კვირის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავი მსოფლიოდან
მსოფლიო გეოპოლიტიკური ძვრების მოლოდინშია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის შეცვლამ შეიძლება უამრავი გარდაქმნა გამოიწვიოს მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, საინტერესოა რუსეთის პრეზიდენტის მიერ მთავარი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დევნა, დაკავება და ის შესაძლო რყევები, რაც შეიძლება რუსეთის სისტემას დაემუქროს.
მიუხედავად იმისა, რომ კვირის მანძილზე პოლიტიკური თუ სოციალური სიახლეები საქართველოშიც არ გვაკლდა, გადავხედოთ მსოფლიოს — რა ხდებოდა, რა იცვლებოდა და რა კავშირშია ეს ცვლილებები საქართველოსთან.
27 იანვარს მსოფლიომ კიდევ ერთხელ გაიხსენა ჰოლოკოსტი
ჰოლოკოსტი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ნაცისტური მთავრობის მიერ ებრაელების, ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მიმართ მოწყობილი გენოციდის აღმნიშვნელი ტერმინია. ამ პერიოდში 6 მილიონზე მეტი ებრაელი მოკლეს.
ყოველ 27 იანვარს მსოფლიო იხსენებს ნაცისტური გერმანიის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ამ უდიდეს ბოროტებას და პატივს მიაგებს ტრაგიკულად გარდაცვალებულთა ხსოვნას.
ბაიდენსა და პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.
Washington Post-ის თეთრი სახლის რეპორტიორი პრესსპიკერზე დაყრდნობით ტვიტერზე წერს, რომ ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან შეშფოთება გამოთქვა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პატიმრობის გამო. მისი ინფორმაციით, ბაიდენი პუტინს უკრაინაზეც ესაუბრა და ანექსირებულ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე, მათ ისაუბრეს რუსეთში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე. ამ ეტაპზე უცნობია, ისაუბრეს თუ არა მხარეებმა საქართველოზე.
განსხვავებული ინტერპრეტაცია იყო რუსეთში — კრემლის გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ბაიდენს გაპრეზიდენტება მიულოცა და აღნიშნა, რომ რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. კრემლი წერს, რომ პრეზიდენტებმა "ორმხრივი და საერთაშორისო" დონის საკითხები და პანდემიასთან ბრძოლაში შესაძლო თანამშრომლობა განიხილეს.
აშშ და რუსეთი ბირთვული იარაღის შესახებ New START-ის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ბირთვული იარაღის შესახებ New START-ის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ეს გადაწყვეტილება ზემოხსენებული სატელეფონო ზარის ერთ-ერთი შედეგია და მსოფლიოში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პოლიტიკის გასაძლიერებლად ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ შეთანხმებას წარმოადგენს.
მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა
მოსკოვის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სავარაუდოდ, ბაიდენი პუტინს ნავალნიზეც ესაუბრა, თუმცა ჯერ უცნობია, რა შედეგით დასრულდება ნავალნის დევნა რუსეთში.
სასამართლო პროცესზე ნალავლნი ვიდეოზარით ჩაერთო. მისი თქმით, დაკავების დღიდან ადვოკატთან გასაუბრების საშუალება არც ერთხელ არ ჰქონია. გარდა ამისა, მან თავის მხარდამჭერებს მიმართა და აქციებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
Novavax-ის კორონავირუსის ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში 89,3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა
ბაზარზე ახალი ვაქცინაა. კომპანია Novavax-ის კორონავირუსის ახალმა ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში ეფექტიანობის 89,3 პროცენტი აჩვენა.
როგორც BBC-ს სამედიცინო რედაქტორი, ფერგუს უოლში ამბობს, Novavax ეფექტურია ბრიტანეთში აღმოჩენილი ახალი შტამის წინააღმდეგაც. თუ ვაქცინა დამტკიცდება, ბრიტანეთის მთავრობა 60 მილიონი დოზის შესყიდვას აპირებს.
სენატმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენი დაამტკიცა
აღნიშნული ცვლილება მოულოდნელი ნამდვილად არ იყო. მას ხმა 78-მა სენატორმა მისცა, 22 წინააღმდეგი იყო.
ბლინკენი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მუშაობდა. გარდა ამისა, ის ბაიდენის მრჩეველიც იყო. აღნიშნულ პოსტზე მის წარდგენასთან დაკავშირებით ამერიკულ მედიაში დიდი ხანი საუბრობდნენ.
მისი პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "ღია კარის" პოლიტიკასთან დაკავშირებით. ბლინკენის განცხადებით, თუ საქართველო NATO-ს წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, მაშინ NATO-ს კარი ქვეყნისთვის ღია უნდა დარჩეს.
პუტინმა მეორე მსოფლიო ომში სსრკ-სა და ნაცისტური გერმანიის როლების შედარების აკრძალვა მოითხოვა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას შესთავაზა მოამზადოს კანონპროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში სსრკ-სა და ჰიტლერის გერმანიის როლების შედარებას აკრძალავს.
PACE-ში რუსეთისთვის უფლებამოსილების არცნობის საკითხი დააყენეს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) რუსეთისთვის უფლებამოსილების არცნობის საკითხი დააყენეს. აღნიშნული ინიციატივით ასამბლეის ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარია მეზენცევი გამოვიდა.
მეზენცევას თქმით, რუსეთი აგრძელებს ადამიანის უფლებების უგულებელყოფას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უფლებამოსილების გასაჩივრებას მხარი 38 დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 61, ხოლო 51-მა თავი შეიკავა. აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციამაც.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ, უკრაინამ, პოლონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ აღნიშნული გააპროტესტეს, რუსეთმა PACE-ში ხმის მიცემის უფლება მიიღო.
ნიდერლანდებში კომენდანტის საათის საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა
მსოფლიოში არსებულმა კრიზისმა მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუარესება გამოიწვია. დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი აქცია გაიმართა. ამ კვირაში, ნიდერლანდებში მოქალაქეებმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, კერძოდ კომენდანტის საათი გააპროტესტეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნიდერლანდებში პირველად აამოქმედეს კომენდანტის საათი: 21:00 საათიდან 04:30 საათამდე. შეზღუდვის დამრღვევს 95-ევროიანი ჯარიმა ელის.
როგორც BBC წერს, ზოგიერთი დემონსტრანტი პიროტექნიკას ისროდა და მაღაზიებს ვიტრინებს ამტვრევდა. ამსტერდამში აქცია შედარებით მცირერიცხოვანი იყო. ჯამში კი პოლიციამ 100-ზე მეტი პირი დააკავა.
ბერნი სანდერსმა თავისი მიმის პოპულარობით ქველმოქმედებისთვის $1,8 მლნ შეაგროვა
საგანგებოდ ბაიდენის ინაუგურაციისთის შერჩეულმა ქურთუკმა და ხელთათმანებმა ამერიკელი სენატორი ღონისძიების ვარსკვლავად აქცია. ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელებულმა მიმებმა სანდერსს ისეთი პოპულარობა მოუტანა, რომ გადაწყვიტა, ის კეთილშობილური საქმისთვის გამოეყენებინა.
79 წლის ვერმონტელმა სენატორმა და მისმა ცოლმა, ჯეინმა, ინაუგურაციის მომდევნო დღესვე განაცხადეს, რომ თბილ სამოსში გამოწყობილი ბერნის გამოსახულებით მაისურები, სვიტერები, სტიკერები და სხვა აქსესუარები სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილ ვებგვერდზე გაიყიდებოდა.
ინაუგურაციიდან ერთი კვირის თავზე, 27 იანვარს სენატორის აპარატმა განაცხადა, რომ გაყიდული პროდუქციიდან შემოსავალმა თითქმის $2 მილიონს მიაღწია, რომლის გამოყენებასაც სანდერსების ოჯახი ადგილობრივი საქველმოქმედო დაწესებულებების დასახმარებლად აპირებს.
კომენტარები