უდარდელი ბავშვობა კარგი მენტალური ჯანმრთელობის გარანტს არ წარმოადგენს — კვლევა
ახალი ამბავი არაა, რომ ბავშვობაში მიღებული უარყოფითი გამოცდილებები ამა თუ იმ ინდივიდში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკს საგრძნობლად ზრდის, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზრდასრულობისას განვითარებული ფსიქიკური აშლილობების ფორმები მხოლოდ ამ გამოცდილებებთან არაა დაკავშურებული მათ, შესაძლოა, სრულიად სხვა ფაქტორი ედოს საფუძვლად.
ახლახან გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერები სწავლობდნენ იმას, თუ რა კავშირი არსებობს ადამიანის ცხოვრებისეულ ისტორიებსა და ფსიქოპათოლოგიებს შორის. კარგად მოგეხსენებათ, რომ ფსიქოპათოლოგიები არანორმალურ ქცევებსა და ფიქრებს წარმოადგენს, რაც ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მენტალური აშლილობების საფუძველს წარმოადგენს.
კვლევის შედეგები არაერთგავროვანი აღმოჩნდა: ბავშვობაში მიღებულმა უარყოფითმა გამოცდილებებმა, შესაძლოა, მართლაც გამოიწვიოს შფოთვითი ან რაიმე სხვა სახის აშლილობები, თუმცა, მეცნიერების აზრით, მსგავსი გამოცდილებების არარსებობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ამა თუ იმ ინდივიდს ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური პრობლემები არ შეაწუხებს.
"ჩვენი კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ მენტალური ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობას მხოლოდ ცხოვრების ადრეულ პერიოდში მიღებული გამოცდილებები არ განსაზღვრავს. ბავშვს, რომელიც ბედნიერ და უდარდელ გარემოში იზრდება, შესაძლოა ზრდასრულობის პერიოდში მაინც განუვითარდეს სხვადასხვაგვარი ფსიქიკური პრობლემები", — განმარტავს ბიანკა კალი, ევოლუციური ფსიქოლოგი სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტიდან.
ერთი შეხედვით, აქ ახალი და უცნაური არაფერია, მაგრამ ეს კვლევა მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი ხელს უწყობს იმ სტიგმის დანგრევას, რომლის მიხედვითაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს ექმნება.
კვლევაში კალმა და მისი გუნდის წევრებმა ონლაინ 343 ადამიანს დაუსვეს შეკითხვები ოჯახის, მათი განვითარების ტრაექტორიის, მენტალური ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და მათი ურთიერთობების შესახებ ადამიანებთან.
"კვლევა მიზნად ისახავდა იმის გარკვევას, ასოცირდება თუ არა ფსიქოპათოლოგიის ზოგად ფაქტორთან ცხოვრების ისტორიები და შესაძლებელია თუ არა რომელიმე კონკრეტულ სიმპტომთა ჯგუფის გამოვლენის პროგნოზირება მათი საშუალებით", — განმარტავენ ავტორები მოხსენებაში.
ამ კონტექსტში, ცხოვრების ისტორიის თავისებურებები წარმოადგენს ნაწილს იმისა, რასაც ცხოვრების ისტორიის თეორია ეწოდება — ჩარჩო, რომელიც მეცნიერებს იმის გაანალიზებაში ეხმარება, თუ რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სახის ცხოვრების სტრატეგიები გამოცდილებებზე, რასაც ადამიანები ცხოვრების მანძილზე იღებენ.
მარტივად რომ ვთქვათ, ცხოვრების ისტორიის სტრატეგიები შესაძლოა დავახასიათოთ, როგორც სწრაფი და ნელი — სწრაფი სტრატეგია ხშირად გამოიხატება იმპულსურობაში, აწმყოზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებების მიღებასა და ქცევაში, ნელი სტრატეგია კი ნიშნავს უფრო დინჯ, დაფიქრებულ, მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებების მიღებასა და ქცევას.
კალი და მისი გუნდი ცდილობდნენ იმის გაანალიზებას, შეუძლია თუ არა სწრაფ და ნელ ცხოვრების სტრატეგიებს იწინასწარმეტყველოს ზოგადი "p-ფაქტორი" — რისკი ან მოსალოდნელობა იმისა, რომ ადამიანს მომავალში ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული ფსიქოპათოლოგია განუვითარდება. ადრეული კვლევების მიხედვით, ასეთი შემთხვევები დაკავშირებული იყო ცხოვრების ისტორიის სწრაფ სტრატეგიებთან.
"ჩვენი მიზანი იყო პასუხი გაგვეცა მთავარ კითხვაზე: როგორ ხდება ფსიქოპათოლოგიის სხვადასხვა სიმპტომების ასახვა სწრაფი თუ ნელი ცხოვრების ისტორიაზე", — წერენ მკვლევრები.
თუმცა, კვლევაში გუნდმა აღმოაჩინა, რომ ფსიქოპათოლოგიის ზოგიერთი სიმპტომი სწორედ ცხოვრების ისტორიის ნელ სტრატეგიებთან იყო დაკავშირებული.
"არასაკმარისი ზრუნვა მშობლებისგან და დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსი დაკავშირებული იყო ზოგადი ფქისოპათოლოგიის მაღალ მაჩვენებლებთან ქალებსა და მამაკაცებში შესაბამისად", — განმარტავს გუნდი.
"ეს მოხსენება გარკვეულწილად ავსებს კვლევებს, სადაც საუბარია კავშირზე ცუდ გამოცდილებებსა და p-ფაქტორს შორის", — განმარტავენ ისინი.
თუმცა, გარდა ზოგადი კავშირისა, შედეგებმა აჩვენა, რომ მგრძნობიარობა ადამიანებთან ურთიერთობებში და დეპრესია უფრო მეტადაა დაკავშირებული სწრაფ სტრატეგიასთან, სომატიზაცია და შფოთვა კი იმ ადამიანებში უფრო ხშირია, რომლებიც ნელი სტრატეგიით ხასიათდებიან.
კვლევა მიგვითითებს, რომ ადამიანური ურთიერთობები საკმაოდ კომპლექსურია, ეს კი ხაზს უსვამს იმ მიმართულებას მომავალი კვლევებისთვის, რომლებიც ამ ყველაფრის გარკვევაში დაეხმარება მეცნიერებს.
"გვაქვს ეჭვი, რომ ჩვენს მენტალურ დარღვევებზე დიდ გავლენას ახდენს ჩვენივე მოლოდინები გარემოსგან და უნარი იმისა, რომ შევეგუოთ სხვადასხვა მდგომარეობას, მათ შორის ისეთსაც, რომელიც ჩვენს მოლოდინებს არ შეესაბამება. ვფიქრობ, სწორედ ასეთი გამოცდილებები ახდენენ გავლენას ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე", — ამბობს კალი.
"თუ ბავშვობაშივე ვისწავლით იმას, თუ როგორ უნდა შევეგუოთ ცვლილებებს და როგორ გავუმკლავდეთ სხვადასხვა სიტუაციებს, როდესაც ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ველოდით, შესაძლოა საბოლოოდ უკეთეს მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ და უფრო ეფექტიანად ვუპასუხოთ როგორც სტრესს, ასევე სხვა რისკფაქტორებს, რაც ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს", — განმარტავს მეცნიერი.
კომენტარები