გრეგორი დევიდ რობერტსი — შეშლილი მწერალი, რომელმაც იცხოვრა და მოჰყვა
გულმხურვალე მკითხველები ხშირად არა მარტო კონკრეტული წიგნებით, არამედ მათი ავტორების ბიოგრაფიებითაც ინტერესდებიან, რათა უკეთ გაიგონ ის, რაც მათი წიგნების ფურცლებზე ამოიკითხეს, რადგან აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში მწერლების განვლილი ცხოვრებაა მიზეზი იმისა, რის გამოც მათ კალმის ხელში აღება, საკუთარ თავში დაგროვილი ემოციების სიტყვებად ქცევა და სხვებისთვის გაზიარება მოუნდათ. სწორედ ამის გამო იცნობს ბევრი კარგად ვირჯინია ვულფის თვითმკვლელობის, უილიამ ბეროუზის ნარკოდამოკიდებულებისა თუ მარიო ვარგას ლიოსას სასიყვარულო ისტორიების შესახებ წვრილმან დეტალებსაც კი.
ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანების ბიოგრაფიებს მივყავართ მათ წიგნებთან და ამის საუკეთესო მაგალითად გრეგორი დევიდ რობერტსი გამოდგება, რომელმაც ჯერ თავისი ცხოვრებით, შემდეგ კი შემოქმედებით აალაპარაკა ყველა. სამწუხაროდ, ქართველი მკითხველების დიდი ნაწილი ამ გამორჩეულ ავსტრალიელ ხელოვანს საერთოდ არ იცნობს და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბესტსელერი რომანის ავტორია, ჩვენთან ჯერ კიდევ ბევრს ელის წინ მისი დაუჯერებელი ამბების აღმოჩენის ბედნიერება.
გრეგორი დევიდ რობერტსი 1952 წლის 21 ივნისს ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქში, მელბურნში დაიბადა. მისი ზრდასრულობის წლები ისედაც იმდენი უცნაურობითაა სავსე, რომ ძალიან ცოტა რამ ვიცით რობერტსის ბავშვობის შესახებ და თავადაც იშვიათად იხსენებს ადრეულ წლებს. შედარებით უფრო მკვეთრი მონახაზი გვაქვს ახალგაზრდობის პერიოდზე: სტუდენტობის პერიოდში ის მემარცხენე და ანარქისტულ დაჯგუფებთან იყო დაკავშირებული.
მოსაწყენ ბიოგრაფიულ დეტალებს რომ თავი ავაროდოთ (რაც ამ პიროვნების შემთხვევაში ისედაც ძალიან ცოტაა), აჯობებს, პირდაპირ მისი ცხოვრების ის ეტაპი აღვწეროთ, რომელმაც საბოლოო ნაყოფად გენიალური რომანი — შანტარამი გამოიღო. ამ წიგნის დაწერამდე დევიდ რობერტსის ცხოვრების განვლილი გზა იმდენი მოულოდნელობით, წარმოუდგენელი დეტალებით და გასაოცარი მოვლენებითაა სავსე, რომ ყველაზე შთამბეჭდავი მძაფრსიუჟეტიანი ბლოკბასტერის შემქმნელებსაც კი შეშურდებოდათ.
გრეგორი დევიდ რობერტსის ბევრისგან დიდად არაფრით გამორჩეულ ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა მას შემდეგ დადგა, როცა მას ცოლი გაშორდა და შვილზე მეურვეობაც დაკარგა. ეს ფაქტი მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიშხალი აღმოჩნდა, რომელმაც დამანგრეველი შედეგები მოიტანა, და ამ მძიმე დროს მან თავშესაფარი ნარკოტიკებში იპოვა: როგორც ერთ ინტერვიუში იხსენებს, ახლობელმა ჰეროინი გაასინჯა და მალევე ნარკოდამოკიდებული გახდა.
ნარკოტიკულ საშუალებებზე რომ ყოველთვის ხელი მიგიწვდებოდეს, არც ისე მცირე ფინანსური კაპიტილი გჭირდება, რაც მას არ გააჩნდა. ამიტომაც ხელი მძარცველობას მიჰყო, თუმცა ამ ერთი შეხედვით ძალიან გაცვეთილ კრიმინალურ საქმიანობაშიც თავისი უჩვეულო ბუნება გამოავლინა: ის ყოველთვის დახვეწილ კოსტიუმში გამოწყობილი ძარცვავდა ხალხს და თავის მსხვერპლებს თავაზიანი ფორმებით — "გეთაყვა", "გმადლობთ" — მიმართავდა. სწორედ ამის გამო მას "ჯენტლმენი ბანდიტი" შეარქვეს.
რამდენად დახვეწილი და ტაქტიანი მძარცველი არ უნდა ყოფილიყო, ის მაინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სჩადიოდა და ცხადია, 1980 წლის ერთ დღესაც დააპატიმრეს. რა შეიძლება მომხდარიყო ამის შემდეგ უჩვეულო? პატიმარიც იმდენად ჯენტლმენი აღმოჩნდა, რომ სასჯელი შეუმცირეს? არა. გრეგორი დევიდ რობერტსი ციხიდან გაიქცა. დიახ, განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ არსებული სასჯელაღსრულების სისტემიდან გამოპარვა მოახერხა. მეტიც — მან როგორღაც ინდოეთამდე ჩააღწია და ათი წლის განმავლობაში მშობლიურ ავსტრალიაში ძებნილად ითვლებოდა.
თუ მან ავსტრალიაში ასეთი დაუჯერებელი ამბების დატრიალება შეძლო, არანაკლებ ზღაპრული გამოდგა მისი ცხოვრება ინდოეთშიც, ქვეყანაში, სადაც სასწაულებისაც უფრო მეტად სჯერათ. ამ წლების განმავლობაში მან ერთდროულად მოახერხა, რომ მხოლოდ პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის გამოსადეგი ცოდნით საავადმყოფო გაეხსნა, ადგილობრივი მაფიის წევრი გამხდარიყო, ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრისას ებრძოლა, ბოლივუდის ფილმებში ეთამაშა და მუმბაის ციხეში ამოეყო თავი. როგორც მოგვიანებით ეს გამოცდილება აღწერა, ამ ციხეში ისე სასტიკად აწამეს, რომ არ ეგონა, თუ იქიდან ცოცხალი გამოვიდოდა.
ამის მიუხედავად, ამასაც გადაურჩა, რამდენიმე თვის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, ევროპაში გაემგზავრა და ყალბი პასპორტით აგრძელებდა ცხოვრებას: გერმანიაში როკჯგუფ Kill Your Landlord-ის წევრიც კი გახდა. თუმცა ამ ყველაფერმა დიდხანს ვერ გასტანა: პოლიციამ მის შესახებ მაინც გაიგო, 1990 წელს დააპატიმრეს და ავსტრალიაში დააბრუნეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სამშობლოს ციხე ინდოეთთან შედარებით უფრო ჰუმანური გარემოთი გამოირჩეოდა, ძალადობრივი მოპყრობისგან არც იქ იყო დაცული, მეტიც, აქ მისთვის ყველაზე ძვირფასის წართმევა სცადეს: სწორედ ავსტრალიის ციხეში მეორედ მოხვედრის შემდეგ დაიწყო მან პირველ წიგნზე მუშაობა, რომლის ხელნაწერიც ციხის მცველებმა ორჯერ გაუნადგურეს.
"ეს არის ადამიანის განადგურების მცდელობა მისი ხელოვნების განადგურების საშუალებით. ეს მინახავს ციხეებში, მას სისტემური, წინასწარ განზრახული ხასიათი აქვს", — ამბობს რობერტსი ერთ-ერთი ინტერვიუში.
ალბათ, წარმოუდგენელი ტკივილია, როცა საკუთარი ქმნილების ერთადერთ ხელნაწერს თვალწინ ზედიზედ ორჯერ გინადგურებენ, თუმცა გრეგორი დევიდ რობერტსი არც ამ შემთხვევაში დანებებულა: ექვსწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ (რობერტსი იმასაც ამბობს, რომ ამ დროსაც მოახერხა ციხიდან გამოქცევა, თუმცა გადაიფიქრა და უკან თავადვე დაბრუნდა), როცა უკვე თავისუფლად ცხოვრება შეეძლო, რომანის წერა თავიდან, მესამედ დაიწყო და დაასრულა კიდეც: 2003 წელს გამოქვეყნდა შანტარამი, მსოფლიო ბესტსელერი, რომელიც 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მისი ექვს მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
რა თქმა უნდა, რომანი ავტორის ავტობიოგრაფიულ გამოცდილებას ეფუძნება, მეტიც — ბევრი მკითხველი მიიჩნევს, რომ ის თითქმის ზუსტად ასახავს გრეგორი დევიდ რობერტსის ცხოვრების გზას, თუმცა თავად მწერალი ამ აზრს არ იზიარებს:
"მართალია, რომანი პირველ პირშია დაწერილი, მაგრამ მთხრობელიც გამოგონილი პერსონაჟია, როგორც სხვა დანარჩენი — ეს მწერლის ფანტაზიის ნაყოფია. მთხრობელი გმირია, რომელიც ემყარება ჩემს გამოცდილებას, თუმცა ის არ არის კაცი, სახელად გრეგორი დევიდ რობერტსი. ეს მხატვრული ტექსტია", — თქვა მან ინტერვიუში.
დიდი ხნის განმავლობაში ეს მისი ერთადერთი წიგნი იყო, თუმცა 2015 წელს მან შანტარამის სიქველი The Mountain Shadow (მთის ჩრდილი) გამოსცა. უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ მისი სადებიუტო რომანის სატელევიზიო ეკრანიზაციას: Apple+ შანტარამის მიხედვით სერიალს იღებს, რომელშიც მთავარ როლს ჩარლი ჰანემი შეასრულებს.
მანამდე კი შეგიძლიათ, ეს შესანიშნავი რომანი უკვე ქართულ ენაზე წაიკითხოთ: 2020 წლის მიწურულს სულაკაურის გამომცემლობამ შანტარამი ქართულ ენაზე გამოსცა (მთარგმნელი პაატა ჩხეიძე). მართალია, წიგნი ერთი შეხედვით უზარმაზარია — ის 970 გვერდისგან შედგება, თუმცა უკვე თავადაც დარწმუნდებოდით, თუ რამდენად დიდებული იყო მისი ავტორის ცხოვრებაც, შესაბამისად, რომანს ერთი ამოსუნთქვით ვერა, თუმცა მუდმივად სასიამოვნო გაოცების შეგრძნებით ნამდვილად წაიკითხავთ და ბოლო გვერდამდე არნახული თავგადასავლების მონაწილე იქნებით.
კომენტარები