წლევანდელი გრიპის სეზონი უნიკალური და განსაკუთრებით საფრთხილოა. მიმდინარე პანდემიის პირობებში, გრიპის სეზონისთვის დროული და ჯეროვანი მომზადება წელს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის, თუ როგორი ურთიერთობა ექნებათ გრიპის გამომწვევ ვირუსებსა და კორონავირუსს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ასეთ გაურკვევლობაში ვაქცინაცია სიცოცხლის გადამრჩენი საშუალებაა!

რადგანაც ჩრდილოეთ-ნახევარსფეროში ვცხოვრობთ, ჩვენთან გრიპის სეზონი შემოდგომის მიწურულს, ნოემბრიდან იწყება და იგი გაზაფხულამდე გრძელდება. ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმს საშუალოდ 2-3 კვირა სჭირდება, სანამ ანტისხეულებს გამოიმუშავებს. აქედან გამომდინარე, გრიპზე ასაცრელად ყველაზე უფრო მოსახერხებელი პერიოდი ოქტომბრის შუა რიცხვები გახლავთ.

წელს საქართველოს მთავრობა რისკჯგუფებში მყოფი მოქალაქეებისათვის 250 ათას გრიპის ვაქცინას შეისყიდის. ეს წინა წლების მონაცემებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია. ოქტომბრის თვის შუაში ქვეყანაში განსაკუთრებული რისკ-ჯგუფებისთვის (ორსულები, ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები, ბავშვთა სახლის ბინადრები, საბავშვო ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, აივ ინფიცირებულები, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტები და დიალიზზე მყოფი ადამიანები) განკუთვნილი გრიპის 25 ათასი ვაქცინა შემოვიდა და იმუნიზაციის პროცესიც დაიწყო, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არც ისე წარმატებულად — ჯამში მხოლოდ 3 000-დან 3 500-მდე ადამიანი აიცრა.

ოქტომბრის თვის ბოლოს, ქვეყანაში დამატებით გრიპის 77 ათასი ვაქცინა შემოვიდა, რის შემდგომაც უფრო ფართო რისკჯგუფების (სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დიაბეტიანი პაციენტები და 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული, გულსისხლძარღვთა და ფილტვების ქრონიკული-ობსტრუქციული დაავადებები აწუხებთ) იმუნიზაციის პროგრამა ამუშავდა.

რაც შეეხებათ რისკის ჯგუფს მიღმა მყოფ ადამიანებს, მათ სააფთიაქო ქსელსა და კლინიკებში უნდა ეძიონ ვაქცინა. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კერძო სექტორს წელს 40-50 ათასი გრიპის ვაქცინის შემოტანა აქვს დაგეგმილი.

ჩვენ ვეცადეთ, კერძო სექტორში გაგვერკვია, თუ როდის ელოდებიან გრიპის ვაქცინის გამოჩენას

ჯპს / GPC

აფთიაქის ცხელ ხაზზე (032 2 71 07 07) განგვიმარტეს, რომ ოქტომბრის დასაწყისში მათ ქსელში გასაყიდად უკვე ჰქონდათ გრიპის სამკომპონენტიანი ვაქცინა (ინფლუვაკი), რომელიც რამდენიმე დღეში ამოიწურა. ამჟამად ისინი ყოველდღიურ რეჟიმში, 10 ნოემბრამდე ელოდებიან ოთხკომპონენტიანი ვაქცინის (ვაქსიგრიპი) მიღებას.

ფარმადეპო

"ფარმადეპოს" ცხელ ხაზზე (032 2 40 00 04) აღნიშნეს, რომ წელს ვაქცინა გასაყიდად არ ჰქონიათ შემოტანილი და ზუსტად არ იციან, ამ მიმართულებით მომავალში რამე თუ შეიცვლება. თუმცა, "ფარმადეპო" და ჯპს ერთი სააქციო საზოგადოების, "გეფას" სავაჭრო მარკებია. ეს უკანასკნელი მედიკამენტებით ამარაგებს ჯპს-ს და მის ექსპრეს-კლინიკებსაც. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ თუ "ფარმადეპოს" ქსელში გრიპის ვაქცინა გამოჩნდება, იგი ასევე ოთხკომპონენტიანი ფრანგული ვაქსიგრიპი იყოს.

პსპ / PSP

პსპ-ს აფთიაქების ცხელ ხაზზე (032 2 40 20 20) გვითხრეს, რომ წელს გრიპის ვაქცინა გასაყიდად შემოტანილი არ ჰქონიათ. შესაბამისად, არც ამჟამად აქვთ რამე და ვერც იმას ამბობენ ზუსტად, უნდა ველოდოთ თუ არა მათ ქსელში წელს გრიპის ვაქცინას.

იმპექსი / Impex

პსპ-ს მსგავსი პასუხი ჰქონდათ "იმპექსის" ცხელ ხაზზეც (032 2 31 31 00), თუმცა, მათ იქვე აღნიშნეს, რომ თუ ქსელი ვაქცინას შემოიტანს, სავარაუდოდ, ამის შესახებ რეკლამით შევიტყობთ.

ავერსი

"ავერსის" სააფთიაქო ქსელის ცხელ ხაზზე (032 2 90 08 00) დაგვიკონკრეტეს, რომ როცა მათ, ამ ეტაპზე, საცალო გაყიდვისთვის განკუთვნილი ვაქცინა არ აქვთ და უფრო დეტალური ინფორმაციისთვის თავიანთ კლინიკაში (032 2 50 07 00) გადაგვამისამართეს. მათგან შევიტყვეთ, რომ ისინი გრიპის ფრანგულ, ოთხკომპონენტიან ვაქცინას ყოველდღიურ რეჟიმში ელოდებიან. როგორც განგვიმარტეს, "ავერსის" კლინიკაში სექტემბრის ბოლოს ჰოლანდიური, სამკომპონენტიანი ვაქცინაც ჰქონდათ, რომელიც რამდენიმე დღეში ამოეწურათ.

იგივე კითხვებით მივმართეთ კლინიკებსა და პოლიკლინიკების კერძო ქსელებსაც.

ევექსი

"ევექსის" ცხელ ხაზზე (032 2 55 05 05) აგვიხსნეს, რომ კომერციული, სამკომპონენტიანი ინფლუვაკის ვაქცინა 1 ოქტომბერს ჰქონდათ და იმუნიზაციის პროცესმა მხოლოდ რამდენიმე დღე გასტანა. ამ ეტაპზე, კომერციული მარაგები ცარიელი აქვთ და ვერ აკონკრეტებენ, უნდა ველოდოთ თუ არა მათ შევსებას. ამჟამად, კლინიკაში გრიპის ვაქცინით აცრა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს შეუძლიათ.

კურაციო

კლინიკა "კურაციოში" (032 2 43 01 01) გვითხრეს, რომ გრიპის ვაქცინები წელს არ შემოუტანიათ და შესაბამისად, არც ამჟამად აქვთ. სამომავლო გეგმის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მათ ვერ მოგვცეს.

მედისონი

პოლიკლინიკების ქსელის "მედისონი" ცხელ ხაზზე (032 2 47 06 06) აღნიშნეს, რომ ამჟამად მხოლოდ სახელმწიფო პროგრამით შესყიდული გრიპის ვაქცინები აქვთ, რომლითაც რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს ცრიან. მათი განცხადებით, კომერციული, სამკომპონენტიანი ვაქცინა უკვე ჰქონდათ შემოტანილი, მაგრამ გაზრდილი მოთხოვნის გამო, მალევე დაუმთავრდათ. "მედისონი" კომერციული, ოთხკომპონენტიანი ვაქცინის შემოტანას 10 ნოემბრიდან გეგმავს.

სამედიცინო ცენტრი "ციტო"

სამედიცინო ცენტრის "ციტო" ცხელ ხაზზე (032 2 29 06 71) განგვიმარტეს, რომ აქამდე სამკომპონენტიანი გრიპის ვაქცინა კი ჰქონდათ, მაგრამ მარაგი უკვე ამოწურულია. 10-15 ნოემბრისთვის შევსება იგეგმება, მაგრამ კონკრეტულად რა ვაქცინით, ამის შესახებ მათ დამატებით ვერაფერი გვითხრეს.

პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრი

პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრთან (032 2 39 21 49) დაკავშირება მთელი დღის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ.


როგორც ხედავთ, გრიპის ვაქცინის შემოტანის კონკრეტულ ვადებსა და ფასზე ვერც ერთი სააფთიაქო ქსელი თუ კლინიკა ვერ გვესაუბრება. ამიტომაც, მის დროულად მოსაპოვებლად და ასაცრელად რეგულარულად დაუკავშირდით შესაბამის ცხელ ხაზებს.