ეს შეიძლება პირველი შემთხვევა იყოს, როდესაც ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები დავაფიქსირეთ
ადამიანი დაუსრულებელ ძიებაშია. ჩვენ ვცდილობთ სამყაროს შეცნობას და მასში საკუთარი ადგილის გააზრებას. ამ ყველაფრის ფონზე, სულ პატარა მონაცემებმა შეიძლება სრულიად ახალი სამყაროები აღმოგვაჩენინოს.
აღსანიშნავია, რომ ასტრონომებმა გადადგეს პირველი ნაბიჯები რადიოსიხშირული ემისიის გამოყენებით, ეგზოპლანეტური საიდუმლოებების გამოსავლენად.
მეცნიერებმა ჩვენი მზის სისტემის მიღმა უამრავი ახალი სამყარო აღმოაჩინეს, მაგრამ აქამდე არცერთი ეგზოპლანეტის მაგნიტური ველი არ დაუფიქსირებიათ. ეს შეიძლება პირველი შემთხვევა იყოს, როდესაც შორეული კოსმოსიდან, კონკრეტული ეგზოპლანეტის მაგნიტური ველი დავაფიქსირეთ.
”პლანეტარული რადიოსიხშირული გამოსხივების დაკვირვება ყველაზე პერსპექტიული მეთოდია ეგზოპლანეტის მაგნიტური ველების დასადგენად, მას შეუძლია მოგვცეს მნიშვნელოვანი ცოდნა პლანეტის შინაგანი სტრუქტურის, ატმოსფერული გარემოს შესახებ და რაც მთავარია, დაგვეხმარება გავიგოთ, არის თუ არა იქ სიცოცხლე.” — განმარტეს კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომმა ჯეიკ ტერნერმა და მისმა კოლეგებმა.
როდესაც ვარსკვლავური ქარისგან დამუხტული ნაწილაკები მოხვდებიან პლანეტის მაგნიტურ ველში, მისი სიჩქარის ცვლილება შეიძლება გამოვლინდეს, როგორც რადიოსიხშირის საოცარი ვარიაციები, რომლებიც სტატისტიკურად აღწერილია, როგორც "ადიდებული".
რა თქმა უნდა, ეგზოპლანეტიდან მოსული ასეთი შორეული რადიოსიგნალების დასადგენად, “სრული სიჩუმეა“ საჭირო.
რამდენიმე წლის წინ, სწორედ ამისთვის, მეცნიერთა გუნდმა შეიმუშავა BOREALIS-ის მილსადენის პროგრამა. მათ ის იუპიტერზე გამოსცადეს და შემდეგ გამოთვალეს, თუ როგორი იქნებოდა იუპიტერის რადიოსიხშირული გამოსხივება, თუ ის ბევრად უფრო შორს იქნებოდა.
ტერნერის გუნდმა გადაწყვიტა შეამოწმოს მათ მიერ შემუშავებული ტექნიკა, ნიდერლანდების დაბალი სიხშირის მასიური რადიოტელესკოპის (LOFAR) გამოყენებით, რათა შეისწავლონ ცნობილი ეგზოპლანეტის მქონე სამი სისტემა: 55 Cancri, Upsilon Andromedae და Tau Boötis.
მხოლოდ Tau Boötis-ის სისტემამ, რომელიც 51 სინათლის წლის დაშორებითაა, გამოავლინა რადიომონაცემები, რომლებიც შეესაბამება მკვლევარების პროგნოზებს იუპიტერთან ჩატარებული ტესტების შესაბამისად. შედეგი 14-21 მეგაჰერციანი ემისია იყო.
“ჩვენ ვუშვებთ, რომ რადიოსიხშირის ემისიას თავად პლანეტა ახდენს. რადიოსიგნალის სიძლიერიდან და პლანეტის მაგნიტური ველიდან გამომდინარე, ის თავსებადია თეორიულ პროგნოზებთან“, — თქვა ტერნერმა.
თუ მეცნიერების გაზომვები სწორია, ისინი ვარაუდობენ, რომ პლანეტის ზედაპირზე მაგნიტური ველის სიძლიერე დაახლოებით 5 – დან 11 გაუსამდე მერყეობს (შედარებისთვის, იუპიტერი 4 – დან 13 გაუსამდე მერყეობს და მისი მაგნიტური ველის გაზომვების შედეგად დადგინდა, რომ პლანეტას აქვს მეტალის წყალბადის ბირთვი). მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირებული მაგნიტური ველის ემისიის სიძლიერე ასევე შეესაბამება წინა პროგნოზებს.
"დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტების მაგნიტური ველი შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ასეთ პლანეტებზე სიცოცხლეა. ატმოსფეროს ასეთმა ფარმა წესით უნდა შეძლოს და დაიცვას პლანეტა მზის ქარისგან და გამოსხივებისგან. ამით პლანეტას საკუთარი ატმოსფეროს შენარჩუნებაც შეეძლება", — ამბობს ტერნერი.
თუმცა, მათ მიერ აღმოჩენილი სიგნალი სუსტია და ჯერ კიდევ გადამოწმებას ითხოვს.
თუ სხვა ტელესკოპები, როგორიცაა LOFAR-LBA და NenuFAR, ხსენებულ დასკვნას დაადასტურებენ, ეგზოპლანეტებიდან ამგვარი რადიოელექტრონული გამოვლენა კვლევის ახალ სფეროს შექმნის, რაც მოგვცემს შორეული, უცხო სამყაროების შესწავლის ახლებურ საშუალებას.
კომენტარები