Apple-ის M1 ჩიპსა და ARM არქიტექტურაზე მომუშავე პირველი მაკბუქი გამოვიდა
Apple-ისთვის ახალი ერა დაიწყო. კომპანიამ ახალი 13 ინჩიანი Macbook Pro გამოუშვა, რომელსაც ახალი M1 პროცესორი აქვს. Apple-ში ამბობენ, რომ მას "მსოფლიოს ყველაზე სწრაფი CPU ბირთვი" და ყველაზე სწრაფი ინტეგრირებული გრაფიკა აქვს. ნოუთბუქის საწყისი ფასი კი 1 299 $-ია.
მოვლენა მნიშვნელოვანია, რადგან ამიერიდან, Apple Intel-თან თანამშრომლობის გაწყვეტის გზაზე უფრო ცხადად დგას და საკუთარ მოწყობილობებში, საკუთარი წარმოების პროცესორებს იყენებს. კომპანიის თქმით, ეს მათ ლეპტოპებს უფრო სწრაფ და ხანგრძლივ მუშაობაში დაეხმარება. შესაბამისად, Apple-ს მომხმარებლისთვის უკვე საკუთარი წარმოების პროცესორებით აღჭურვილი, უფრო სწრაფი, მძლავრი და გამძლე ელემენტის მქონე პროდუქციის შეთავაზება შეუძლია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სრულად ARM არქიტექტურასა და საკუთარი წარმოების ჩიპებზე გადასასვლელად, Apple-ს ორი წელი მაინც დასჭირდება, M1 პროცესორზე მომუშავე Macbook Pro კი ამ ორწლიანი პროცესის პირველი ნაბიჯია.
ახალი Macbook-ები macOS 11 Big Sur-ის ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებენ. ცვლილებებზე მორგებული ოპერაციული სისტემა უფრო სწრაფად მუშაობს. Apple-ში ამბობენ, რომ ახალი 13 ინჩიანი Macbook Pro, წინა თაობის კომპიუტერებთან შედარებით, 2,8-ჯერ სწრაფია.
Macbook Air-ის ბოლო მოდელისგან განსხვავებით, პროს გამაგრილებელი სისტემა Touch Bar-თან და 4 Thunderbolt პორტთან ერთად შენარჩუნებული აქვს. კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ ახალი ლეპტოპის ბატარეა წინა მოდელთან შედარებით 10 საათით მეტს ძლებს.
Arm არქიტექტურა ძირითადად ულტრაბუკებში, მაგალითად Lenovo Flex 5G-ში, Samsung Galaxy Book S-ში და Surface Pro X-ში გამოიყენებოდა. აქამდე არცერთ კომპანიას არ შეუქმნია Arm-ზე მომუშავე ისეთივე მძლავრი ლეპტოპი, როგორც Apple-ის ახალი Macbook Pro-ა.
კომპანიამ საკუთარ ჩიპებზე გადასვლის შესახებ Apple-ის ბოლო ღონისძიებაზე განაცხადა. ჯერ კიდევ ივნისში, Apple აჩვენებდა, რამდენად სწრაფად მუშაობს ახალ ჩიპზე ისეთი პროგრამები, როგორიცაა ფოტოშოპი და Lightroom. მიუხედავად ამისა, ეს აპლიკაციები ახალი ლეპტოპისთვის ჯერ ხელმიუწვდომელია. ფოტოშოპი M1 ჩიპზე მომუშავე ლეპტოპებისთვის შემდეგ თვეს გამოვა, Lightroom კი 2021 წელს.
მიუხედავად ამისა, Apple-ის აპლიკაციები, Final Cut Pro და Logic, ახალ სილიკონის ჩიპზე მომუშავე ლეპტოპებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ამის გარდა, ახალი Macbook Pro სრულად ოპტიმიზებულია iOS და iPad აპლიკაციებისთვის.
Apple-ის ამჟამინდელი Pro სერია წინა მოდელებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება იმიტომ, რომ ის ახალი ტიპის ჩიპებს იყენებს, რომელიც iPhone-ის და iPad-ის ჩიპების მსგავს არქიტექტურულ საფუძველს ეყრდნობა.
Arm-ზე დაფუძნებული ჩიპების წარმატება ისეთ ლეპტოპში, რომელიც მაღალ ფუნქციურობაზეა გათვლილი, გარანტირებული არ არის. პროფესიონალური მოთხოვნილებები Apple-მა მანამდე, 2015 წლის Mac Pro-ში ძალიან არასწორად განსაჯა, რის გამოც კომპანიამ კრიტიკა დაიმსახურა. შესაძლოა, რომ ახალ Macbook Pro-ს იგივე ბედი ეწიოს.
ახალი Macbook Pro ერთადერთი ლეპტოპი არ იქნება, რომელიც M1 ჩიპზე იმუშავებს. კომპანია გეგმავს, რომ იგივე ჩიპით Macbook Air და Mac Mini გამოუშვას.
კომენტარები