მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მარსზე წყალმცენარეების გაზრდა შეიძლება
ახალი ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ მარსის ზედაპირზე შესაძლებელია ბაქტერიების გაზრდა — ცოცხალი ორგანიზმების, რომელთაც წითელი პლანეტის დამოუკიდებელ მისიაზე გამოიყენებენ.
ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც სამშაბათს ჟურნალ Frontiers in Microbiology-ში გამოქვეყნდა, ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უმარტივეს წყალმცენარეებს, რომლებიც ჟანგბადს აწარმოებენ, შეუძლიათ სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება იმ აირების მოხმარების შემთხვევაში, რომლებიც ჭარბადაა მარსის ზედაპირზე. მიუხედავად იმისა, რომ მარსის ზედაპირის სიმულაციის შესაქმნელად აგებულ ბიორეაქტორში ჩატარებული ექსპერიმენტი უბრალოდ რაღაც იდეას ადასტურებს და ჯერ მის პრაქტიკულ გამოყენებაზე საუბარიც ზედმეტია, იგი გვთავაზობს, რომ ამ ბაქტერიების საშუალებით, მარსის მომავალი მკვლევრებისა და ახალმოსახლეებისთვის პლანეტაზე გადარჩენა დედამიწიდან ხშირი მომარაგების გარეშეც იქნება შესაძლებელი, ეს კი შორეულ კოსმოსურ მისიებსაც უფრო რეალურს ხდის.
თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ასტრონომები მარსის ქვიან ზედაპირზე "რამდენიმე" წყალმცენარის რამდენიმე ბაქტერიას ჩამოსვამენ და ისინიც უბრალოდ გაიზრდებიან და უდარდელად იცოცხლებენ წითელ პლანეტაზე — ბრემენის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ აშენებულ ახალ ბიორეაქტორში მათ შუშისა და მეტალის ჭურჭელში გაზარდეს ბაქტერიები, რომლებმაც რთულ პირობებშიც შეძლეს სიცოცხლისუნარუიანობის შენარჩუნება.
იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბაქტერიებს ჰაერზე არ აქვთ წვდომა, მათ მაინც მოახერხეს გადარჩენა — ბიორეაქტორში ამ ცოცხალ ორგანიზმებს იმ ნივთიერებებით კვებავდნენ, რაც ისედაც მოიპოვება მარსზე. რა თქმა უნდა, ჩვენი პლანეტის ზედაპირის მსგავს პირობებში ისინი უკეთესად ხარობდნენ, მაგრამ მაშინაც არაუშავდათ, როდესაც მათ მხოლოდ წყალს, მარსის ატმოსფეროში არსებული აირების ნარევს და მარსის რეგოლითის მსგავს ნიმუშს აძლევდნენ. ბიორეაქტორში ისეთივე წნევა იყო შენარჩუნებული, როგორიც მარსის ზედაპირზეა.
"ჩვენ ბაქტერიებისთვის საკვებად მხოლოდდამხოლოდ ის ნივთიერებები გამოვიყენეთ, რომლებიც ისედაც მოიპოვება მარსზე", — აღნიშნა თავის პრესრელიზში ბრემენის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგმა, სიბრიენ ვერსომ.
ახალი ბიორეაქტორი მარსის მისიის ხომალდზე ადგილის დაკავებას ჯერ ვერ შეძლებს. ვერსოს რელიზის მიხედვით, კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი იქამდე, სანამ მოწყობილობა პრაქტიკული გამოყენებისთვის — სიცოცხლის მხარდასაჭერად გახდება გამოსადეგი, ახლა კი იგი უბრალოდ ლაბორატორიული ექსპერიმენტის ნაწილია.
"გვინდა ამ კონცეფციისგან შევქმნათ ისეთი სისტემა, რომლის გამოყენებაც მარსის მისიების ეფექტიანობის გასაზრდელად იქნება შესაძლებელი", — დაამატა ვერსომ.
კომენტარები