ქვის ხანის "ვენერას ფიგურებს" ახალი ახსნა აქვს — ეს გადაშენებასთანაა დაკავშირებული
ქალის ფიგურების ეს უცნაური ქანდაკებები ძველი ქვის ხანის პერიოდით თარიღდება და მსოფლიოს უძველეს ხელოვნების ნიმუშებში გადის. ქალების ეს სიმბოლური, სტილიზებული გამოსახულებები, რომლებსაც ხშირად "ვენერას ფიგურებს" უწოდებენ, ნაპოვნია ევროპასა და ევრაზიაში. ქანდაკებებისთვის დამახასიათებელია უხეშად მომრგვალებული მკერდი, დუნდულები, ბარძაყები, თეძოები და მუცელი.
ამ საიდუმლოებით მოცული ფიგურებიდან, 200-ზე მეტი 38 000-დან 14 000 წლითაა დათარიღებული. მათ შორის უმეტესობა ამოღებულია დაახლოებით 26 000-21 000 წლის წინანდელი პერიოდებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური კამათი ხშირია იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობას ატარებდა უძველესი ადამიანებისთვის ეს ფიგურები, მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქანდაკებები სიხალისის, ნაყოფიერების, სექსუალობის და დედობის სიმბოლოა.
ბევრი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს დიდი ფორმის სხეულები ძალიან რეალისტურად ასახავს, იმას თუ როგორია სიმსუქნე. ჭარბი წონა 21-ე საუკუნის ადამიანებისთვის სერიოზული პრობლემაა. ამის ფონზე, უცნაურია რატომ უნდა ყოფილიყო ეს პრობლემა აქტუალური 30 000 წლის წინ, როდესაც საკვების მოპოვება უმთავრესი და ურთულესი გამოწვევა იყო.
"მსოფლიოში ყველაზე ადრეული ხელოვნება ჭარბი წონის ქალის ილუსტრაციას ახდენს და ეს ყველაფერი ანტიკურ სამყაროში, სადაც ეს პრობლემა აქტუალური არ უნდა ყოფილიყო", — ამბობს კოლორადოს უნივერსიტეტის სამედიცინო მკვლევარი, რიჩარდ ჯონსოსნი.
ახალ კვლევაში ჯონსონი და მისი კოლეგები ქანდაკებების ჭარბი წონის ალტერნატიულ ახსნას გვთავაზობენ. მათი თქმით, ქანდაკებები არ არის სექსუალობის სიმბოლო, ესაა გადარჩენის სიმბოლო.
მკვლევრებმა ათეულობით ასეთი ფიგურა ჭარბი წონის ნიშნებით გაანალიზეს და ეს ყველაფერი სხვადასხვა პერიოდის მიხედვით. მათ გაზომეს ქანდაკებების წელი-თეძოსა და წელი-მხრის კოეფიციენტები. ეს ზომები იმის მიხედვით შედარდა, თუ სად იყო ისინი აღმოჩენილი. ამასთან, მკვლევარებმა გამოთვალეს თუ რამდენად იყო ეს ადგილები ანტიკურ მყინვარებისგან დაშორებული. ამ გამოთვლებმა ძალიან საინტერესო კავშირი აჩვენეს.
მნიშვნელოვანია, რომ ფიგურების შექმნის პერიოდი კლიმატის ცვლილების უკიდურეს მომენტებს ემთხვევა. ეს ის პერიოდებია, როდესაც გამყინვარება ხდებოდა.
მკვლევარების თქმით, ეს ქანდაკებები გაჭირვების ფონზე იქმნებოდა და პირდაპირ დაკავშირებული იყო გამყინვარებასთან.
"ამ პერიოდში ადამიანები საშინელი გამყინვარების მსხვერპლნი იყვნენ. გამყინვარება იწვევდა საკვების შემცირებას, რეგიონალურ გადაშენებასა და მოსახლეობის შემცირებას", – განმარტავენ მკვლევრები და ხაზს ამ უცნაურ ურთიერთქმედებას უსვამენ.
"რაც უფრო დაშორებულია მყინვარი, სხეულების ჭარბი წონაც უფრო მცირდება. ხოლო, სხეულის ზომის პროპორციები ყველაზე დიდია სწორედ იმ პერიოდში, როდესაც გამყინვარება მძვინვარებდა. გამყინვარების შემცირებასთან ერთად, ქანდაკებების ზომაც მცირდება", — ნათქვამია კვლავაში.
მკვლევრები თავის ჰიპოთეზაში ამბობენ, რომ ვენერას ქანდაკებები გადარჩენის სიმბოლოს ატარებდნენ, ხოლო გამყინვარებისა და შიმშილის პერიოდში, ეს გამოიხატება ჭარბ წონაში. მათი თქმით, დიდი სხეულები უკეთესად უძლებდნენ შიმშილს და მკაცრ სიცივეს.
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წინაპრები სხეულის ასეთ ფორმებს შთამომავლებს გადასცემდნენ და მას სხეულის იდეალად წარმოჩენდნენ", — ამბობს ჯონსონი.
სავარაუდოა, რომ ჭარბწონიანი ქალები ორსულობის გადატანასაც უკეთ შეძლებდნენ და ბავშვებს ძუძუთიც კარგად გამოკვებავდნენ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი და საინტერესო არგუმენტებია, თუმცა, არქეოლოგების საზოგადოებაში ამ დასკვნას ჯერ ყველა არ ეთანხმება.
მიუხედავად ამისა, თუ მკვლევრები მართლები არიან, გამოდის, რომ "ვენერას ქანდაკებებს" კიდევ უფრო დიდი როლი ჰქონდათ, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი.
"ამ პერიოდის განმავლობაში, ფიგურები წარმოიშვა, როგორც იდეოლოგიური ინსტრუმენტი, რაც ხელს შეუწყობდა დედისა და ახალშობილების ნაყოფიერების გაუმჯობესებას და გადარჩენას", — ნათქვამია კვლევის დასკვნაში.
კომენტარები