რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის შეთანხმება 12 ნოემბერს სოჭში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრის შემდეგ გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს საგარეო საგარეო სამინისტროში უკანონო უწოდეს, კონფლიქტის სფეროში მომუშავე ექსპერტები პროგრამას რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებენ.

რა წერია შეთანხმებაში?

45 პუნქტისაგან შემდგარ დოკუმენტი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, თუმცა ყურადღება უფრო ეკონომიკურ საკითხებზეა გამახვილებული, რაც სხვადასხვა ობიექტის, განსაკუთრებით, ენერგორესურსების პრივატიზაციის გამარტივებას გულისხმობს.

პროგრამის 37-ე პუნქტში საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულაციაზე — კერძოდ, სამოქალაქო ორგანიზაციების საკანონმდებლო ბაზის შეცვლასა და უცხოეთის აგენტის სტატუსის მინიჭებაზე. აგრეთვე, დე ფაქტო მთავრობას დამოუკიდებელი საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა ერთმევა.

პროგრამა, რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხსაც ეხება. საუბარია, აგრეთვე, სამართლებრივ აქტებს, რითაც რეგიონში რუსული ინვესტიციების მოზიდვა უნდა დარეგულირდეს. ყველა გაწერილი პუნქტი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ და პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

დოკუმენტის თანახმად, შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა კანონი და ნორმატიული აქტი, მაქსიმუმ, სამი წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს. პროგრამას რუსეთის მხრიდან ხელს აწერენ პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები, მარატ ხუსნულინი და დმიტრი კოზაკი, აფხაზური მხრიდან კი დე ფაქტო პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი, ასლან ბჟანია და ალექსანდრ ანქუაბი.

"ანექსიის სერიოზული მცდელობა"

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი პარალელს ავლებს მოსკოვისა და ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების ხელშეკრულებასა და სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებას შორის.

ზაქარეიშვილის თქმით, 9 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით განიმუხტა და შეიძლება ითქვას, დროებით მაინც მოგვარდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. სამი დღის შემდეგ კი, პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა. პაატა ზაქარეიშვილი On.ge-სთან აღნიშნავს, რომ პუტინი მანამდე ბჟანიას არ ხვდებოდა.

"ეს კავშირშია 9 ნოემბერთან. რუსეთმა მეორე სცენარი ჩართო — როგორ შეინარჩუნოს სამხრეთ კავკასიაში ის, რისი შენარჩუნებაც შეუძლია. მე მაინც მგონია, რომ ყარაბაღის მიმართულებით რუსეთმა უფრო დაკარგა, ვიდრე მოიგო. თურქეთი შემოვიდა, აზერბაიჯანმა გაიმარჯვა და გარკვეულწილად, რუსეთის პოზიციები შეირყა იქეთ მხარეს. მას უნდა რაღაცები შეინარჩუნოს და უცებ, მოულოდნელად შეხვდა ბჟანიას. ყველაზე უფრო რთული დრო იყო მაშინ, მას არ ეცალა აფხაზეთისთვის, ყარაბაღის საკითხები ჰქონდა მოსაგვარებელი. ეს არის იმისთვის, რომ რუსეთს სჭირდება რაღაცები შეინარჩუნოს კავკასიაში. ვინაიდან, ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა აფხაზეთში, პრაქტიკულად, გამოდის, რომ რუსეთმა აფხაზეთისგან ანექსიის უფლება იყიდა", — ამბობს ზაქარეიშვილი On.ge-სთან.

მისივე თქმით, დოკუმენტში გაწერილი პრივატიზაციის უფლება, დღემდე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ხელში იყო, შეთანხმებაში კი ჩადებულია, რომ უნდა მოხდეს საკუთრების დაბრუნება იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრება დაკარგეს.

სოხუმი

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

"ეს არის კანონმდებლობა, რომელიც მეტადაა მიმართული იქითკენ, რომ კრემლის მხრიდან აფხაზური კანონმდებლობის სრული მართვა მოხდეს. შეგვიძლია ამას ანექსიის სერიოზული მცდელობა დავარქვათ. რუსეთი მოითხოვს, რუსეთის მოქალაქეებს თავიანთი ძველი საკუთრების დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეთ. მათ შორის რუსეთის მოქალაქეების ძირითადი უმრავლესობა ეთნიკურად ქართველები არიან, ამიტომ აფხაზებს ეს არ უნდათ. აფხაზებმა იციან, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი მათ ჩაყლაპავს. კრემლი აფხაზეთის რეალურ დამოუკიდებლობას არ დაუშვებს", — აცხადებს ზაქარეიშვილი.

"იძულებითი ნაბიჯია სოხუმის მხრიდან"

კონფლიქტოლოგი, გიორგი კანაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებულ სოხუმსა და მოსკოვს შორის დამტკიცებული პროგრამა 2014 წელს მოკავშირეობისა და პარტნიორობის დადებულ ხელშეკრულებას ეფუძნება. კანაშვილის თქმით, 6 წლის წინ მოსკოვსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის დადებული ხელშეკრულება რუსეთის მხრიდან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე გადადგმული საპასუხო ნაბიჯი იყო. მისი აზრით, რუსეთი საკუთარი კანონმდებლობის აფხაზურთან ჰარმონიზაციას არ დაიწყებს, პირიქით. მიღწეული შეთანხმების მთავარ მიზეზად ისიც აფხაზეთის რეგიონში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს ასახელებს.

"აფხაზეთში არსებული არც თუ ისე სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, გარკვეულწილად, იძულებითი ნაბიჯია ეს სოხუმის მხრიდან. ამით აფხაზები რაღაც დახმარებებს უფრო სწრაფად მიიღებენ რუსებისგან, მაგრამ ეს რუსების პოზიციას რეგიონში გააძლიერებს", — აღნიშნავს ის On.ge-სთან.

ბჟანია/შამბას ბოლოდროინდელ არაერთ შეთავაზებას ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დაწყებაზე, გიორგი კანაშვილი რუსეთის მხრიდან საფრთხეების ზრდის გააზრებას უკავშირებს. ამ ფონზე კი თბილისის გადამეტებული პასიურობა კონფლიქტოლოგს უცნაურად მიაჩნია.

სოხუმი

ფოტო: ლანა კოკაია/On.ge

"რუსული მომავლის დოკუმენტი"

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (Grass) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი მიმდინარე წლის 12 ნოემბერს დადებულ ხელშეკრულებას ანექსიის დოკუმენტს უწოდებს. გაფრინდაშვილის თქმით, ეს არის ცუდი წინგადადგმული ნაბიჯი სხვადასხვა სფეროს რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციისკენ, რაც აფხაზურმა საზოგადოებამ, ისევე როგორც, თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას.

"2014 წლის ხელშეკრულებაც, რომელსაც მე და ჩემმა ორგანიზაციამ ანექსიური ვუწოდეთ, ანექსიის კონტექსტში რბილია, ვიდრე ეს ე.წ. ერთიანი სივრცის პროგრამა. ეს არის რუსული მომავლის დოკუმენტი", — ამბობს პაატა გაფრინდაშვილი On.ge-სთან.

"რისთვის სჭირდებათ რუსებს აფხაზეთის მოქალაქეობა, რომლითაც რუსეთს ვერ გასცდებიან?"

ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის ტექსტმა უკმაყოფილება გამოიწვია აფხაზურ საზოგადოებაშიც. ეხო კავკაზასთან ადგილობრივები დოკუმენტს "რესპუბლიკის სუვერენიტეტისთვის" საფრთხისშემცველად აფასებენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ახრა არისტავა, ეხო კავკაზასთან ამბობს, რომ ქებას იმსახურებენ დოკუმენტის მომზადებაში ჩართული რუსი სპეციალისტები, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის ინტერესები, მაშინ როცა აფხაზეთის ინტერესები არადამაჯერებლად არის წარმოჩენილი, ზედმიწევნით კარგად დაიცვეს.

დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ახრა ბჟანია სვამს კითხვას:

"რისთვის სჭირდებათ რუსებს აფხაზეთის მოქალაქეობა, რომლითაც რუსეთს ვერ გასცდებიან?" მხოლოდ და მხოლოდ, აფხაზეთში უძრავი ქონების შესაძენად. რატომ ვეწინააღმდეგებით ამას? იმიტომ, რომ კანონის მიღების შემდეგ, აფხაზეთის პრეზიდენტს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები აირჩევენ, უძრავი ქონების ფასი კი ისე გაიზრდება, რომ ადგილობრივებისთვის საცხოვრებლის პრობლემას ვერასდროს გადაჭრიანა. ასე რომ, მოცემული დოკუმენტი ჰარმონიზაციას კი არა, რუსული ბიზნესჯგუფების ინტერესების ლობირებას გულისხმობს", — აღნიშნავს ახრა ბჟანია.

"აფხაზური მხარე პოლიტიკურ დიალოგს ითხოვს, ქართული მზად არ არის"

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს კონფლიქტოლოგები საუბარში ხედავენ. პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ქართული მხარე უნდა ელაპარაკოს აფხაზურს. თუმცა მისი თქმით, ხელისუფლებას თამამი ნაბიჯების გადადგმას ოპოზიციის მხრიდან დისკრედიტაციის შიშით ვერ ბედავს.

"აფხაზური მხარე პოლიტიკურ დიალოგს ითხოვს, ქართული მზად არ არის. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში არ არის ხალხი, ვისაც შეუძლია თამამი ნაბიჯები ჯერ მოიფიქროს, განიხილოს და მერე გადადგას. კომპეტენცია არ გააჩნიათ, არ იციან კარგად თემა და ეშინიათ, რომ ოპოზიცია შეუტევს და მათ დისკრედიტაციას მოახდენს, ამიტომ ურჩევნიათ ამ საკითხს საერთოდ არ შეეხონ", — ამბობს ზაქარეიშვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცება დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგი უკანონო ნაბიჯია, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება.

"რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისევე, როგორც მის ფარგლებში შემუშავებული ყველა ე.წ. შეთანხმება, მემორანდუმი თუ პროგრამა უკანონოა და რაიმე სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს. მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს უხეშად არღვევს, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის", — განაცხადეს სამინისტროში.

საგარეო უწყებამ კრემლს თბილისიდან ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და თავისი სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.