აშშ-ს პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი — ვინ არის კამალა ჰარისი
"დედაჩემს ასეთი გამონათქვამი ჰქონდა: კამალა, შეიძლება პირველი იყო, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ დარწმუნდი, რომ არ იქნები უკანასკნელი".
რამდენიმე საათში კაპიტოლიუმის შენობისა და მილიონობით ადამიანის თვალწინ კამალა ჰარისი საზეიმოდ ფიცს დადებს და ბევრ რამეში იქნება პირველი. ის იქნება პირველი ქალი, პირველი შავკანიანი და პირველი აზიურ-ამერიკული წარმომავლობის ვიცე-პრეზიდენტი. მისი ქმარი, დაგ ემჰოფი კი იქნება პირველი მეორე ჯენტლმენი.
ჰარისი არის აქტიური ფემინისტი, ლგბტქ უფლებების დამცველი და ანტირასისტი. მისი კამპანიაც სწორედ ადამიანის უფლებების დაცვაზე გადიოდა. ამავე დროს, კრიტიკოსები მას ზედმეტად მემარცხენეულ იდეებსა და პოპულისტურ განცხადებებში ადანაშაულებენ.
ვიცე-პრეზიდენტობამდე მან საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა: იმიგრანტების ოჯახიდან შტატის გენერალურ პროკურორობამდე და, ბოლოს, ქვეყანაში მნიშვნელობით მეორე თანამდებობამდე.
სამოქალაქო აქტივიზმიდან პოლიტიკამდე
კამალა დევი ჰარისი 1964 წელს კალიფორნიაში, იმიგრანტების ოჯახში დაიბადა. წარმოშობით ინდოელი დედა პროფესიით ბიოლოგი იყო და სხვადასხვა კვლევას ატარებდა. მამა იამაიკიდან იყო და სტენფორდის უნივერსიტეტში ეკონომიკის ლექციებს კითხულობდა. კამალას ჰყავს უმცროსი და, მაია, რომელიც პროფესიით იურისტია და მის საარჩევნო კამპნიაში აქტიურად მონაწილეობდა.
განათლების მიღება მას დესეგრეგაციის პერიოდში მოუწია. სტუდენტობისას კი სამოქალაქო აქტივიზმში იყო ჩართული.
ის კამპანიის განმავლობაშიც ხშირად საუბრობდა რასიზმზე, წინაპრებზე, მშობლებზე, იმიგრანტებზე, რომლებიც თავიანთი უფლებებისთვის იბრძოდნენ.
არჩევნებში გამარჯვების ღამესაც, ჰარისმა დედაზე და ქალების იმ თაობაზე ისაუბრა, რომლებმაც ამ მომენტისთვის ნიადაგი მოამზადეს.
"შეიძლება მე ამ ოფისში პირველი ქალი ვიყო, მაგრამ არ ვიქნები უკანასკნელი, რადგან ყოველი პატარა გოგო, რომელიც დღეს საღამოს გვიყურებს, ხედავს, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა".
პოლიტიკურ კარიერამდე ჰარისი პროკურორი იყო. 2004 წელს ის ჯერ სან-ფრანცისკოს ოლქის პროკურორად აირჩიეს, 2010 წელს კი კალიფორნიის შტატის პირველი შავკანიანი ქალი გენერალური პროკურორი გახდა. 2016 წელს მან სენატში გადაინაცვლა, სადაც ისტორიაში მეორე შავკანიანი ქალი იყო.
კამალა ჰარისმა სახელი ჯერ კიდევ პროკურორობის დროს გაითქვა, როცა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული დევიდ ჰილისთვის სასიკვდილო განაჩენის მოთხოვნაზე უარი განაცხადა. ამის გამო მან კრიტიკაც დაიმსახურა, მათ შორის კალიფორნიის მაშინდელი გენერალური პროკურორისგან.
"როცა გადაწყვეტილება მივიღე გავმხდარიყავი პროკურორი, ეს გაცნობიერებული ნაბიჯი იყო. და გადაწყვეტილება იყო, რომ მე ვეცდებოდი შევსულიყავი სისტემაში, სადაც არ დამჭირდებოდა ნებართვა იმის შესაცვლელად, რაც შესაცვლელი იყო", — განაცხადა ჰარისმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
სენატში ყოფნის პერიოდში ჰარისი მკაცრი და პირდაპირი კითხვებით გამოირჩეოდა. განსაკუთრებით მწვავე იყო მისი გამოსვლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ბრეტ კავანასთან გასაუბრების დროს. შედეგად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი წარდგენილი კანდიდატი დაიცვა, ხოლო სენატორი გააკრიტიკა.
პირველი საპრეზიდენტო კამპანია და გზა ვიცე-პრეზიდენტობამდე
2019 წლის იანვარში კამალა ჰარისი საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო. როგორც მოსალოდნელი იყო, მისი კამპანია ადამიანის უფლებებზე იყო ორიენტირებული. ის აცხადებდა, რომ აუცილებელი იყო სისხლის სამართლის კოდექსისა და საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმა. გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ კამპანიის დაფინანსებისთვის კორპორაციებისგან ფულს არ აიღებდა.
გამორჩეული იყო დემოკრატიული პარტიის კანდიდატების დებატებისას კამალა ჰარისის "თავდასხმა" ჯერ კიდევ კონკურენტ ჯო ბაიდენზე. ჰარისმა ბაიდენს სენატში მუშაობა გაუხსენა:
"მე არ მჯერა, რომ თქვენ რასისტი ხართ და გეთანხმებით, როცა საუბრობთ შეხების წერტილების პოვნაზე. მაგრამ მტკივნეული მოსასმენია, როცა საუბრობთ ორი სენატორის რეპუტაციაზე, რომელთაც ეს რეპუტაცია ამ ქვეყანაში რასების სეგრეგაციით მოიპოვეს".
ჰარისმა აღნიშნა, რომ ბაიდენი ეწინააღმდეგებოდა 70-იანებში Busing-ის პოლიტიკას, რა დროსაც დესეგრეგაციის პერიოდში შავკანიანი მოსწავლეები სკოლაში თეთრკანიან მოსწავლეებთან ერთად ავტობუსით დაჰყავდათ. Busing-ის პოლიტიკის ფარგლებში თეთრკანიანებთან ერთად სკოლაში დადიოდა თავად კამალა ჰარისიც.
როგორც მოგვიანებით ბაიდენმა განმარტა, ჰარისის მხრიდან ასეთ კრიტიკას არ ელოდა და თქვა, რომ მისი განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. ბაიდენის თქმით, ის არა Busing-ის პოლიტიკას, არამედ განათლების დეპარტამენტის მიერ ამ ავტობუსების შეკვეთას ეწინააღმდეგებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო კამპანიისას ჰარისს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, 2020 წლის მარტში მან კანდიდატურა მოხსნა. ძირითადი მიზეზი არასაკმაირი ფინანსები გახდა. ამავე დროს, მან თავის მომხრეებს მოუწოდა, ჯო ბაიდენისთვის დაეჭირათ მხარი.
ცნობილი იყო, რომ ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი იქნებოდა. ამაზე თვითონაც უსაუბრია. ამ პოსტზე ბევრი სწორედ კამალა ჰარისს განიხილავდა, რადგან იდეურად ისინი ჰგავდნენ ერთმანეთს. და ასეც მოხდა.
თავდაპირველად ამბობდნენ, რომ მათი თანამშრომლობა დაძაბული იქნებოდა, რადგანაც ჰარისმა პირველ დებატებზე ბაიდენს დიდი დარტყმა მიაყენა. თუმცა მას შემდეგ ბაიდენს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კამალას მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს და ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ჰარისი მისი გარდაცვლილი შვილის, ბო ბაიდენის მეგობარია.
კამალა ჰარისის აშშ-ის ისტორიაში მესამე ქალია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს. უშუალო სტილი, ხალხთან თბილი შეხვედრა და კონვერსის კედები მისი კამპანიის ნიშა გახდა.
მას არ უყვარს, როცა "ქალ ობამას" უწოდებენ. როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ უნდა შეინარჩუნოს ობამას მემკვიდრეობა საპრეზიდენტო კამპანისიის დროს, ჰარისმა უპასუხა: "მე საკუთარი მემკვიდრეობა მაქვს".
მწვავე იყო მისი კიდევ ერთი დებატი მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან. თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც კამალა ჰარისის ფრაზა გახდა, რომლითაც ის პენსს აჩერებდა:
"Mr Vice-President, I’m speaking". ["ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, მე ვსაუბრობ"]
ჰარისის პოლიტიკა
მომავალი ვიცე-პრეზიდენტი აქტიურად უჭერდა მხარს Black Lives Matters-ის მოძრაობას. ის აკრიტიკებდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას, განსაკუთრებით, მიგრაციის, იარაღის კონტროლის, კლიმატური ცვლილებისა და კორონავირუსის მიმართულებით. ზოგადად, უნდა ველოდოთ, რომ ბაიდენ-ჰარისის პოლიტიკა წინამორბედის ადმინისტრაციისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.
2017 წელს ჰარისმა სენატში მხარი დაუჭირა სენატორ ბერნი სანდერსის პროგრამას Medicare for All, რომელიც ყველა ამერიკელისთვის დაზღვევას ითვალისწინებდა. ბაიდენი პრეზიდენტ ბარაკ ობამას პროგრამის მხარდამჭერია, რომელიც, ასევე, ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურებაზეა ორიენტირებული. მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ გეგმის განხორციელებაზე იმუშავებენ ბაიდენი და ჰარისი.
გარდა ამისა, კამალა ჰარისი იყო Green New Deal-ის (ახალი მწვანე კურსი) თანაავტორი, რომელიც კლიმატის ცვლილების პრობლემის გადასაჭრელად აშშ-ის ეკონომიკის გადახედვას ითვალისწინებდა. აღნიშნულ დოკუმენტს რესპუბლიკელებმა "სოციალისტური მანიფესტი" უწოდეს.
გლობალური დათბობა ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციის ცენტრალური საკითხი იქნება, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი კლიმატის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნება.
როგორც იმიგრანტების შვილი, ჰარისის ხშირად ამბობს, რომ იმუშავებს საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებაზე და იზრუნებს იმიგრანტებისთვის მოქალაქეობის გაცემაზე.
ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, კამალა ჰარისს არ აქვს სენატორობის მრავალწლიანი გამოცდილება და არც საგარეო საკითხებზე უმუშავია ბევრი. თუმცა თუ გავითვალისწინებთ ჯო ბაიდენის არაერთ მხარდამჭერ და რუსეთის მაკრიტიკებელ განცხადებას, ამ მხრივ რაიმე ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიცე-პრეზიდენტობის რანგში საქართველოს მაიკ პენსი და ჯო ბაიდენი სტუმრობდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ამ ტრადიციის გაგრძელებაც ვიხილოთ, თუმცა ჯერ ამაზე არაფერია ცნობილი.
კომენტარები