სიკვდილის შემდეგ ადამიანის ჩეთბოტად გაცოცხლება — Microsoft-ის ახალი მიზანი
გაესაუბრებოდით გარდაცვლილი ადამიანის ჩეთბოტს? სერიალმა Black Mirror, მსგავსი შეკითხვა უკვე დასვა და მაყურებელს ეს ყველფერი ძალიან მოეწონა. იგივე შეკითხვას ახლა Microsoft თავის მომხმარებელს უსვამს.
სულ ცოტა ხნის წინ, აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისმა Microsoft-ს "კონკრეტული პირების მოსაუბრე ჩეთბოტის" პატენტი დაუმტკიცა.
ჩეთბოტები
ჩეთბოტი ადამიანთან მოსაუბრე პროგრამაა და მას ადამიანის მსგავსი დიალოგის წარმოება შეუძლია. იდეა ცნობილი ბრიტანელი მეცნიერისგან, ალან ტურინგისგან მოდის. ალან ტურინგმა თავისი ცნობილი ტესტი 1956 წელს გამოაქვეყნა. ტესტის დროს ადამიანი ეკონტაქტება კომპიუტერს და ადამიანს, ისე რომ მათ ვერ ხედავს. თუ ტესტის მონაწილე ვეღარ გაარჩევს ადამიანი პასუხობს თუ კომპიუტერი, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კომპიუტერმა გამოცდა ჩააბარა.
ტურინგის დროს მსგავსი ექსპერიმენტის ფიზიკური განხორცილება შეუძლებელი იყო. თუმცა, უკვე დღეს, ჩვენ გვყავს ჩეთბოტების არმია, რომლებიც ხშირად ისე დამაჯერებლად საუბრობენ, რომ ნამდვილად რთულია გაარჩიო, პროგრამაა ის თუ ადამიანი.
ხელოვნურ ინტელექტზე დაშენებული ეს სისტემა დღეს ძალიან პოპულარულია და უამრავ სფეროში გამოიყენება. ჩეთბოტები ზოგჯერ გარდაცვლილ ადამიანებზეც კეთდება, ასეთი კარგი მაგალითი ანიმა ჩეთბოტიქსის მიერ შექმნილი, პირველი ქართული ჩეთბოტი, კიბერ გალაკტიონია.
კიბერ გალაკტიონი ცნობილი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ენობრივი ასლია, რომელთან საუბრისას გიჩნდებათ ილუზია, რომ რეალურ გალაკტიონს ესაუბრებით, რადგან ჩეთბოტი პოეტის რეალური ბიოგრაფიიდან, შემოქმედებიდან და დღიურებიდან იძლევა პასუხებს.
Microsoft — ციფრული უკვდავება
როგორც ჩანს Microsoft სწორედ ამ მიმართულების განვითარებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ტექნოლოგიური გიგანტის მიერ მოპოვებული პატენტი მოიცავს ჩეთბოტებს, რომლის ინფორმაციის წყაროც გარდაცვლილის ახლობლები იქნებიან.
ეს იდეა მართლაც ძალიან ჰგავს Black Mirror-ის სერიას Be Right Back-ს, სადაც ქვრივი ზუსტად ასე იწყებს თავის გარდაცვლილ მეუღლესთან საუბარს.
აღსანიშნავია, რომ მსგავს ჩეთბოტს სხვა ახლობლებთან საუბარიც შეეძლება და მეტიც, უცხოებთანაც კი.
ეს ყველაფერი ეთიკურ შეკითხვებს აჩენს. გვაქვს კი გარდაცვლილ ადამიანზე ინფორმაციის შეგროვების და მისი გამოყენების უფლება?
თეორიულად, ნებისმიერს შეუძლია გარდაცვლილი ადამიანის მონაცემების შეგროვება და მისგან ჩეთბოტის შექმნა. თუმცა, ჩეთბოტების და ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, სადაც კომპანიებს გარდაცვლილი ადამიანების გაციფრულება შეეძლებათ, სავარაუდოა, რომ თავს რეგულაციები იჩენენ. როგორი შეიძლება იყოს ეს რეგულაციები, რთული სათქმელია.
მომავალი — ციფრული კლონები
თუმცა, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, აუცილებელი არ არის კომპანიამ გარდაცვლილი ადამიანი მისი ნებართვის გარეშე გააციფრულოს. მსგავსის მსურველი ცოცხალ ადამიანებში ბევრი იქნება. ერთია, როდესაც გარდაცვლილ ადამიანზე ვაგროვებთ მონაცემებს და მეორე, როდესაც ცოცხალი ადამიანი თავად თანამშრომლობს კომპანიასთან.
პროგრამები, რომლებიც გვაკვირდებიან და ჩვენგან მონაცემებს იღებენ უკვე არსებობს. რა მოხდება მაშინ, თუ ადამიანები ასეთ პროგრამებთან კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ?
ასეთ ფუტურისტულ სამყაროში ყველას თუ არა, ბევრს ნამდვილად ეყოლება თავისი ციფრული კლონი. მეტიც, ეს კლონები ჩვენი სიკვდილის შემდეგ უსასრულოდაც იარსებებენ.
ვნახოთ რა იქნება მომავალში, მაგრამ როდესაც საქმეში ისეთი ტექნოლოგიური გიგანტი ერთვება, როგორიც Microsoft-ია, ალბათ, დროა დავფიქრდეთ თუ როგორები იქნებიან ჩვენი ციფრული კლონები. საინტერესოა რას იზამენ ისინი, როდესაც ჩვენ, ფიზიკურად, აღარ ვიქნებით...
კომენტარები