ქალები, რომლებმაც ყველაზე ვერაგი დაავადება დაამარცხეს
კიბო დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადებაა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სასიკვდილო დიაგნოზი იყო. მისი გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ზუსტი გზები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, თუმცა უკვე არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც ამ ბრძოლაში გაიმარჯვეს.
"არ არსებობს გადაულახავი პრობლემა"
თამუნა ციხისელი 40 წლის იყო, როდესაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მედიცინასთან აქტიური შეხება მანამდეც ჰქონდა, თუმცა ამ დიაგნოზს არ ელოდა. გამოკვლევების ჩატარებიდან 2 დღეში დაურეკეს, რათა ონკოლოგთან გამოცხადებულიყო.
"ამას არ ველოდი, ნამდვილად არ ველოდი. ველოდი მორიგ კისტოზურ წარმონაქმნს, რომელიც როგორც მანამდე სრულდებოდა ოპერაციით, ახლაც ასე დაგვირგვინდებოდა", — გვიყვება თამუნა.
ქირურგმა დიაგნოზი პირდაპირ, ყოველგვარი "შელამაზების" გარეშე უთხრა, აუხსნა ოპერაციის საჭიროება და განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ფატალური შედეგი დადგებოდა. კარციომა ჰქონდა, საკვერცხის კიბოს მეორე სტადია.
იმის გამო, რომ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მასზე არ ენერვიულათ, დიაგნოზი კარგა ხანს არავისთვის გაუმხელია. ოპერაციამდე 1 კვირით ადრე კი, ქმარს შეატყობინა, შვილებს — ოპერაციის შემდეგ.
როგორც გვიყვება, საავადმყოფოში მაღალი ქუსლებით, ვარცხნილობითა და მოწესრიგებული ფრჩხილებით მისულს არ უჯერებდნენ, რომ ნამდვილად ოპერაციის გასაკეთებლად იყო მისული და მისი მონაცემებიც გადაამოწმეს.
"ვერ ვეუბნებოდი ვერავის, მარტო დავრჩი საკუთარ თავთან. შიში იყო, თქმის შიში. პანიკა იყო, უბრალოდ, ოჯახი როგორ მიიღებდა, რას იზამდნენ, ალბათ, ჩემზე უარეს დღეში ჩავარდებოდნენ", — იხსენებს თამუნა.
რთული მდგომარეობის მიუხედავად, მალევე სამუშაოს დაუბრუნდა.
"ოპერაციის შემდეგ 1 თვე ვიჯექი სახლში, არავის ვეკონტაქტებოდი, ტელეფონის ზარებსაც არ ვპასუხობდი. მერე სამი ქიმიოთერაპია გავიკეთე და რომ მივხვდი, სისულელეს ვაკეთებდი ჩემი ჩაკეტილობით, ავიწიე თმები, რადგან დამეწყო ცვენა, შევიღებე ქერად და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით წავედი სამსახურში", — გვიყვება ის.
ემოციურად თითქოს მყარად იყო, მაგრამ ქიმიოთერაპია რთული აღმოჩნდა. ყველაზე მძიმე მეოთხე სტადიის დაავდების მქონდე ადამიანების ნახვა აღმოჩნდა.
სამსახურში თამუნას დიაგნოზის შესახებ ტელევიზიით გაიგეს. გვიყვება, რომ ამის შემდეგ ხელშეკრულება შეუწყვიტეს.
"როდესაც შრომის წიგნაკში ჩამიწერეს ბრძანების ნომერი, ძალიან გავბრაზდი, მინდოდა ახსნა-განმარტება მოეცათ, ამიტომ მივმართე საკრებულოს აპარატს წერილობით ფორმით და მოვთხოვე ახსნა-განმარტება", — იხსენებს ის.
ახსნა-განმარტება არ მიუღია — პასუხში, რომელიც დაუბრუნეს, მხოლოდ ბრძანების ნომერი ეწერა. მხარში ოჯახის წევრები და მეგობრები ამოუდგნენ.
ქიმიოთერაპიის სამი პროცედურის შემდეგ, კურსი შეწყვიტა და მკურნალობა საცდელი პრეპარატით განაგრძო. თუ ჰკითხავთ, სად გამონახა ძალა ამ დაავადებაზე გამარჯვებისთვის, გეტყვით, რომ ძალა მისმა შვილებმა და იმ ადამიანებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობამ შეაძლებინა, ვინც ამ რთულ პერიოდში მხარს უჭერდა.
"შეცოდება არ მიყვარს. ადამიანი რომ ვნახო უძლურებაში, მას, ალბათ, დავუყვირებ და ვეტყვი, რომ უნდა გაძლიერდეს", — გვიყვება ის.
რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მისი ემოციები. თამუნაც სწორედ ამის კონტროლს ურჩევს იმ ადამიანებს, რომლებიც კიბოს ახლა ებრძვიან.
"არ არსებობს გადაულახავი. ერთადერთი, რასაც ყოველთვის ვამბობ — მკვდარს ვერ გააცოცხლებ, დანარჩენი ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს. ტვინიდან მოდის ყველაფერი. ეს არ არის განაჩენი და ფარ-ხმალი არ უნდა დაყარონ. საკუთარ თავზე ფსიქოლოგიურად რომ იმუშავებენ და იტყვიან, რომ ისინი ძლიერები არიან, შემდეგ ყველაფრის რწმენას შეძლებენ", — ამბობს თამუნა.
"გარდამტეხია განწყობა, როგორ უდგები ამ დაავადებას"
ლილე ჩხეტიანი დიაგნოზამდე ლავიწზე შემჩნეული უცნაური გამონაზარის კვლევამ მიიყვანა. კიბომ მისი ცხოვრების წესი აბსოლუტურად შეცვალა. მკურნალობა საქართველოში დაიწყო, თუმცა ორი რეციდივის შემდეგ, გადაწყვიტა კლინიკის ძებნა საზღვარგარეთ დაიწყო. თანხის შეგროვებაში მეგობრები დაეხმარნენ, რის შემდეგაც თურქეთში, სტამბოლში ჩავიდა. ქიმიოთრეაპიის ნაცვლად, კლინიკაში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია შესთავაზეს. დაავადებას ძვლის ტვინი არ ჰქონდა დაზიანებული, რამაც პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა.
"ძვლის ტვინის ტრანსპლანტაზიამდე ხდება მაღალდოზირებული ქიმიოთრეაპიის დაწყება, ანუ იმუნიტეტი დაჰყავთ ნულამდე და შემდეგ არის უკვე ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროცესი. 8 დღე სხვადასხვა სქემებით მიკეთებდნენ მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას ისე, რომ მკვდარი ვიყავი, ფეხზე ვერ ვდგებოდი. ადეკვატურად აღვიქვამდი გარემოს, მაგრამ ფიზიკურად ძალიან მძიმედ ვიყავი", — იხსენებს ლილე.
ტრანსპლანტაციის შემდეგ რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესი დაიწყო და დაახლოებით 2 თვის განმავლობაში კლინიკაში რჩებოდა. იყო გართულებებიც.
თბილისში დაბრუნების შემდეგ, ფეხზე დგომაც არ შეეძლო. ექიმების რეკომენდაციით იზოლაციაში 3 თვე უნდა ყოფილიყო, თუმცა მან გარემოსთან ადაპტაცია 1 თვეში დაიწყო.
2011 წელს, როცა ეს დიაგნოზი დაუსვეს, 1 წლის დაქორწინებული იყო ადამიანზე, ვისთანაც მანამდე ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა. გვიყვება, რომ მისმა ქმარმა, რომელიც ყველა ეტაპზე გვერდით ედგა, განსაკუთრებული როლი ითამაშა მოტივაციაში, რომ ებრძოლა და რათა გადარჩენილიყო.
ქიმიოთერაპია მისთვისაც რთული აღმოჩნდა, თუმცა გაუძლო.
"ძალიან ძნელი იყო გვერდითი მოვლენების გაძლება, პირღებინება გაქვს მუდმივად. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომელსაც ვერავითარი წამლით ვერ შველი, ვერაფრით შეიმსუბუქებ, მაგრამ ვუძლებდი", — გვიყვება ის.
ფიქრობს, რომ გადარჩენის მთავარი მიზეზი თავადაა და ის დამოკიდებულაბა, რომლითაც დაავადებას მიუდგა.
"მორალურად ვიყავი ძალიან ყოჩაღად, პრობლემასავით მივუდექი, არ დავკარგე დრო არაფერ ზედმეტში, რაც არ იყო საჭირო. მოვბილიზდი იმაზე, რომ პრობლემა მომეგვარებინა, გადავრჩენილიყავი და რაღაცნაირად გამომივიდა", — გვეუბნება ლილე.
მან კრიტიკული 5 წელი უკვე გაიარა და შეუძლია თამამად თქვას, რომ კიბოზე გაიმარჯვა. ახლა ონკოლოგიურ პაციენტებს დაავადების მართვის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს.
"ყველაფრის საქმის კურსში თვითონ იყვნენ, თვითონ მართონ საკუთარი დიაგნოზი, მხოლოდ ექიმს კი არ მიანდონ ბოლომდე საკუთარი თავი. ერთი წამით არ იფიქრონ იმაზე, რომ ბრძოლას შეიძლება სხვა დასასრული ჰქონდეს. უნდა მობილიზდნენ იმისთვის, რომ ეს ბრძოლა მოიგონ. ძალიან ძნელია, ვერ იტყვი რომ ადვილია, მაგრამ უნდა კონცენტრირდე ამის მოგვარებაზე, არ უნდა დაუშვა, რომ ამ ბრძოლას წააგებ. უნდა იფიქრო, რომ ბევრი ადამიანია ირგვლივ, ვინც ბედნიერი იქნება, თუ გადარჩები და რომ სჭირდები მათ. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ალბათ, გურამიკოსთვის, ჩემი ძმისშვილისთვის მიბრძოლია, იმიტომ, რომ ამ ყველაფერის შემდეგ გაჩნდა და ვერც კი წარმოვიდგენ, რომ შეიძლება დავნებებულიყავი და გურამიკო არ მენახა", — ამბობს ლილე ჩხეტიანი.
მისი აზრით, ძველ და ახლანდელ ლილეს შორის დიდი განსხავებაა, რადგან დაავადებამ ბევრი რამ შეცვალა, განსაკუთრებით კი დამოკიდებულება მარტივი, ყოფითი პრობლემებისადმი.
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013-2017 წლის მონაცემებით, ყოველ 100 000 ადამიანში 442-ს ამ დიაგნოზს უსვამენ, 158-ის მდგომარეობა კი ფატალურად სრულდება. მტკივნეული სტატისტიკის მიუხედავად, მედიცინა კიბოსთან მიდგომას დღითიდღე აუმჯობესებს და გადარჩენილების რაოდენობაც საგრძნობლად იმატებს.
კომენტარები