კაცები ნადირობდნენ, ქალები შემგროვებლობით კავდებოდნენ — ჩვენი პრეისტორიული წინაპრების შესახებ, ეს ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა.

თუმცა, ანდების მთათა სისტემაში 9 000 წლის წინ იარაღებთან ერთად დამარხული ქალის აღმოჩენამ და ამერიკის კონტინენტზე არსებული სამარხების ანალიზმა, შესაძლოა, ჩვენი წარმოდგენები შეცვალოს.

მიჩნეულია, რომ 9 000 წლის წინ დამარხული ქალი, სიკვდილისას 17-19 წლის იყო და მის აკლდამაში ანთროპოლოგებმა სანადირო იარაღები იპოვეს: დანა, სპეციალური შუბები და გათლილი ქვები.

"შრომითი საქმიანობა ახლო წარსულის შემგროვებელ-მონადირე ტომებში სქესის მიხედვით ხშირად იყოფა, რაც ბევრს შეიძლება წარმოდგენას უქმნის, რომ თანამედროვე სექსისტური უთანასწორობები ანაზღაურებასა და თანამდებობებში, ბუნებრივია", — ამბობს კვლევის თანაავტორი რენდი ჰაასი. "თუმცა, ახლა ნათელია, რომ პრეისტორიულ მონადირე-შემგროვებელ ტომებში, შრომის გაყოფა გენდერულად უფრო დაბალანსებული იყო".

ახალგაზრდა ქალის ნამარხი პერუში 2018 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერებმა სქესი ჩონჩხში და კბილებში არსებული ცილების ანალიზით დაადგინეს.

პრეისტორიულ აკლდამებში დამარხულ ადამიანებს ძირითადად იმ ნივთებს და იარაღებს აყოლებდნენ, რომლებსაც ისინი სიცოცხლეში იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არქეოლოგი ვარაუდობს, რომ იარაღებთან ერთად განამარხებული ქალები, თავის დროზე კაცებივით ნადირობნდნენ, ზოგი ამ იდეას მაინც სკეპტიკურად უყურებს.

მეცნიერებმა ჰოლოცენის და პლეისტოცენის დროინდელი 107 ნამარხი აღმოაჩინეს, რომლებიც 8 000-14 000 წლით თარიღდება. იარაღებთან ერთად დამარხული 27 ინდივიდიდან, 15 კაცი და 11 ქალი იყო. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქალების ნადირობაში ჩართულობა იშვიათი შემთხვევა არ ყოფილა.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.