მკვლევრები თანხმდებიან, რომ COVID პანდემიის პირობებში ნიღბების ტარება ძალიან მნიშვნელოვანია და კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საკმაოდ ეფექტურიც.

თუმცა, მიუხედავად ამისა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც, ბევრი ამ მოსაზრებას არასწორად მიიჩნევს და ნიღბის ტარების შესახებ მიღებულ ახალ კანონსაც არ ემორჩილება. მოსახლეობის მხრიდან ყველაზე აქტიურ დაუმორჩილებლობას კი აშშ-ში ვხედავთ, სადაც მოწინააღმდეგეთა პროტესტი უკვე მთელ ქვეყანას მოედო. ეს ადამიანები ცდილობენ საჯარო ადგილებში ნიღბის გარეშე შეჭრას, ეს ყველაფერი კი იმის ფონზე ხდება, რომ აშშ-ში COVID-19-ის გავრცელებამ საკმაოდ მწვავე სახე მიიღო და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში ლიდერს წარმოადგენს.

სწორედ ეს გახდა იუთუბერი ალენ პენის შთაგონების წყარო. მან ცოტა ხნის წინ შექმნა თოფის მსგავსი მოწყობილობა, რომელიც სამიზნეს პირდაპირ სახეში ესვრის ნიღაბს.

პენი მარჯვე გამომგონებელია, რომელმაც სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის, მათ შორის ცეცხლსასროლების, პლაზმისპირიანი იარაღის, სპაიდერმენის სტილის ქსელსასროლისა თუ პნევმატური ნიღაბმსროლით გაითქვა სახელი. ეს უკანასკნელი კი საოცრად ჰგავს ცეცხლსასროლ იარაღს, განსხვავება კი ისაა, რომ მას ადამიანისთვის ზიანი არ მოაქვს.

"ეს ფაქტების სამყარო აღარაა", — ამბობს იგი თავის ვიდეოში. "ეს არის აზრისა და ემოციების სამყარო. და თუ არსებობს რაიმე, რაზეც კორონავირუსის ნიღბის ტარების მოწინააღმდეგეები ზრუნავენ, ეს არის აშშ-ს კონსტიტუციის მეორე შესწორება იარაღის ტარების უფლების შესახებ". (ეს შესწორება ძალაში 1971 წლის 15 დეკემბერს შევიდა).

პენის მოწყობილობაში ნიღბის თასმები მიმაგრებულია 4 მაგნიტზე, რომლებიც სახეზე მიმაგრების შემდეგ ერთმანეთს მიიზიდავენ, ნიღბის შიდა მხარე წებოვანია, რათა კარგად მიემაგროს ადამიანის სახეს.

პირველად პენმა პნევმატური იარაღი მანეკენებზე გამოსცადა, შემდეგ კი საკუთარ თავზე. ბოლოს იგი ჰანტინგტონის სანაპიროსკენ გაემართა, კალიფორნიაში — სადაც ნიღბის ტარების ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე იყრის თავს — რათა ხალხისთვის თოფის გამოყენება შეეთაავზებინა და მისი გამოცდის შანსი მიეცა.