ლა-მანშის სრუტეში პრეისტორიული "ზღვის დრაკონის" ნამარხი აღმოაჩინეს
მკვლევრებმა აღმოაჩინეს ახალი პრეისტორიული ზღვის ქმნილების ნამარხი, რომელსაც "ზღვის დრაკონი" შეარქვეს. ოფიციალურად კი მას Thalassodraco etchesi ჰქვია. ეს პატარა რეპტილია 150 მილიონი წლის წინ, გვიან იურულ ერაში ცხოვრობდა და როგორც ჩანს, მან ექსტრემალურად ღრმა წყლებში ყვინთვის უნარიც განივითარა. განამარხებული "ზღვის დრაკონი" ღრმა წყლების გვიან იურული პერიოდის დანალექ ფენაში აღმოაჩინეს ლა-მანშის სრუტის სანაპიროს გასწვრივ, დორსეტში, ინგლისში.
ქმნილება იხტიოზავრების ჯგუფს მიეკუთვნება. ისინი არიან გარსედინის მქონე ზღვის მტაცებლები. ახლახან აღმოჩენილ ნიმუშს რამდენიმე განსხვავება ახასიათებს დანარჩენი იხტიოზავრებისგან, რაც მას უნიკალურს ხდის, მეცნიერებს კი აძლევს იმის საფუძველს, რომ ეს რეპტილია სრულიად ახალ გვარსა და სახეობას მიაკუთვნონ. ეს კონკრეტული ნიმუში 2009 წელს აღმოაჩინეს, მას ჯერ კიდევ იკვლევენ და მიიჩნევა, რომ იგი, დაახლოებით, ორი მეტრის სიგრძის იყო.
იგი სტივ ეთჩესმა აღმოაჩინა სანაპიროს გასწვრივ მას შემდეგ, რაც კლდე ჩამოინგრა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მას აქვს გარკვეული მსგავსებები კაშალოტთან. ორივე მათგანს ჰქონდა ექსტრემალურად ღრმა ნეკნების გალია, რაც მიანიშნებს ფართო ფილტვებზე და მეტ სივრცეზე შინაგანი ორგანოებისთვის. ეს სივრცე მათ, ექსტრემალურ სიღრმეებზე ყვინთვისას, მაღალი წნევისგან იცავდა.
ამ ქმნილებებს თვალებიც დიდი ზომის ჰქონდათ, რაც მათ დაბალი განათების პირობებში კარგად დანახვის საშუალებას აძლევდა. ასობით პატარა კბილის წყება კი იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი, ძირითადად, პატარა ზომის თევზებითა და მოლუსკებით იკვებებოდნენ. "ზღვის დრაკონის" კბილებს ასეთ უნიკალურს ის ხდის, რომ ისინი მთლიანად გლუვია. ამ ქმნილებას ფარფლები არ ჰქონდა.
თუმცა, მათ შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მეცნიერებს მხოლოდ ნამარხების საფუძველზე შეუძლიათ გარკვეული დასკვნების გაკეთება, რადგან დღეს მათი მსგავსი არსებები აღარ გვხვდება. იმედია, მომავალში ჩატარებული კვლევები ნათელს მოჰფენს ამ უძველეს არსებებს.
კომენტარები