Stack გავლენიანი გამოცემის TechCrunch-ის ფავორიტია — რას ნიშნავს ეს?
Stack — ეს არის ახალი ხედვა ბრაუზერების ისტორიაში და რაც მთავარია, ის ქართულია. დიახ, არ მოგესმათ, ქართული სტარტაპი, რომელმაც დღის სინათლე სულ სამიოდე წლის წინ იხილა, დღეს უკვე წარმატებული კომპანიაა და მისი პროდუქტით უამრავი უცხოელი ინვესტორი ინტერესდება.
ბრაუზერების ისტორია ინტერნეტის შექმნასთან ერთად დაიწყო და მათი სახე ამ დროის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა. ინტერნეტ ექსპლორერიდან დაწყებული და ქრომიუმზე დაფუძნებული ბრაუზერებით დამთავრებული, ყველა ერთნაირ სამომხმარებლო ინტერფეისსა და დანიშნულებას იზიარებს. სთექი ასეთი არ არის. ის, ერთი შეხედვით, არასტანდარტული ბრაუზერია
სთექის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორს, 500 Startups-ს, რომელიც 2010 წელს კალიფორნიაში დაფუძნდა და საქართველოში საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით შემოვიდა. ისინი კონცენტრირებული არიან დამწყებ ბიზნესებსა და სტარტაპებზე, რომლებიც ბიზნესის უკიდეგანო ბაზარზე პირველ ნაბიჯებს დგამენ. 2021 წლისათვის 500 Startups-ს უკვე 2 400-ზე მეტ კომპანიაში აქვს ინვესტიცია ჩადებული. 500 Startups მთელ მსოფლიოში ოპერირებს, მათი პოვნა თითქმის ყველგან შეიძლება. კომპანიას წარმომადგენლობები სან-ფრანცისკოში, მეხიკოში, მაიამიში, დუბაიში, ბაჰრეინში, სტამბულსა და ბანგკოკშიც აქვს. 2015 წლიდან აქსელერაციის სამთვიანი პროგრამები ლონდონსა და ოსლოშიც დაიწყეს. გარდა თანაინვესტირებისა, 500 Startups სტარტაპების მხარდაჭერას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიებისა და კონფერენციის გამართვითაც ახორციელებს.
სწორედ 500 Startups-ის აქსელერატორული კამპანიის 5 ფინალისტს შორის მოხვდა Stack, რაც დამეთანხმებით, ნამდვილად დიდი წარმატება და წინგადადგმული ნაბიჯია. ამ ფაქტმა გამოიწვია ის, რომ ქართული ბრაუზერი მსოფლიო დონის გამოცემების ყურადღების ცენტრში მოექცა.
Stack-მა ისეთი კომპანიის ყურადღება მიიპყრო, როგორიც TechCrunch-ია.
TechCrunch ამერიკული გამოცემაა, რომელიც 2005 წელს დაფუძნდა და ფოკუსირებულია მაღალტექნოლოგიურ კომპანიებსა და სტარტაპებზე. მათი მფლობელი ამჟამად უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია Verizon Media გახლავთ.
TechCrunch-ის სიაში Stack-მა პირველი ადგილი დაიკავა და მათთვის საქებარი სიტყვებიც არ დაუშურებიათ — "ბრაუზერებისა და მასში არსებული ტაბების სახე დიდი ხანია არ შეცვლილა და ფაქტობირვად ისევ ისეთივეა, როგორც ეს Netscape-ის შექმნის დროს იყო (1994). ინფორმაციის დაორგანიზება პრობლემურია, როდესაც ოპერირება ასობით ტაბს შორის გვიწევს. Stack ამ პრობლემის აღმოფხვრის ახალ გზებს გვთავაზობს. ის მეტად ინტერაქტიულია, გახსნილი ტაბების დაორგანიზებაში გვეხმარება და მათი ვიზუალური აღქმაც მარტივდება".
ჩვენ ვესაუბრეთ Stack-ის აღმასრულებელ დირექტორს — გიორგი ლალიაშვილს. მან ტექ ქრანჩის სტატიის შემდეგ განვითრებულ მოვლენებზე და კომპანიის სამომავლო გეგმებზე საინტერესო ინფორმაცია გაგვანდო.
რა გავლენა აქვს TechCrunch-ს სტარტაპების წარმატებაზე?
როგორც უკვე ვთქვით, ტექ ქრანჩი სტარტაპებზე ორიენტირებული გამოცემაა, მათი მკითხველი ის აუდიტორიაა, ვინც თანამედროვე, ინოვაციური კომპანიების განთვითარებას მუდამ ადევნებს თვალს. მათ შორის ინვესტორებიც არიან, რაც ნებისმიერი დამწყები სტარტაპისთვის ნამდვილად კარგია. თუკი მათი პროდუქტით ასეთი ადამიანები დაინტერესდებიან, წარმატების შანსიც საგრძნობლად გაიზრდება
გიორგის თქმით 500 Startups გახდა ის დამაკავშირებელი ხიდი მსოფლიო ბაზართან, რომელიც ყველა სტარტაპს, რომელსაც წარმატების მიღწევა სურს, აუცილებლად ჭირდება.
Stack-ს 2021 წლისათვის დიდი გეგმები აქვს, გიორგიმ გვითხრა, რომ წელს მათი მიზანი სწრაფი და ექსპონენციალური ზრდა იქნება, მათი სურვილია, რომ 2021 წლის ბოლოს სთექი იყოს ბრაუზერი, რომელიც ყველაზე ხშირად იქნება ნახსენები ინტერნეტ სივრცეში.
ამასთანავე, გიორგიმ ისიც დაამატა, რომ მარტიდან სთექი ვაკანსიებს გამოაცხადებს.
მათ ჭირდებათ დეველოპერები და უბრალოდ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც სთექის გუნდს შეურთდებიან და სტაბილურად ჩაერთვებიან კომპანიის განვითარების პროცესში. ასეთი ადამიანების ძებნა უკვე დაწყებულია და თუ თვლით, რომ Stack-ის გუნდს გამოადგებით, მაშინ ყურადღებით იყავით და კიდევ ერთხელ გეტყვით — ელოდეთ ვაკანსიებს მარტიდან.
კომენტარები