შოას, იგივე ჰოლოკოსტს, ხშირად უწოდებენ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ფურცელს ან შავ ლაქას. თუმცა, ამ მძიმე ისტორიის გახსენებას ბევრი ისეთი საკითხის გადააზრება და გადაფასება მოჰყვება, რომელიც დღემდე აქტუალური ან პრობლემურია. შოა არ არის ერთი ერის ან კონკრეტული კუთვნილების მქონე ადამიანების ტრაგედია, ზუსტად ისე, როგორც ის იდეა არ ეკუთვნის ერთ ერს, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების ჩაგვრა, დევნა და გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულებების მთელი სერია გამოიწვია.

სტატიის სათაურში "აუშვიცი" პირობითი და ცვლადია — მის მაგივრად შეიძლება ეწეროს ბერგენ-ბელზენი, ბუხენვალდი, დახაუ და იმ ასობით ბანაკის სახელი, სადაც ნაცისტები კონკრეტული ჯგუფების მასობრივად განადგურების გეგმას ასრულებდნენ. ეთნიკურად ებრაელები და ბოშები, ათობით სხვა ეროვნების წარმომადგენლები, საბჭოთა ტყვეები, იეჰოვას მოწმეები, გეი ადამიანები და ნებისმიერი, ვინც მესამე რაიხისთვის შეუფერებელ ფიგურად მიიჩნეოდა — ყველა ეს უდანაშაულო პიროვნება, რომელთა რაოდენობაც მილიონებში ითვლება, ჯერ სახელის და გვარის გარეშე იქცნენ მკლავზე ამოტვიფრულ ნომრებად, მერე კი მათ ოცნებებსა და მომავლის გეგმებს წერტილი სიკვდილის ბანაკებში დაუსვეს.

კვლავაც სტატიის სათაურს რომ დავუბრუნდეთ, სანამ უშუალოდ გადავალთ მთავარ თემაზე, ხაზი უნდა გავუსვათ სიტყვა "გაკვეთილს", რადგან შოას გადარჩენილი ადამიანებისა და მსხვერპლების ახლობლების ნაწილი მათთვის უმძიმეს ტრაგედიას სწორედ ამ სახელით მოიხსენებს.

— ძალიან იშვიათი შესაძლებლობა მაქვს, რომ იმ ადამიანს ვხვდები, ვინც ჩემი ცხოვრების ამ ნაწილს სხვა მხრიდან იცნობს.
— და ალბათ ის ნაწილია, რომელიც არ გსურთ, გახსოვდეთ, არა?
— არა, მინდა. ეს ნაწილი ძალიან კარგად მახსოვს, რადგან იგი გაკვეთილიცაა. მე კი მსურს, ადამიანებმა გაკვეთილი ისწავლონ.

დიალოგი შოას გადარჩენილ ერიკა ჯეკობსა და ყოფილ ნაცისტს, ურსულა მარტენსს, შორის.

27 იანვარს, შოას მსხვერპლების ხსოვნის მსოფლიო დღეს, აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 76 წელი გავიდა. ტრაგედიისშემდგომ მსოფლიოში მარტინ ლუთერ კინგს კვლავ მოუწია რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს კი საკუთარი ეთნიკური კუთვნილების, მრწამსის და იდენტობის გამო დევნის და შევიწროების ატანა. "გერმანიაში ანტისემიტიზმი და რასიზმი არასდროს გამქრალა", — აღიარა გასულ წელს ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და დასძინა, რომ ეს იდეა ბოლო პერიოდში უფრო "ხილვადი" გახდა. სიმართლე ითქვას, ამას არგუმენტირება არც სჭირდება — მოძრაობამ "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" დაგვანახა, ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრება განვითარებულ საზოგადოებაში შეიძლება გამოწვევად იქცეს და მეტიც, სისტემურ პრობლემას უკავშირდებოდეს. გასულ თვეში ჯერ აშშ-ში დაარბიეს ანა ფრანკის ერთადერთი მემორიალი და მასზე ნაცისტური სიმბოლოები გამოსახეს, მოგვიანებით კი შოვინისტური და ქსენოფობიური განცხადებები საქართველოში ამბიონიდან გაისმა.

ახლა საკითხავი მხოლოდ ისაა, რა ვისწავლეთ 76 წლის შემდეგ და რა — ვერა?

დამცირება და უარყოფა

შოას გადარჩენილმა პოლონელმა ისტორიკოსმა, მერიენ ტურსკიმ, გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს "ემპათიისა და თანაგრძნობის" გაღვივებისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში ყველაზე აუტანელი არა შიმშილი ან საშინელი საცხოვრებელი პირობები, არამედ "ის დამცირება იყო, რომელიც, როგორც ებრაელებმა", გადაიტანეს.

ეთნიკურად ებრაელების პასპორტები. J ასო Jude-ს, გერმანულ ენაზე ებრაელს აღნიშნავს

ფოტო: U.S. Holocaust Memorial Museum

"ადამიანივით არ გექცეოდნენ, მათთვის ტილი, ხოჭო და ტარაკანი იყავი", — აღნიშნა მან სიტყვით გამოსვლისას.

ადამიანისა და სხვა სახეობების შედარება ამ კონტექსტში, უფრო ზუსტად კი ცხოველთა მასობრივი დახოცვისა და შოას შედარება, ბევრი ადამიანისათვის თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე უხერხულია, ბევრიც არაეთიკურად მიიჩნევს, თუმცა ტრაგედიას გადარჩენილების ნაწილმა ამ ჯოჯოხეთური გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა, ვეგანი გამხდარიყო. მათ შორის, ამერიკელმა პროფესორმა, ალექს ჰერშაფტმა, რომელმაც თანაგრძნობის ნაკლებობაზე აქცენტირებით სიტუაციების მსგავსებას გაუსვა ხაზი.

ინდიფერენტულობის საშიშროებაზე გასულ წელს ტურსკიმაც ისაუბრა, როცა აუშვიცის გათავისუფლებიდან 75 წლისთავზე სიტყვით გამოვიდა.

"აუშვიცი ციდან არ ჩამოვარდნილა. ეს ყველაფერი ებრაელების შევიწროების პატარ-პატარა ფორმებით დაიწყო. რადგან მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველგან შეიძლება კვლავ განმეორდეს. ამიტომ არის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვა აუცილებელი".

მერინ ტურსკი

მოგვიანებით, გასული წლის ზაფხულში, ისტორიკოსმა ფეისბუქის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, მარკ ცუკერბერგს, წერილი გაუგზავნა და სთხოვა, მის პლატფორმაზე წაეშალა ის ჯგუფები, გვერდები და პოსტები, რომლებიც შოას უარყოფდნენ. ისტორიის დამახინჯების ეს მცდელობა მოგვიანებით მართლაც აღიკვეთა ფეისბუქზე.

თანაგრძნობა

შოას გადარჩენილები ყველაზე ხშირად დღევანდელ საზოგადოებაში თანაგრძნობისა და შემწყნარებლობის ნაკლებობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ეს გახდა უამრავი ადამიანის ბედის შეცვლისათვის კრიტიკული ფაქტორი.

ადამიანების ერთმანეთისადმი გამოჩენილი თანაგრძნობის, სოლიდარობის და მხარში დგომის შემთხვევების ჩამოთვლას აზრი არ აქვს — თითოეული მათგანი იმდენად გამორჩეული, გულის ამაჩუყებელი და, ამავდროულად, ძალიან სევდიანია, შეუძლებელია, წერის რომელიმე ფორმამ სრულად დაიტიოს და გადმოსცეს ისინი. ერთი ძალიან გამბედავი კაცის ისტორიას ხომ ბესტსელერი წიგნი და შვიდგზის ოსკაროსანი ფილმი მიეძღვნა.

ისეთი უბრალო ქმედებიდან, როგორიც ფულის კუპიურაზე გამამხნევებელი სიტყვების დაწერაა, გამოგონილი დაავადებით ათობით ებრაელის გადარჩენამდე — კაცობრიობის ისტორიის შავ ლაქას გარშემო თეთრი არშია არტყია, რომელიც იმ ადამიანების ისტორიებითაა სავსე, ვინც ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდა უსამართლობასა და სისასტიკეს წინ აღსდგომოდა.

ნიშანი, რომელიც დასახლებაში შემსვლელს აფრთხილებს, რომ "ებრაელების მიმართ კეთილგანწყობილნი არ არიან".

ფოტო: U.S. Holocaust Memorial Museum

მიუხედავად ამისა, რთულია, იმ ადამიანებს მოსთხოვო სისასტიკის შემოქმედებისადმი თანაგრძნობა, ვინც დასაწყისიდან დასასრულამდე საკუთარ თავზე გამოსცადა ყველაფერი, დაკარგა ოჯახი, ცხოვრება და, საბოლოოდ, იმ სამყაროში მოუხდა სიცოცხლის გაგრძელება, რომელიც დიდად არ შეცვლილიყო ტრაგედიის შემდგომ.

თუმცა, ბევრმა ეს მოახერხა. მაგალითად, ჯეკობმა, რომელიც აღნიშნავს, რომ აუშვიცში სამჯერ დაბრუნდა, რათა საკუთარი ბრაზის გამოთავისუფლების საშუალება მისცემოდა.

რა იქნებოდა, ადგილები რომ შეცვლილიყო? გამოიჩენდნენ მსხვერპლები თანაგრძნობას მათდამი, ვინც სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქცია? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან ნაცისტური რეჟიმისათვის განაჩენი შოას მსხვერპლებს არ გამოუტანიათ. თუმცა, კარგი მაგალითია ის შემთხვევა, როცა ებრაელმა ექიმმა აღიარა, რომ, როდესაც მკერდზე სვასტიკაგამოსახული პაციენტი მიიღო, მიუხედავად მცირე ხნით ყოყმანისა, ყველაფრის ფასად ეცადა, საკუთარ თავში თანაგრძნობის ძალა ეპოვა და გადაერჩინა კაცი, რომელიც მას სიცოცხლის შენარჩუნებას ევედრებოდა.

სიყვარული

შოას მსხვერპლთა ქორწინების ბეჭდები.

ფოტო: Public Domain

საკონცენტრაციო ბანაკებმა ერთმანეთს მილიონობით ოჯახი დააშორა, თუმცა აუტანელ პირობებში ცხოვრებამ და მუდმივად სიკვდილზე ფიქრმა ადამიანები ვერ აიძულა, ახლობლების ბედზე დარდი შეეწყვიტათ.

მათ შორის იყო ოტო ფრანკიც — ანა ფრანკის მამა და "უკანა სახლის" ერთადერთი ბინადარი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებს ცოცხალი გადაურჩა. შინ, ამსტერდამში დაბრუნებისას, ოტოს ორად ორი ფიქრი არ ასვენებდა — სად და როგორ იყვნენ მისი ოჯახის წევრები და როგორ შეძლებდა, იმ დახმარებისთვის მადლობის გადახდას, რომელიც მისმა თანამშრომლებმა ორი წლის განმავლობაში უანგაროდ გაიღეს.

ნაცისტების შემოღებული სავალდებულო სატარებელი სამკერდე ნიშნები კონკრეტული კუთვნილების მქონე ადამიანებისათვის. ე.წ. დავითის ვარსკვლავი, მაგალითად, ებრაელს აღნიშნავდა, ვარდისფერი სამკუთხედი — გეის, წითელი კი პოლიტიკურ ტყვეს.

ფოტო: U.S. Holocaust Memorial Museum

1945 წლის დასასრულს, როცა მისი ცოლის და ორივე შვილის — მარგოს და ანას — სიკვდილი დადასტურდა, თავშესაფარში მათმა ერთ-ერთმა შემფარებელმა მიპ გისმა კი კაცს ანას დღიურები გადასცა, ოტოს ერთადერთ მიზნად გარდაცვლილი შვილის ოცნების ასრულება — დღიურის წიგნად გამოცემა გახდა. საინტერესოა ისიც, რომ მარგო ფრანკი, ანას უფროსი და, რომელიც მასთან ერთად მოხვდა ბერგენ-ბელზენის ბანაკში და დის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაიღუპა, ასევე წერდა დღიურებს, თუმცა მისი ჩანაწერები ვერ იპოვეს.

ოტოსგან განსხვავებით, ბევრმა დაკარგული ოჯახის ნაცვლად ახალი ოჯახი საკონცენტრაციო ბანაკებში იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის ბანაკში გატარებული დღის შემდეგ რთული იყო, ვინმეს, თუნდაც თანაბარაკელების, მიმართ თავაზიანობა და პატივისცემა გამოგეჩინა, ბევრმა უკეთესი მომავლის იმედი არ დაკარგა და მისი საშუალებით შეძლო, ადამიანური სახე შეენარჩუნებინა. მათ შორის იყო ლუდვიგ აიზენბერგი, იგივე ლალე სოკოლოვი, რომელიც აუშვიცში მოხვედრისას ტატუისტად დატოვეს, შემდეგ კი მას ბანაკში მოხვედრილი ყველა ტყვის მკლავზე ნომრის ამოკვეთა მოუხდა. ერთ-ერთი ასეთი ტყვე იყო მასზე რამდენიმე წლით უმცროსი გიტა, ახალგაზრდა გოგო, რომელიც მოგვიანებით მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. გიტასა და ლალეს საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრების შესახებ ავსტრალიელმა მწერალმა, ჰიზერ მორისმა, ისტორიის გმირის მონაყოლის მიხედვით წიგნიც დაწერა, რომელიც გამოცემიდან მალევე ბესტსელერად იქცა და გაგრძელებაც მოჰყვა. გაგრძელება — სილკას მოგზაურობა — იმითაა მნიშვნელოვანია, რომ შოას გადარჩენილი ადამიანის ტრაგედიისშემდგომ რთულ ცხოვრებას ეხება — ისინი, ვინც ნაცისტებმა უნებლიეთ ჩართეს საკუთარ საქმიანობაში, ბანაკების საბჭოთა ჯარების მიერ გათავისუფლების შემდეგ რუსების ხელში აღმოჩნდენ და, საბოლოოდ, ნაცისტების დახმარებისთვის ციმბირში, ეგრეთ წოდებულ გულაგებში გაგზავნეს.

დავიწყება

როგორც ტურსკიმ აღნიშნა, აუშვიცი ციდან არ ჩამოვარდნილა. მას წინ უსწრებდა ისეთი "პატარა" შევიწროებები, როგორიც გადაადგილების თავისუფლების და განათლების მიღების უფლების შეზღუდვა იყო.

"1940 წლის მაისიდან ჩვენთანაც ბოლო მოეღო უდარდელ ცხოვრებას: ჯერ ომი, შემდეგ კაპიტულაცია და გერმანელების შემოსვლა, ასე დაიწყო ჩვენი, ებრაელების წამება. გამოსცემდნენ ახალ-ახალ ანტიებრაულ კანონებს, დღითი დღე გვიზღუდავდნენ თავისუფლებას. ებრაელებმა უნდა ატარონ ყვითელი ვარსკვლავი; ებრაელებს უნდა ჩამოერთვათ ველოსიპედები; ებრაელებს ეკრძალებათ ტრამვაით მგზავრობა; ებრაელებს ეკრძალებათ ავტომობილით მგზავრობა (საკუთარი ავტომობილითაც კი!); ებრაელებს ეკრძალებათ საყიდლებზე სიარული, გარდა 3-დან 5 საათამდე მონაკვეთისა; ებრაელებს ეკრძალებათ არაებრაელ პარიკმახერებთან სიარული; ებრაელებს ეკრძალებათ საღამოს 8-დან დილის 6 საათამდე ქუჩაში გამოსვლა; ებრაელებს ეკრძალებათ თეატრებში, კინოებსა და სხვა გასართობ ადგილებში გამოჩენა; ებრაელებს ეკრძალებათ საცურაო აუზებზე, ჩოგბურთის, ჰოკეის და სხვა სპორტულ მოედნებზე სიარული; ებრაელებს ეკრძალებათ ნაოსნობა; ებრაელებს ეკრძალებათ საზოგადო ადგილებში სპორტულ თამაშებში მონაწილეობა; ებრაელებს ეკრძალებათ საღამოს 8 საათის მერე საკუთარ ეზოში ყოფნა (სხვის ეზოზე რომ აღარაფერი ვთქვათ!); ებრაელებს ეკრძალებათ ქრისტიანებთან სტუმრად მისვლა; ებრაელებს ეკრძალებათ არაებრაულ სკოლებში სწავლა და კიდევ მრავალი მსგავსი კანონი".

ანა ფრანკის დღიური, 1942 წლის 20 ივნისი (მთარგმნელი — დავით ღოლიჯაშვილი)

უფრო ხანგრძლივი პერიოდის გადახედვაში, შოა ბევრი გამოცდილების დავიწყებას უკავშირდება. რომ არაფერი ვთქვათ ებრაელი ერის დევნასა და შევიწროებაზე შუა საუკუნეებში, მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკის კონტინენტზე მონათმფლობელობის არსებობამ დიდწილად შეასრულა როლი სუპრემაცისტული იდეების გაღვივებასა და, მოგვიანებით, იმ უფლებრივი უთანასწორობის შექმნაში, რაც მომდევნო საუკუნეშიც გაგრძელდა ამავე კონტინენტზე.

"მომავლის ასაშენებლად წარსულის ცოდნა აუცილებელია", — ეს სიტყვებიც ოტო ფრანკს ეკუთვნის, რომელსაც მტკიცედ სჯეროდა, რომ ჩვენ საკუთარ თავს თავადვე ვანადგურებთ, ამისთვის კი ნაცისტები არ გვჭირდება. ანას მამას კიდევ იმის სწამდა, რომ მისი შვილის ნაწერები ერთ ადამიანზე მაინც მოახდენდა ისეთ გავლენას, რომ იგი მუდმივად იდგებოდა მშვიდობისა და ერთიანობის სადარაჯოზე. იგი ასევე ფიქრობდა, რომ მომხდარის შეცვლა შეუძლებელია, თუმცა მისი დავიწყება იგივეს განმეორების — უდანაშაულო ადამიანების დევნისა და დისკრიმინაციის — საშიშროებას მოგვიტანს.

"გაიაზრე, რომ ეს მოხდა:
გავალებ, ეს სიტყვები
გულში ამოიკვეთო;
სახლში, ქუჩაში,
დასაძინებლად წასვლისას, ადგომისას;
უმეორე ისინი შენს შვილებს".

პრიმო ლევი, განა, ეს ადამიანია?

სწორედ არდავიწყების მიზნით დაიწერა უამრავი წიგნი, ფილმი, მემუარები და, მათ შორის, ეს სტატიაც. გაკვეთილები, რომელიც შოამ გვასწავლა, მაგრამ ჩვენ მათზე უარი ვთქვით, ის საძირკველია, რომელსაც თანამედროვე ტოლერანტული და სოლიდარული საზოგადოება უნდა ემყარებოდეს. ამის და უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდათ მათ, ვისი ცხოვრებაც სიკვდილის ბანაკებში დამთავრდა. მათ შორის, 14 წლის ანასაც, რომლის უამრავი ოცნებიდან ერთ-ერთი სწორედ მწარე გაკვეთილის სწავლა იყო — "ვინ იცის, იქნებ, ჩვენმა რწმენამ ასწავლოს მსოფლიოს ყველა ერს, რა არის სიკეთე. თუნდაც, მარტო ამისთვის ღირს ჩვენი ტანჯვა-წამება".