რა გავლენა აქვს ენას აზროვნებაზე — კვლევა

ფოტო: Jiri Studnicky/Getty Images
ისეთი მარტივი წინადადების გააზრება, როგორიცაა "გუშინ ეს სტატია წავიკითხე", სინამდვილეში საკმაოდ რთულ კონცეპტუალურ გამოთვლებს საჭიროებს: სუბიექტმა განახორციელა მოქმედება ობიექტზე რაღაც კონკრეტულ დროს, მაგრამ ადამიანის ტვინი ენის გრამატიკულ წესებზე დაყრდნობით ამ ყველაფრის გაკეთებას თითქმის წამებში ახერხებს. ლინგვისტური მეცნიერების სპეციალისტი ანდრეა მარტინი ნიდერლანდების მაქს პლანკის ფსიქოლინგვისტიკის ინსტიტუტიდან მის ჯგუფთან ერთად ამ საკითხს იკვლევს. მეცნიერებმა ახლახან დაადგინეს, რომ ადამიანის ტვინი ენის გრამატიკული განსხვავებების გათვალისწინებით იცვლის წინადადების დამუშავებისა და გააზრების მეთოდს.
ჟურნალ PLOS Biology-ის ახალ ნაშრომში, მკვლევრებმა ნიდერლანდურად მოლაპარაკე მონაწილეების ტვინის ტალღების ცვლილებები შეისწავლეს. დაკვირვება იმ დროს მიმდინარეობდა, როდესაც მონაწილეები ნიდერლანდურ აუდიოწიგნებს უსმენდნენ. ამ მონაცემების ვიზუალიზაციისთვის მეცნიერებმა გამოიყენეს მეთოდი, რომელიც ითვლის რამდენჯერ გააკეთა ტვინმა "წინასწარი ვარაუდი" იმის შესახებ, თუ რომელი სიტყვა შეიძლება მოდიოდეს შემდეგ. ეს მეთოდი შემდეგ სამ განსხვავებულ გრამატიკულ მოდელს — ე.წ. "პარსინგის სტრატეგიებს" შეადარეს, რომლებიც ტვინის მიერ ინფორმაციის დაგროვების პროცესს აღწერს.

ფოტო: acutrans.com
ადრე ჩატარებული ინგლისურენოვანი კვლევების შედეგებმა იმ სტრატეგიას მიანიჭეს უპირატესობა, რომლის მიხედვითაც მსმენელები თითოეული ფრაზის ინტერპრეტაციამდე მის დასრულებას ელოდებიან, მაგრამ მარტინის კვლევაში მონაწილე ნიდერლანდელებს ცალსახად ე.წ. "წინასწარმეტყველებითი მოდელი" ერჩივნათ. ამ მოდელის მიხედვით, მონაწილე იქამდე ასრულებს ფრაზებს გონებაში, სანამ მას სრულად მოისმენს.
"ნიდერლანდური ენის სტრუქტურაში ზმნები ზოგჯერ წინადადების ბოლოში გვხვდება და არა სუბიექტის შემდეგ, როგორც ეს ინგლისურშია. მაგალითად წინადადებას — "შოკოლადიანი ფუნთუშა შევჭამე" ნიდერლანდურად შემდეგი სტრუქტურა ექნება: "ფუნთუშა შოკოლადით შევჭამე". ამ შემთხვევაში, თქვენს ტვინს ზმნის გამოსაცნობად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება", — განმარტავს კვლევის წამყვანი ავტორი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პოსტდოქტორანტი კას კუპმანი.
კუპმანი დასძენს, რომ არცერთი მოდელია სხვაზე უკეთესი ან უარესი, ის უბრალოდ იმ ენაზეა მორგებული, რომელზეც კონკრეტული ადამიანი მეტყველებს. როგორც ჩანს, ამ მხრივ ადამიანები საკმაოდ მოქნილები ვართ.
ჰონგ-კონგ სითის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის სპეციალისტი ჯისინგ ლი ამბობს, რომ მიღებული მიგნებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უფრო მრავალფეროვანი ენობრივი მონაცემების დამუშავების საჭიროებას. მისი საკუთარი კვლევებიც აჩვენებს, რომ სხვადასხვა ლინგვისტური წესების მქონე ენებზე საუბრისას ტვინის განსხვავებული უბნები აქტიურდება. მისი თქმით, თუკი მსგავსი კვლევები მხოლოდ ინგლისურად მოსაუბრე მონაწილეებზე ჩატარდება, ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოგვეპარება. ასე რომ, ლინგვისტიკაშიც ისევე როგორც ალბათ ყველა სხვა მეცნიერებაში, გლობალიზაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.
"ტვინის რეაქციის შესწავლაში მონაწილეთა მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას უკეთ აღვწეროთ, როგორ იაზრებს ტვინი ენის სტრუქტურულ მნიშვნელობებს და ენის სოციალურ ფუნქციებს. ტვინში ჯერ კიდევ უამრავი რამ არის შესასწავლი", — ამბობს მარტინი.
კომენტარები