თინეიჯერმა Deepfake-ის ამომცნობი ალგორითმი შექმნა, რომელიც საუკეთესო მოდელზე ათჯერ სწრაფია
Deepfake ვიდეოების ფართო გავრცელების პარალელურად, ვითარდება პროგრამები, რომლებიც ასეთ მასალას ამოიცნობენ.
ირლანდიელი გრეგ ტარი Bandon Grammar-ის სკოლის 17 წლის სტუდენტია, რომელიც 2021 წლის BT-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პრემიის ლაურეატად გამოცხადდა. გრეგმა ეს ჯილდო Deepfake ვიდეოების დაფიქსირებისთვის შექმნილ სპეციალური პროგრამის გამო მიიღო. თინეიჯერმა ამისთვის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა და პროექტს “Towards Deepfake Detection” დაარქვა.
დეზინფორმაციასთან ბრძოლა
Deepfake-ის შესაძლებლობები მსოფლიოსთვის ახალ თავსატეხად იქცა. მსგავსი ვიდეოები იმდენად დამაჯერებელია, რომ რთულია გაარჩიო რომელი ვიდეოა რეალური და რომელი— არა. ამ ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენება კი მარტივადაა შესაძლებელი. შესაბამისად, ბევრი Deepfake-ს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იყენებს.
გრეგ ტარის პროექტი მოიცავს ხელოვნური ინტელექტის მიერ უზრუნველყოფილ პროგრამას, რომელიც 150 000-ზე მეტ კოდს უყრის თავს და ეფექტიანად ავლენს ყალბ ვიდეოებს.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მკვლევარმა ყალბი ვიდეოების ამოცნობის სიჩქარე და ეფექტურობა ბევრად გააუმჯობესა. ტარის პროგრამა დეზინფორმაციის მატარებელ ვიდეოებს ათჯერ უფრო სწრაფად აფიქსირებს, ვიდრე ამას ამჟამინდელი საუკეთესო მოდელი ახერხებს.
"ხელოვნურ ინტელექტზე დაახლოებით 4 წელი ვმუშაობდი. ის დიდი რაოდენობით მონაცემებზეა გაწვრთნილი. ეს კონცეპტი აქამდეც არსებობდა, მაგრამ ჩემი ბევრად სწრაფია", — თქვა ტარმა, Euronews-თან ინტერვიუში.
"გრეგ ტარიმ კომპიუტერულ მეცნიერებაში ისეთი ხარისხის ცოდნა და გამოცდილება გამოავლინა, რაც მის ასაკში ნამდვილად გასაოცარია. კოდირების დონე, რომელიც მან გამოიყენა უკიდურესად რთულია", — განაცხადა ტექნოლოგიის მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარემ, ლეონარდ ჰობსმა.
გრეგ ტარი ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე, ირლანდიის წარმომადგენელი იქნება.
"სექტემბერს ჩემი ქვეყნის წარმოდგენის პატივი მექნება. ეს შეიძლება იგივე პროექტით მოხდეს, ან კიდევ უფრო გაუმჯობესებულით", — თქვა ტარმა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები