მარსის ატმოსფერო, შესაძლოა, მისი თანამგზავრის — ფობოსის ზედაპირზე აღმოჩენილიყო
მარსის განწირული თანამგზავრი — ფობოსი, რომელიც ნელა უახლოვდება აღსასრულს, შესაძლოა გარკვეულ საიდუმლოს ინახავდეს პლანეტა მარსის ჩამოყალიბების შესახებ.
ფობოსის ორბიტაზე მოძრაობისას — რომელიც თანდათანობით მცირდება — მარსის მთვარე გაივლის ჟანგბადის, ნახშირბადის, აზოტისა და არგონის დამუხტულ ნაწილაკებს შორის, რომლებიც მილიარდობით წლის მანძილზე არსებობდნენ მარსის ატმოსფეროში. ახალი კვლევის თანახმად, აღნიშნული დამუხტული ნაწილაკების ნაწილი შესაძლოა ფობოსის ზედაპირზე იყოს შემორჩენილი.
კველვა ეფუძნება NASA-ს მარსის ატმოსფეროზე დაკვირვებისა და Volatile Evolution მისიის (MAVEN) მონაცემებს. ეს უკანასკნელი მარსის ატმოსფეროს 2014 წლიდან, ამ პლანეტის ორბიტაზე მიღწევის შემდეგ იკვლევს.
MAVEN-ის ზე-თერმული და თერმული იონების შემადგენლობის განმსაზღვრელი (STATIC) ინსტრუმენტის საშუალებით, მეცნიერებმა შეისწავლეს მარსის იონები ფობოსის ორბიტაზე, რამაც მათ საშუალება მისცა, თავიდან შეეფასებინათ თანამგზავრის ზედაპირზე ამ იონების შეჭრის სიღრმე. NASA-ს განცხადების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ისინი ფობოსის ზედაპირზე რამდენიმე ასეული ნანომეტრის, ან, სხვაგვარად, ადამიანის თმის სისქეზე 250-ჯერ ნაკლები მანძილის სიღრმეზე ვრცელდებიან.
"ვიცოდით, რომ მარსის ატმოსფერო კოსმოსში გაიფრქვა და ახლა ისიც ვიცით, რომ მისი ნაწილი ფობოსზე გაიფანტა", — ამბობს თავის განცხადებაში კვლევის მთავარი ავტორი და კალიფორნიის უნივერსიტეტის კოსმოსურ მეცნიერებათა ლაბორატორიის მკვლევარი — კვენტინ ნენონი.
ფობოსის ახლოდან კვლევამ და მის ზედაპირზე იონების შესწავლამ, შესაძლოა, ნათელი მოჰფინოს იმ საიდუმლოებას, თუ რატომ დაკარგა მარსმა ატმოსფერო და როდის შეწყდა წყლის დინება პლანეტის ზედაპირზე. წყალი სიციცხლის მთავარი ინგრედიენტია და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მეცნიერებს დაეხმარება, უკეთ გაარკვიონ, არსებობს თუ არა მარსზე სიცოცხლის არსებობის შანსი. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე ფობოსამდე მიღწევა ჯერ ვერავინ შეძლო.
წითელი პლანეტის თანამგზავრს შორიდან ადრეც აკვირდებოდნენ, თუმცა ყველა მცდელობა იმისა, რომ მარსის მთვარემდე მიეღწიათ, მარცხით დასრულდა. რამდენიმე დაგეგმილი მისია არასდროს შეუსრულებიათ, გაშვებულმა მისიებმა კი დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწიეს (მათ შორის იყო საბჭოთა კავშირის Phobos 1 და Phobos 2 მისიები გვიან 1980-იან წლებში და რუსულ-ჩინური Phobus-Grunt მისია, რომელიც 2011-12 წლებში დედამიწის ორბიტასაც კი ვერ გასცდა).
თუმცა, მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მალე კიდევ უფრო მეტ კითხვას გაეცემა პასუხი, ამის საფუძველს კი მათ იაპონიის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტო (JAXA) აძლევს, რომელიც 2024 წელს მარსის მთვარის მისიის (MMX) გაშვებას გეგმავს. MMX ფობოსის ზედაპირიდან შეაგროვებს ნიმუშებს და გამოგზავნის მათ უკან, დედამიწაზე. NASA-ს განცხადებით, იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ნენონის გუნდის შეკითხვას მარსის ატმოსფეროს შესახებ, იდეალური იქნება, თუ MMX ფობოსის იმ მხარეს დაეშვება, რომელიც მუდამ მარსისკენაა მიმართული.
"ფობოსი, დედამიწის მთვარის მსგავსად, ყოველთვის მხოლოდ ერთი მხრითაა მიმართული ითავისი პლანეტისკენ", — წერს NASA იმავე განცხადებაში. "შედეგად, ფობოსის იმ მხარეს არსებულ ქვებზე, რომელიც მარსს უყურებს, ათასწლეულების მანძილზე იფრქვეოდა ატომები და მოლეკულები მარსის ატმოსფეროდან. ნენონის კვლევა აჩვენებს, რომ ფობოსის იმ მხარეს, რომელიც მარსკისკენაა მიმართული, მისი ზედაპირის სულ ზედა ფენაზე 20-100-ჯერ უფრო მეტი რაოდენობის იონებია, ვიდრე თანამგზავრის მეორე მხარეს, რომელსაც მარსიდან ვერასდროს დაინახავთ.
თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პლანეტის ატმოსფეროს შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად მეცნიერები მის თანამგზავრს იკვლევენ. იმავე განცხადებაში NASA იმასაც აღნიშნავს, რომ ჩვენი დედამიწის მთვაერზე Apollo-ს 1960-იანი და 1970-იანი წლების მისიების შედეგად მოიპოვეს ნიმუშები, სადაც აღმოჩნდა ატომები როგორც დედამიწიდან, ასევე მზიდან.
ეგრედ წოდებული ""უჰაერო" მთვარე — ფობოსი, მისი ტყუპი დიმეოსი (მარსის კიდევ ერათი თანამგზავრი) და დედამიწის მთვარე სწრაფი ზედაპირული ცვლილებებით არ გამოირჩევიან, ვინაიდან არც ერთ მათგანს არ გააჩნია ატმოსფერო. ამ თანამგზავრებზე არ გვხვდება არც ქარები და არც წყალი, შესაბამისად აქ ქარისმიერ და წყლისმიერ ეროზიას ადგილი არ აქვს, ამ ყველაფრის დამსახურებით კი ისინი ისევ ინახავენ სანდო ინფორმაციას მზის სისტემის შესახებ, რომელსაც მეცნიერები ამ უკანასკნელის ისტორიის შესასწავლად გამოიყენებენ მომავალში.
გარდა მარსის ატმოსფეროს ძებნისა, MMX შესაძლოა მეცნიერებს ფობოსისა და დიმეოსის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაშიც დაეხმაროს. ეს პატარა თანამგზავრები, შესაძლოა, სულაც ასტეროიდებს წარმოადგენდნენ, რომელბიც მარსის გრავიტაციულ ველში მოექცნენ. მეცნიერების ვარაუდით, ზემოხსენებული თანამგზავრები პლანეტების შეჯახების შედეგად, ან წითელი პლანეტის ფორმირების დროს ჩამოყალიბდნენ.
კვლევის შესახებ მოხსენება პირველ თებერვალს ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები