ახალი მსოფლიო რეკორდი — მეცნიერებმა მზის პანელის უჯრედის ეფექტიანობა გაზარდეს
მზის ენერგიის გამოყენების აუცილებლობაზე ბევრი მეცნიერი საუბრობს. რესურსები, რომელთა მარაგიც დედამიწაზე ათასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა, ულევი ნამდვილად არ არის. ამის ფონზე, აღსანიშნავია, რომ ის ენერგია, რომელიც მზისგან დედამიწაზე ხვდება, ბევრად მძლავრია და რაც მთავარია, პრაქტიკულად ამოუწურავია. ამიტომაც, მზის ენერგია ჩვენი პლანეტის “განახლებად ენერგეტიკულ რესურს“ მიეკუთვნება.
მსგავს ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიები, ხშირად, მომავალთან ასოცირდება, თუმცა მათ გამოყენებას უკვე აწმყოშიც აქტიურად ვხედავთ. ამ ყველაფრის ფონზე, სასიხარულოა და მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებმა მზის უჯრედის ენერგიის გამოყენების ეფექტურობის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს.
მკვლევარებმა პეროვსკიტის/სილიციუმის ტანდემის მზის უჯრედების კატეგორიაში 29,15 პროცენტიან ეფექტურობას მიაღწიეს. აქამდე მსგავსი ეფექტურობის მაქსიმუმი 28 პროცენტი იყო.
"ტანდემური მზის უჯრედები, რომლებიც აერთიანებენ სილიციუმს ლითონის ჰალოგენურ პეროვსკიტთან, პერსპექტიული ვარიანტია ერთუჯრედიანი ეფექტურობის ლიმიტის დასაძლევად. ჩვენ ვიტყობინებით მონოლითურ პეროვსკიტის სილიციუმის ტანდემს, რომლის ენერგომომარაგების ეფექტურობა 29,15 პროცენტია", — წერენ მკვლევრები თავიანთ გამოქვეყნებულ ნაშრომში.
პეროვსკიტი და სილიციუმი სინამდვილეში ცალ-ცალკე შემუშავდა, როგორც ნახევარგამტარული მასალები მზის პანელის გამოყენებისთვის: სილიციუმის უჯრედები უკვე დიდი ხანია რაც გამოიყენება. ამის ფონზე, პეროვსკიტი არის მომავალი და ახალი გამოწვევა, რომელსაც სილიციუმის ჩანაცვლება შეუძლია.
ამიტომ, მეცნიერები დიდი ხანია ექსპერიმენტებს ატარებენ პეროვსკიტის ნაერთებთან სხვადასხვა მასალების კომბინირების კუთხით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პეროვსკიტი დაკავშირდა სილიციუმთან.
"ტანდემურ უჯრედში" გამოიყენება ორი ნახევარგამტარი, რომლებსაც შეუძლიათ სინათლის სპექტრის ორი განსხვავებული ნაწილის დაჭერა.
კარგი ამბავი ის არის, რომ პეროვსკის და სილიციუმის სინთეზი მზის პანელების დამზადების ღირებულებას არსებითად არ ცვლის. ფასის ფაქტორი კი ძალიან მნიშვნელოვანია მზის ტექნოლოგიების კიდევ უფრო დახვეწისთვის და მისი მოხმარების გააქტიურებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ამ ახალ კვლევაში, 29,15 პროცენტიანი ეფექტურობის რეკორდული მაჩვენებელი მიღწეული იქნა 1 სმ x 1 სმ პანელით, ამიტომ საჭირო იქნება მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდა. თავის მხრივ, მეცნიერები ამბობენ, რომ მათთვის მასშტაბების გაზრდაც შესაძლებელია.
რაც შეეხება გამოცდას, 300 საათის სიმულაციური გამოყენების შემდეგ, ტანდემურმა უჯრედმა შეინარჩუნა თავდაპირველი ეფექტურობის 95 პროცენტი, რაც ნამდვილად კარგის მანიშნებელია.
თუმცა, მეცნიერები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. გამოკვლევების თანახმად, მზის უჯრედების ტანდემურ ტექნოლოგიას 30 პროცენტზე მეტი ეფექტიანობის მიღწევაც შეუძლია.
ეს შეიძლება კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს და "განახლებადი ენერგეტიკული რესურსი" ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
კომენტარები