გამოავლინეს პრეისტორიული გიგანტური რვაფეხა, რომელიც 19 მეტრამდე იზრდებოდა
ფოტო: Yohei Utsuki
ცარცულ პერიოდში დედამიწაზე არაერთი უზარმაზარი მტაცებელი ბინადრობდა. მათ შორის იყვნენ პრეისტორიული რვაფეხებიც, რომელთა ნამარხებიც მიუთითებს, რომ მათი სიგრძე 19 მეტრამდე აღწევდა. ამასთან, შესაძლოა, ისინი ზღვის ისეთ "ურჩხულებს" ჭამდნენ, როგორებიც მოზაზავრები და პლეზიოზავრები იყვნენ.
თუ ამ პერიოდში ერთ დროსა და რეგიონში ხმელეთზე 1-2 გიგანტური მტაცებელი გვხვდებოდა, წყალში სხვა ვითარება იყო. განსაკუთრებით ეს აღმოსავლეთ ატლანტის ოკეანეში შეიმჩნეოდა, რადგან დედამიწაზე ასტეროიდის ჩამოვარდნამდე იქ 10-ზე მეტი სახეობის შემზარავი, მოზრდილი ზომის მტაცებელი ცხოვრობდა. ჯერ კიდევ უცნობია, როგორ ნარჩუნდებოდა ბალანსი ამ პირობებში, თუმცა მტაცებლების რიგში პირველობის მოსაპოვებლად ეს გიგანტები დიდი ხანი იბრძოდნენ.
ადამიანთა უმეტესობას, ალბათ, ცარცული ეპოქის წყლის ისეთი ბინადრები წარმოუდგენია, როგორიც ზვიგენები ან რეპტილიებია. ამის მიუხედავად, უხერხემლოები ასეთ ცხოველებზე უფრო დიდები იზრდებოდნენ, მაგრამ მათ გვერდით შეიძლება არ იყვნენ გავრცელებულნი.
აღსანიშნავია, რომ რვაფეხების ნამარხები ძვლების არქონის გამო იშვიათობაა. თუმცა მათი ყბები შედარებით მყარი იყო. მეცნიერებმა 27 ასეთი ნიმუში შეისწავლეს და ისინი 2 სახეობას მიაკუთვნეს: Nanaimoteuthis jeletzkyi-სა და N. haggarti-ს. ყბის ზომის მიხედვით, მეორე მათგანი 7-19 მეტრამდე იზრდებოდა, რაც, სავარაუდოდ, მას ყველაზე დიდ უხერხემლო ცხოველად აქცევს. შედარებისთვის, მოზაზავრების ზომა 17 მეტრს აღწევდა, პლეზიოზავრებისა კი — 12-ს.
მართალია, საცეცები და სხეულის დანარჩენი ნაწილის ნამარხები იშვიათია, თუმცა არსებული ნიმუშებით დაასკვნეს, რომ ამ ცხოველს საკმაოდ წაგრძელებული ფორმა ჰქონდა. კერძოდ, ყველაზე დიდი ნამარხის მხოლოდ ე.წ. მანტია (რომელშიც ორგანოებია) 4.4. მეტრი სიგრძის იყო.
საინტერესოა, რომ ყბებზე მნიშვნელოვანი ცვეთა შეინიშნება და ახალგაზრდა ინდივიდების ყბები უფრო "ბასრია". ეს მიუთითებს, რომ მათი დიეტა ნიჟარებისა და ძვლებისგანაც შედგებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ცვეთა უფრო მეტად ერთ მხარეს ფიქსირდება, ანუ N. haggarti კვებისას გარკვეულ სტრატეგიას მიმართავდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რვაფეხები ჭკვიანი არსებები არიან.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ სახეობამ, როგორც უხერხემლო მტაცებელმა, იმ რეგიონის მაშინდელ კვებით ჯაჭვზე დიდი გავლენა იქონია. მათ მიერ შესწავლილი რვაფეხები სხვებზე 5 მილიონი წლით ძველია, მაგრამ ფიქრობენ, რომ კიდევ უფრო ადრეული ნამარხებიც არსებობს, რომლებიც ჯერ არ აღმოუჩენიათ.
ავტორების თქმით, თავფეხიანთა კლასი (რომელშიც რვაფეხები შედიან) უდიდესუ ხერხემლიანი მტაცებლების პარალელურად განვითარდა. ორივეს ევოლუციის შემთხვევაში დამცავი მყარი გარსი დროთა განმავლობაში გაქრა, სხეულის ზომა საგრძნობლად გაიზარდა, ცურვის უნარები და გონებრივი შესაძლებლობები კი გაუმჯობესდა.
ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები