაწილა და მხოლოდ 21.5 მილიარდი დოლარი იყო გამოყოფილი NASA-ს სამეცნიერო აღმოჩენების პროგრამებისთვის.
ლოგიკურია, რომ სამყაროსთვის ფინანსურად აშკარად ხელმისაწვდომია კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა და, ამავდროულად, მზის სისტემის შესწავლა და მარსზე კვლევების ჩატარება.
კომენტარები