სისხლის უანგარო დონორები — სუპერგმირები საქართველოდან
სუპერგმირებს რომ ყოველთვის მოსასხამები არ აცვიათ, ამაში ყველანი დავრწმუნდით 2020 წელს. გასულ წელს უანგარო დახმარების უამრავი მაგალითი ვიხილეთ და ამ ყველაფერმა ალბათ მათაც კი შეუცვალა აზრი, ვინც სკეპტიკურად იყო განწყობილი 21-ე საუკუნის ადამიანური დამოკიდებულებებისადმი.
სწორ ადგილას და სწორ დროს ყოფნა ხშირად ადამიანების ცხოვრებას ცვლის და ზოგჯერ სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასიც კია ხოლმე. სწორედ ამ იდეით შეიქმნა 2017 წელს სოციალური ინიციატივა, სისხლის უანგარო დონორები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დონორების სწრაფ მოძიებას ემსახურებოდა.
ოთხწლიანი არსებობის განმავლობაში ინიციატივა პროექტად იქცა, განვითარდა და 2020 წლის მიწურულს დონორების ერთიანი, მზარდი ბაზაც შექმნა. ბაზაში დღეს უკვე 700-მდე ადამიანია რეგისტრირებული, რომელიც მზადაა, კრიტიკულ სიტუაციაში უცხო ადამიანს უანგაროდ დაეხმაროს.
თუმცა, ვინ დგას ამ მნიშვნელოვანი პროექტის უკან?
სისხლის უანგარო დონორები ორმა ახალგაზრდამ დააფუძნა, თუმცა დღეს მას უკვე ოთხი ადამიანი ხელმძღვანელობს. რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ უანგარო მუშაობის ოთხი წლის განმავლობაში, როგორ მოახერხეს, დაახლოებით, 300 სიცოცხლის გადარჩენა და რა მიზნები აქვთ დასახული მომავლისათვის — ამ და სხვა საკითხებზე On.ge პროექტის თანადამფუძნებელს, მელანო დურმიშიძეს ესაუბრა.
პირველი ნაბიჯები და სირთულეები
"2017 წელს, როდესაც გიორგი ექსეულიძემ და მე ეს სოციალური პროექტი დავიწყეთ, ახლანდელისგან აბსოლუტურად განსხვავებული სისტემით ვმუშაობდით", — ამბობს მელანო, — "როდესაც ვინმე მოგმართავდა სისხლის საჭიროების შესახებ, ჩვენ, უბრალოდ, ვაზიარებდით ამ ინფორმაციას ჩვენს გვერდზე და შემდეგ, თუ გამოჩნდებოდა სისხლის გაღების მსურველი, თვითონ უკავშირდებოდა პაციენტის ოჯახს".
როგორც მელანო აღნიშნავს, იმ დროისათვის აღრიცხვის ერთიანი სისტემა არ ჰქონდათ, რის გამოც რთულია დონორების რაოდენობის დაზუსტება. თუმცა ტენდენცია მუდამ მზარდი იყო და მხოლოდ 2021 წლის იანვარში პროექტის მეშვეობით 73 დონორი 35 ადამიანს სრულიად უანგაროდ დაეხმარა.
ცნობიერების ამაღლების საჭიროება
სირთულეებზე საუბრისას უპირველესად საზოგადოებაში საკითხის შესახებ ცოდნის სიმწირე და არაზუსტი ინფორმაციის არსებობა სახელდება. მელანო აღნიშნავს, რომ ხშირად რთულია, ადამიანები დაარწმუნო, რომ "სისხლის დონაციის პროცედურა ნამდვილად სწრაფი, უსაფრთხო და უმტკივნეულოა", რის საპირწონედაც შესაძლებელია 1-დან 3-მდე სიცოცხლის გადარჩენა.
"სამწუხაროდ, სისხლის დონაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ძალიან ბევრი გავრცელებული სტერეოტიპი თუ მითი არსებობს", — აღნიშნავს მელანო, — "მაგალითად, რომ თუ ტატუს გაიკეთებ ან A ჰეპატიტს (ბოტკინს) გადაიტან, აღარასდროს შეგეძლება დონაცია, ან ის, რომ სისხლის გაღების დროს შეიძლება, რაიმე დაავადება დაგემართოს და სხვა".
ამასთან, სისხლის უანგარო დონორების დამფუძნებელი საკითხის კრიტიკულობის და დროის ფაქტორის აღქმის საჭიროებასაც უსვამს ხაზს.
გამოწვევები და პანდემია
საქმის ზრდასთან ერთად სირთულედ იქცა მასთან გამკლავებაც, ამიტომ, საჭირო იყო, გუნდი რაოდენობრივადაც გაფართოებულიყო და, შესაბამისად, მათი შემართებაც მომატებულიყო. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, რაც, ფაქტობრივად, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ადამიანების ახლობლებთან კონტაქტსა და დასახმარებლად მუდმივად მზადყოფნას გულისხმობს, მელანოს თქმით, პროცესი "დიდ ემოციურ რესურსს მოითხოვს". თუმცა, მან და გიორგიმ მაინც მოახერხეს თანამოაზრეების და ახლა უკვე გუნდის წევრების პოვნა — თინა როგავა და ანასტასია კილაძე ახლა მათთან ერთად იბრძვიან ადამიანების გადასარჩენად და "მთელი გულითა და სიმშვიდით" პასუხობენ შეტყობინებებს, სადაც სწერენ, რომ ყოველი წუთი გადამწყვეტია.
ამასთან, არცთუ იშვიათად გუნდის წევრებს უწევთ, რეციპიენტის ახლობლებს აუხსნან, რომ მათ მიერ გაწეული შრომა უსასყიდლოა.
"ალბათ უცნაურია, მაგრამ ყველაზე ხშირად იმის ახსნა-მტკიცება გვიწევს, რომ ამ ყველაფერს სრულიად მოხალისეობრივად ვაკეთებთ და პაციენტის ოჯახს თანხის გადახდა ჩვენთან დაკავშირებულ საკითხებში არ უწევს", — დასძენს მელანო.
სირთულების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა პანდემიამ. რადგან, სისხლის ბანკები კორონავირუსის გავრცელებამდეც განიცდიდნენ დონორების დეფიციტს, ბევრი მიზეზის გამო, არა მხოლოდ შემცირდა მათი რაოდენობა, არამედ დროშიც გაიწელა ეს პროცესი. ამიტომ, სისხლის უანგარო დონორებისთვის მიმართვიანობა გაიზარდა.
გაზრდილ საჭიროებას სოციალურმა პროექტმა ერთიანი ბაზის შექმნით უპასუხა, რომელიც 700-მდე დონორს მოიცავს. ბაზაში დარეგისტრირება მარტივი ელექტრონული ფორმის შევსებითაა შესაძლებელი. მის პირველ გვერდზე შეძლებთ, გაეცნოთ იმ მოთხოვნებს, რომლებიც დონორობისთვისაა საჭირო, მეორე გვერდზე კი უშუალოდ საკონტაქტო მონაცემების და საჭირო ინფორმაციის შევსებით გახდებით პოტენციური სუპერგმირი.
"მიუხედავად მოკლე პერიოდში დარეგისტრირებული დონორების შთამბეჭდავი რიცხვისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც ვუკავშირდებით დონორებს და ვამოწმებთ დეტალებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ზოგს კორონავირუსი აქვს, ზოგი სამსახურიდან ვერ გამოდის, ზოგიც ბავშვს ვერ ტოვებს და სხვა. შესაბამისად, დონორთა რაოდენობა ავტომატურად იცხრილება, რის გამოც მათი ნაკლებობა მუდმივად გვაქვს", — ამბობს მელანო.
როცა იაზრებ, რომ სიცოცხლე გადაარჩინე...
"ძალიან ამაღელვებელია იმის გაანალიზება, რომ სხვას, შესაძლოა, სრულიად უცხო ადამიანს, შენი წილი სიცოცხლე აჩუქე", — აღნიშნავს მელანო, რომელიც თავადაც დონორია, — "პაციენტის უკან ოჯახია, მეგობრები და საყვარელი ადამიანები — ანუ მთელი არმია, ვისაც უხარია, რომ ახლობლის ჰემოგლობინი და სხვა მაჩვენებლები სისხლის გადასხმის შედეგად დარეგულირდა".
"2021 წლის იანვრის მონაცემებით, 73 უანგარო დონორის მიერ გადარჩენილი 35 სიცოცხლე უკავშირდება ჩვენი პროექტის სახელს. თებერვალში კი — 10 თებერვლის მონაცემებით — ჩვენი 19 სუპერგმირი უკვე 13 ადამიანს დაეხმარა სისხლით".
მელანოს თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მათ მიერ დაკავშირებული დონორები რეციპიენტებთან კონტაქტს აგრძელებენ. ეს კომუნიკაცია კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სისხლის უანგარო დონორებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შედეგად შეიქმნა.
ახლანდელი საჭიროებები და სამომავლო გეგმები
როგორც პოტენციური რეციპიენტების, ასევე დონორების რიცხვის ზრდასთან ერთად, წარმოიშობა ახალი სირთულეები და მათთან გამკლავების სხვადასხვაგვარი გზის პოვნის საჭიროება. რადგან სისხლის უანგარო დონორები სოციალური პროექტია და მისი მუშაობაც მოხალისეობრივ საქმიანობაზეა დაფუძნებული, ამ გამოწვევებთან გამკლავებაში დახმარება ნებისმიერ კერძო პირსა თუ ორგანიზაციას შეუძლია.
პროექტის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მის რომელიმე ასპექტში არსებობს თუ არა ხელშეწყობის/დახმარების საჭიროება — როგორც სამთავრობო, ასევე სამოქალაქო და კერძო სექტორისგან?
იმის გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს ერთიანი მოთხოვნები, რომელსაც სისხლის დონორი უნდა აკმაყოფილებდეს — ყველა სისხლის ბანკს თავად აქვს შემუშავებული ისინი და, ბუნებრივია, ეს მოთხოვნები ერთმანეთს არ ემთხვევა — ჩვენთვის ძალიან რთულია, ყოველი კონკრეტული შემთხვევა მოვარგოთ იმ სისხლის ბანკს, რომელშიც პაციენტს სჭირდება სისხლი. მაგალითად, თუ სისხლის ერთ ბანკში ჩაიბარებენ ჩვენს სისხლს, მეორემ, შესაძლოა, უარი გვითხრას სისხლის გაღებაზე და ეს ძალიან ნეგატიურად აისახება დონორების მოტივაციაზე.
ახლა აქტიურად ვმუშაობთ გრანტებისა და დაფინანსების მოძიებაზე, რათა მეტად შევძლოთ საზოგადოებაში სისხლის დონაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ასევე, დავიწყეთ თანამშრომლობა სტარტაპებთან და მწარმოებლებთან, რომლებიც აბსოლუტურად უანგაროდ გვეხმარებიან თავიანთი მომსახურებითა თუ პროდუქტით.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? აპირებთ თუ არა უახლოესი თვეების განმავლობაში ისეთი აქტივობის განხორციელებას, რომელიც პოპულარიზებას გაუწევს თქვენს საქმიანობას და საზოგადოებაში ცნობიერებასაც აამაღლებს სისხლის დონაციის პრაქტიკის შესახებ.
კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, ცოტა შეზღუდულები ვართ აქტივობების კუთხით.
სხვადასხვა გზით აქტიურად ვმუშაობთ სისხლის დონაციის მნიშვნელობისა და უშუალოდ სისხლის გაღების პროცედურის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. ამ ეტაპზე სოციალურ ქსელში ვავრცელებთ საინფორმაციო ბროშურებს, რომელთა შექმნაშიც ასევე უანგაროდ გვეხმარება გრაფიკული დიზაინერი, ელენე ჩხაიძე. ცოტა ხნის წინ შევქმენით ინსტაგრამგვერდიც და დონორებს ვთხოვთ, რომ სისხლის ბანკში ყოფნის პროცესში გადაიღონ ეგრეთ წოდებული სთორიები.
ჩვენი მიზანია, რომ სისხლის გაღება გახდეს სასიხარულო პროცესი. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სისხლის უანგარო დონაცია მართლაც სუპერგმირობაა.
იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სისხლის დონაციის მიმართულებით ბევრი სისტემური ხარვეზი გვაქვს, ჩვენმა გუნდმა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც დაისახა.
ნამდვილად მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი გადაწყვეტილებაა, როდესაც ადამიანი, ამ ქაოტურ დროში, თავისი დროის 15-20 წუთს უთმობს სრულიად უცხო პირის სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს სუპერგმირობაა.
სისხლის უანგარო დონორები საქმიანობას და განვითარებას განაგრძობს. პროექტთან დაკავშირებული სიახლეებისთვის თვალის მიდევნება, ასევე უშუალოდ მის ხელმძღვანელებთან დაკავშირება მათი ფეისბუქგვერდის მეშვეობით შეგიძლიათ. უანგარო დონორების ბაზაში დარეგისტრირება და სიცოცხლის გადასარჩენად მზადყოფნის გამოცხადება კი ელექტრონული ფორმის შევსებითაა შესაძლებელი.
კომენტარები